კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დიდველას მოსახლეობამ გზა გადაკეტა

19 დეკემბერი, 2012

მარი ტაბიძე, ბაღდათი

16 დეკემბერს ბაღდათის რაიონის სოფელ დიდველაში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გზა გადაკეტეს. ისინი სოფლის გზის საფარის რეაბილიტაციას ითხოვენ, სადაც შპს „საქმილმშენი“ სამუშაოებს დღემდე აწარმოებს.

კომპანია დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელი ბუნებრივი აირის  მილების შეცვლას ამ ტერიტორიაზე თვენახევარია აწარმოებს. ამიტომ სოფელში სისტემატიურად გადაადგილდება როგორც მსუბუქი ავტომანქანები ასევე მძიმე ტექნიკა.
 
სოფლის მცხოვრებლები გზის გაფუჭებას მძიმე ტექნიკის გადაადგილებას უკავშირებენ. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ წლების მანძილზე მიმდინარე სხვადასხვა სახის პროექტების განხორციელებისას წარმოებულმა სამუშაოებმა სოფლის გზა მწყობრიდან გამოიყვანა.

„ჩვენ სოფლის გზის საფუძვლიან შეკეთებას ვითხოვთ, რადგან  დაუმთავრებელი სამუშაოების გამო, გზა მთლიანად განადგურდა. სოფელში სასწრაფო დახმარების მანქანაც კი ვერ შემოდის ნორმალურად და ესეც რომ არ იყოს, ხალხს გადაადგილება გვიჭირს. წვიმიან და თოვლიან ამინდში კი ტრანსპორტი ფაქტიურად ვერ მოძრაობს. ბაზარში ვერ მივდივართ, რადგან უგზოობის გამო ნაყიდი პროდუქტი სახლამდე ვერ მიგვაქვს“, - აცხადებს ნათელა ღვალაძე.

აღნიშნული გზის რეაბილიტაციის მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 27 ათასი ლარი გამოიყო, მაგრამ ეს თანხა შესასრულებელი სამუშაოებისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა და ამ კუთხით მდგომარეობა უცვლელი დარჩა. მოსახლეობა ბაღდათის რაიონის სოფელ დიდველის რწმუნებულს თანხის არამიზნობრივად ხარჯვაში ადანაშაულებენ. ისინი აცხადებენ, რომ ყველა პირს პროკურატურაში მოუწევს პასუხისგება და დეტალურად მტკიცება, სად და როგორ დაიხარჯა გამოყოფილი თანხა.

ბაღდათის რაიონის სოფელ დიდველის რწმუნებული მურად ლაბაძე ამბობს: „სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში ეს გზა შერემონტდა. ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მუნიციპალიტეტის გამგეობაში დევს. თუმცა ვეთანხმები იმას, რომ ეს თანხა საკმარისი არ იყო გზის სრული რეაბილიტაციისთვის. პირადად მე, როგორც სოფლის რწმუნებულს თანხასთან შეხება არ მქონია და ვერც მექნებოდა კანონიდან გამომდინარე“.

აქციაზე შპს „საქმილმშენის“ მთავარი ინჟინერიც იმყოფებოდა. მერაბ ხელაძის განცხადებით, „ბუნებრივი აირის მილების მშენებლობა სრულად როცა დასრულდება, გზის შეკეთებაც მაშინ დაიწყება. თუმცა, ორი დღეა აქციის გამო მუშაობა შეჩერებულია. ჩვენ არაფერ შუაში ვართ, რადგან სახელმწიფოს დაკვეთას ვასრულებთ. ამ სოფლის მოსახლეობას კი წლების მანძილზე პირდებოდნენ გზის მშენებლობას, მაგრამ მოატყუეს. ახლა კი სოფლის მცხოვრებლები იყენებენ ამ სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტს და მუშაობის გაგრძელების საშუალების მოცემის სანაცვლოდ გზის აღდგენას ითხოვენ. ეს რამდენად მოსახერხებელია საერთო საქმისთვის, ვერ გეტყვით“.

 აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ „საქ. მილ. მშენის“ მუშებს დაწყებული სამუშაოს გაგრძელების უფლებას ადგილობრივი მოსახლეობა მანამ არ მისცემს, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

ახალი ამბები