01:45, Sunday, 20.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობა განახლდა

26.12.2012

მარი ტაბიძე, წყალტუბო

 
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონის კალაპოტში ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობა განახლდა. თუმცა, კონკრეტულად ვინ ასრულებს აღნიშნულ სამუშაოს ამ დრომდე ადგილობრივებისთვის უცნობია. (რადიო თავისუფლების ფოტო)

პროექტის მიხედვით, ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადი სამი კაშხლისგან შედგება. ესენია: ტვიშის, ნამახვანისა და ჟონეთის ჰიდროელექტროსადგურები. კაშხლების საპროექტო ტერიტორია მდინარე რიონზე ლაჯანურისა და გუმათის ჰიდროელექტროსადგურებს შორის მდებარეობს. პროექტის საერთო სიმძლავრე 250 მვტ-ია. ტვიშის კაშხლის მშენებლობა სოფელ ტვიშისა და გონის მასივის ზედა ნაწილში იგეგმება - მდინარე რიონის ვიწრო ნაწილზე, სოფელ ნამახვანიდან 3 კილომეტრის დაცილებით, ხოლო ჟონეთისა - სოფელ ჟონეთის ზევით მდინარე რიონის შედარებით ფართო ნაწილზე.

სოფელ მექვენისა და დერჩის მცხოვრებლები, ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის განახლებას  აპროტესტებენ. „ჩვენ ძირითადად სოფლის მეურნეობის სამუშაოებს ვაწარმოებთ. ამხელა კაშხლის მშენებლობა ჩვენს მიწაზე ზეგავლენას მოახდენს და მოსავალი ფაქტობრივად არ მოვა. ხე არ გაიზრდება და სინესტე დაგვახრჩობს დიდს და პატარას და მეტი პრობლემა რა გინდათ, რომ დავასახელოთ?! იქნებ, ვინმემ მოგვხედოს და ჩვენი აზრიც გაითვალისწინონ“, - აცხადებს სოფელ დერჩში მცხოვრები ლევან სიმსივე.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ ჰესის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობამ შესაძლოა, გაზარდოს მეწყრებისა და ეროზიის წარმოქმნის ალბათობა. გარდა ამისა, კაშხალი ზემოქმედებას მოახდენს რეგიონის მიკროკლიმატზე. მეტიც, გარემოს დაცვის ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ კლიმატის ცვლილებამ შესაძლოა, გამოიწვიოს მოსახლეობის იძულებითი განსახლება, რადგან კაშხლის მშენებლობა უარყოფითად იმოქმედებს საარსებო საშუალებებსა და პირობებზე.

გიგანტური ჰესის მშენებლობას არ ეთანხმება იმერეთის აგრო-ეკოლოგიური ასოციაციაც. პროფესორ როზა ლორთქიფანიძის განცხადებით, „აქ არის მცოცავი ქანები, რომელიც არ არის შესწავლილი და ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა დარჩენილი. ჰესის მშენებლობა საშიშროებას უქმნის არა მარტო წყალტუბოს სოფლებს, არამედ ქუთაისსაც და მთლიანად იმერეთის რეგიონსაც. ჩვენ ვითხოვთ, რომ კაშხლის მსენებლობის ყველა დეტალი სპეციალისტებმა და ექსპერტებმა საფუძვლიანად შეისწავლონ და ყველა უარყოფითი ფაქტორი გამორიცხონ. ჩვენი მოსაზრებები ახლომდებარე სოფლის მცხოვრებლებს გავაცანით, რადგან მათ აქვთ უფლება, იცოდნენ, რა გარემოში მოუწევთ ცხოვრება. ასევე, ამ კაშხლის მსენებლობით  განადგურება ემუქრება რიონის ხევის უნიკალურ ტყეს“.
ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობაზე უარყოფითი წარმოდგენა აქვთ ღვინის კლუბის წევრებს, რომლებიც აცხადებენ, რომ კლიმატის მოსალოდნელი შეცვლის გამო, საფრთხე ექმნება ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, ტვიშის მიკროზონას.

როგორც აღმოჩნდა, ჰესის მშენებლობას წყალტუბოში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაწილიც აპროტესტებს.  „მე ყველანაირ  მშენებლობას მივესალმები, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს სოფლების და ინფრასტრუქტურის განადგურების ხარჯზე. ასევე არ უნდა ნადგურდებოდეს ბუნება და ეკოლოგიურ, ეკონომიკურ და სოციალურ ჭრილში უარეს შედეგებს არ უნდა ვიღებდეთ“, - აცხადებს საკრებულოს წევრი კახა ფანცხავა.

საკრებულოს წევრისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა საღარეიშვილს: „მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ემხრობა მშენებლობას და ელოდება კიდეც გადასახლებას. ამის დასტურია ის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლები შესაკეთებელი აქვს და შეგნებულად აღარ აკეთებენ, რადგან გადასახლებისთვის ემზადებიან. ამ ადამიანებს სურთ, ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს და შესაბამისი კომპესანცია მისცენ“.

წყალტუბოს გამგეობაში აცხადებენ, რომ  შესაბამისმა უწყებებმა კვლევები უკვე ჩაატარეს. გამგეობა ამ საკითხს ენერგეტიკის სამინისტროსგან დამოუკიდებლად ვერ გადაწყვეტს.

მშენებლობა თურქულ-კორეულ კომპანიას 2009 წლის 8 დეკემბერს დადებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე უნდა ეწარმოებია. მიმდინარე წლის თებერვალში კი ცნობილი გახდა, რომ ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტი ჯერ კორეულმა და შემდეგ თურქულმა კომპანიამ დატოვა. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესუსების სამინისტროში მხარეების მიერ პროექტის დატოვების მიზეზად მემორანდუმით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა დასახელდა. ამის შემდეგ კასკადის პროექტირებისათვის, მომარაგებისა და მშენებლობის მომსახურების შესაძენად ინტერესი 40-მა კომპანიამ გამოთქვა. ამჟამად მშენებლობა ვინ განაახლა, ხალხმა ჯერ არ იცის.


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC