11:21, Monday, 21.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

შეშის პრობლემა კონფლიქტის ზონის მოსაზღვრე სოფლებში

26.12.2012

ლევან სეფისკვერაძე, შიდა ქართლი

 
ცხინვალის რეგიონის მიმდებარე ქართული სოფლების მოსახლეობას ზამთრის მოსვლა განსაკუთრებულად 2008 წლის ომის შემდეგ აშინებს. სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებთან ერთად, საქართველოს იურისდიქცია კონფლიქტის ზონის ტყეებზეც აღარ ვრცელდება, რის გამო შიდა ქართლში მცხოვრებთა დიდი ნაწილი ზამთარში შეშის გარეშეა რჩება.

2008 და 2009 წლების ზამთრები, ადგილობრივმა გლეხებმა შედარებით ადვილად გადაიტანეს. 2008 წელს გერმანიის მთავრობამ სპეციალურად ცხინვალის რეგიონის ქართული სოფლებისათვის გამოყო გრანტი შეშის შესაძენად. 2009 წლის ზამთარში კი ადგილობრივები შეშით საქართველოს ხელისუფლებამ მოამარაგა. თუმცა, ბოლო სამი ზამთარია, კონფლიქტის ზონის მოსაზღვრე სოფლების მოსახლეობა სიცივეს საკუთარი ძალებითა და ხარჯებით უმკლავდება, რისი საშუალებაც ბევრს არა აქვს.

გოგი ბაშალაშვილი, სოფელ ხვითის მკვიდრი: „ომის შემდეგ ჩვენი ხეობის ტყეები ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის მოექცა და შეშის მოჭრა ზამთარში უკვე აღარ შეგვიძლია. ზოგიერთ სოფელში კი გაიყვანეს ბუნებრივი აირი, მაგრამ გაზის ფასი იმდენად ძვირია, ბევრმა ვერ გადაიხადა და ჩაუჭრეს. შეშას მეტწილად გორში ვყიდულობთ. არადა, 5–6 წლის წინ, გორელებს ჩვენგან მიჰქონდათ შეშა. ერთმა ოჯახმა ზამთარი რომ გადააგოროს, დაახლოებით 600–700 ლარის შეშა სჭირდება. ხალხი უმუშევარია და ამდენი ფული ზოგს თვალითაც არ უნახავს. ჭალაში რაც ხეები იყო, თითქმის სულ დაჭრა ხალხმა. ახლა ზოგი თავისი ეზოს ხის ღობეებსაც კი მიადგა. გაჭირვებამ ასე იცის“.

მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალის კონფლიქტი ჯერ კიდევ 90–იანი წლების დასაწყისში დაიწყო, აგვისტოს ომამდე, ეთნიკურად ქართველი გლეხები მაინც ახერხებდნენ დიდი ლიახვისა და მდინარე ფრონეს სათავეებთან ასვლას და შეშის ჩამოტანას. 2008 წლის ომის შემდეგ კი, ეს დიდ რისკთან არის დაკავშირებული. 

რეგიონში ტყის დიდი მასივებია, რომელთა შორის ყველაზე დიდია ჯავის ტყე, რომელიც რაჭამდე გრძელდება. დიდი ლიახვის ხეობის ზემო წელში ლიახვის ნაკრძალი მდებარეობს, რომელიც უნიკალური ფლორითა და ფაუნით გამოირჩევა. ფრონეს ხეობის სათავეებთანაა ე.წ. წვნელისის ტყე და ზნაურის ტყე, რომელსაც მეორე სახელად „უღრანასაც“ ეძახიან. პატარა ლიახვის ხეობაში მდებარე ტყის მასივი ახალგორის რაიონამდე გადადის და რუსეთის არმიის ინჟინრებმა სწორედ ამ ტყეში მიმავალი ერთ–ერთი ბილიკი აქციეს შემოვლით საავტომობილო გზად.

2006–2007 წლებში, საქართველოს ხელისუფლებამ, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, დიდი ლიახვის ხეობის აწ უკვე განადგურებულ სოფლებში და მდინარე ლიახვის ქვემო წელის ქართულ სოფლებში, ბუნებრივი აირის მილები გაიყვანა და ოჯახებში გაზის სისტემები დაამონტაჟა. აქამდე ბუნებრივი აირი შიდა ქართლის ე.წ. ზემო მხარის სოფლებში არასოდეს ყოფილა და ადგილობრივებს იმედი გაუჩნდათ, რომ ყოველი ზამთრის დადგომის წინ, შეშაზე წვალება აღარ მოუწევდათ. თუმცა, დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილი მევლუდ ქრისტესიაშვილი ამბობს, რომ მათი მოლოდინები არ გამართლდა.

მევლუდ ქრისტესიაშვილი, დევნილი: „გაზის სისტემები კი დაგვიყენეს, მაგრამ გადასახადი იყო ძალიან დიდი. 2004 წლიდან, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილმა კინაღამ დიდი ომი დაიწყო, რუსეთში პროდუქტი უკვე ვეღარ გაგვქონდა და შესაბამისად, გაზში გადასახდელი ფულიც აღარ გვქონდა. ამიტომ, ისევ შეშის იმედად დავრჩით. არადა, სანამ სიტუაცია გამწვავდებოდა, ხილის გაყიდვით იმდენ ფულს თითქმის ყველა შოულობდა, რომ გაზის გადასახადი მაინც გადაგვეხადა. რა ჯობია გაზს?! სუფთაცაა და წვალებაც ნაკლები სჭირდება. მაგრამ როცა ფული არა გაქვს, იძულებული ხარ, ისევ ტყეში იწანწალო და შეშა ეძებო“.

როგორც ლიახვის, ასევე ფრონეს ხეობის მოსახლეობას დიდი იმედი აქვს, რომ ახალი ხელისუფლება მომდევნო წლებში მაინც შეძლებს მათი შეშით შეღავათიან ფასში მომარაგებას. წელს ადგილობრივებს დახმარების იმედი აღარ აქვთ, რასაც იმით ხსნიან, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ჯერ ახალი მოსულია და ერთი წელი მაინც სჭირდება სიტუაციის დასალაგებლად. მომდევნო წლებიდან კი, ხეობელები უფრო მეტ ყურადღებასა და თანადგომას მოითხოვენ.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში შემავალი, „ბუნებრივი რესურსების სააგენტოს“ მთავარი სპეციალისტი, ბესარიონ გელენიძე humanrights.ge–თან საუბარში აცხადებს, რომ მათ სააგენტოში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსგან უკვე შესულია წერილი, სადაც ასახულია, კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებთა პრობლემები. გელენიძე ამბობს, რომ ენერგეტიკის სამინისტროში უკვე მუშაობენ ამ საკითხზე.

ბესარიონ გელენიძე, „ბუნებრივი რესურსების სააგენტოს“ მთავარი სპეციალისტი: „ჩვენს სააგენტოში უკვე დაწყებულია მუშაობა ამ საკითხზე. ჩვენ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ გამოგვიგზავნა წერილი და მონაცემები, რომელთა მიხედვით, სულ მალე შემუშავდება გეგმა, როგორ უნდა დავეხმაროთ კონფლიქტის ზონაში და ზონასთან ახლოს მცხოვრებ ადამიანებს. ვიმედოვნებ, რომ შეშის პრობლემები აუცილებლად გადაიჭრება“.

რეგიონში უკვე საკმაოდ ცივა და ბევრმა ბავშვები დედაქალაქში ნათესავებთან გაუშვა იმ იმედით, რომ შემდეგ წლებში მაინც შეძლებენ გათბობის საშუალებების მოძიებას და ბავშვები სახლში დაბრუნდებიან.

წლევანდელ ზამთართან დაკავშირებული პრობლემები სადემარკაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ ოსებსაც აწუხებთ. ეთნიკურად ოსი მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებიც ქალაქ ცხინვალში ცხოვრობს, ელექტროენერგიისა და გაზის დეფიციტს ბოლო ორი წელია, აღარ განიცდის. თუმცა, სრულიად სხვა სიტუაციაა სოფლებში, განსაკუთრებით - ზნაურის რაიონში, სადაც ტყის მასივები საკმარისზე მეტია, მაგრამ ელექტროენერგიის მომარაგების მხრივ დიდი პრობლემებია. სიტუაცია განსაკუთრებით დიდთოვლობის დროს მწვავდება. შარშან, 2011 წლის ზამთარში, დიდთოვლობის გამო, ფრონეს ხეობის ოსურ სოფლებში ელექტროსადენები დაზიანდა და დაახლოებით ორი თვის მანძილზე, ადგილობრივები ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ.

ახალგორი კონფლიქტის ზონაში ქართველებით დასახლებული ერთადერთი რაიონია, სადაც შეშის ჭრის პრობლემა ადგილობრივებს ნაკლებად ექმნებათ. თუმცა, ელექტროენერგია ახალგორს ბოლო დროს გრაფიკით მიეწოდება. ახალგორში ქართველები დღემდე ოსების გვერდით ცხოვრობენ და განსაკუთრებული პრობლემები მათ ურთიერთიობებში არ შეინიშნება. ახალგორში ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტი არც 1991, 1992, 2004 და 2008 წლების ომების დროს ყოფილა.

„აქ ცხოვრებას, რა თქმა უნდა, შიში ახლავს თან. უკვე სამი რუსული ბაზა აგვიშენეს და კაცმა არ იცის, როდის რა მოხდება. თუმცა, ოსებთან პრობლემები არც ადრე გვქონია და არც ახლა გვაქვს. ყველანი ერთმანეთის ახლობლები და ნათესავები ვართ და დღემდე ვაგრძელებთ ურთიერთობას. ერთი ეგაა, ცენტრალური გზის პირას ვცხოვრობ და დღედაღამ ვუყურებ როგორ მიდი–მოდიან რუსული ტანკები, რაც სასიამოვნო არ არის“ – გვითხრა ადგილობრივმა გლეხმა. 

ახალგორელები შეშას, ძირითადად, ქსნის ხეობაში და პატარა ლიახვის ხეობის ტყეებში ამზადებს. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ გაცემული საშვების წარდგენის შემთხვევაში, რუსი ჯარისკაცები, ახალგორელ ქართველებს, შეშის დამზადებაში ხელს არ უშლიან. თუმცა, ეს მშვიდი თანაცხორება როდემდე გაგრძელდება – არავინ იცის. 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC