კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილობა საქართველოში, როგორც სტიგმა

27 დეკემბერი, 2012

სალომე აჩბა, http://humanrightshouse.org

სოხუმიდან დევნილი ჟურნალისტი ანუნა ბუკია ფიქრობს, რომ საქართველოში რთულია, იყო დევნილი - არა მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, არამედ იმიტომაც, რომ საზოგადოება დევნილების მიმართ საკმაოდ ნეგატიურადაა განწყობილი.

„იმ ქვეყანაში, სადაც სამოქალაქო საზოგადოება არ არის საკმარისად განვითარებული, დევნილის სტატუსის ტარება რთულია. 90-ანი წლების კონფლიქტების მერე, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც ქვეყანაში გაჩნდა, არის დევნილების ინტეგრაცია არადევნილ მოქალაქეებთან. საზოგადოებას მათდამი ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა - ეს იყო ადამიანთა ჯგუფი - „ლტოლვილები“ რომლებიც საიდანღაც მოვიდნენ. ვფიქრობ, საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება დევნილებისადმი კვალავაც პრობლემად რჩება“, - ამბობს ანუნა ბუკია.

1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოში მომხდარ შიდა კონფლიქტებს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება მოჰყვა. 2009 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია 251 000-ზე მეტი დევნილი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, რაც საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 6%-ს შეადგენს . 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ, მათ რიცხვს კიდევ 26 000-მდე იძულებით გადაადგილებული პირი დაემატა.

დევნილების თემაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებთან ერთად, ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად რჩება დევნილებისადმი საზოგადოების ნეგატიური განწყობები.

სპეციალისტების აზრით, საქართველოში ძალიან ძლიერია დევნილობის სტიგმა. დევნილების სტიგმატიზაცია და საზოგადოების მათდამი ნეგატიური დამოკიდებულება იმ ტერმინებსა და გამონათქვამებშიც ჩანს, რასაც საზოგადოება ამ ჯგუფის მიმართ იყენებს ხოლმე. ჩვენთან დევნილებს ხშირად „ლტოლვილებს“ უწოდებენ. ამ სიტყვამ საკმაოდ ნეგატიური შინაარსიც შეიძინა, გარდა იმისა, რომ სამართლებრივად არასწორია დევნილს „ლტოლვილი“ უწოდო (ლტოლვილი კონფლიქტის შედეგად ქვეყნის გარეთ ემიგრირებულ ადამიანს ეწოდება).

ფსიქოთერაპევტ სოფო ტაბაღუას დევნილებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი ამბობს, რომ დევნილებისთვის ტერმინი „ლტოლვილი“ ხშირ შემთვევაში, დამამცირებელია: „ამ სიტყვამ თითქოს სალანძღავი შინაარსი შეიძინა. გარდა ამისა, ხშირად მომისმენია ასეთი ფრაზაც: „კოტეჯები ხომ მისცეს, მეტი რაღა უნდათ?!“ „მეტი რაღა უნდათ“ - სწორედ ასეთია სხვა მოქალაქეების დამოკიდებულება დევნილებისადმი. ხშირად მყოლია დევნილი პაციენტები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეს სტატუსი მათთვის დამამცირებელია, რადგან საზოგადოება მათ მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი. ეს ძალიან თვალსაჩინო და ზედაპირული სტიგმაა. ეს სტიგმა განსაკუთრებით ქორწინებებში ჩანს. ერთ-ერთი პაციენტი, 19 წლის გოგონა დედამთილისგან იჩაგრებოდა სწორედ იმის გამო, რომ ის დევნილი იყო. „ეს ლტოლვილი ვინ შემოვიდა ჩემს ოჯახში“ - ეუბნებოდა ხოლმე თავის რძალს“.

მაინც რატომ არის საზოგადოება დავნილების მიმართ ნეგატიურად, გულგრილად განწყობილი? სოფო ტაბაღუას აზრით, საზოგადოებას უჩნდება განცდა, რომ დევნილები „სხვები“, შემოჭრილები არიან და ადგილობრივებს ჩვეულ ცხოვრების წესს ურღვევენ. დევნილებისადმი საზოგადოების ნეგატიური განწობის უმთავრეს მიზეზად კი, ფსიქოლოგი იმას მიიჩნევს, რომ საქართველოში არა მხოლოდ დევნილები, არამედ მთლიანად ერია ტრავმირებული: „არსებობს ერის ტრავმატიზაციის ფენომენი. საქართველოს საზოგადოება, ეს არის მძიმედ ტრავმირებული საზოგადოება, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან მოყოლებული სულ იმატებს ახალ-ახალ ტრავმებს. ერი მთლიანად ტრავმირებული როცაა, ზედმეტია საუბარი, რომ იგი ემპათიურად და ტოლერანტულად იქნება განწყობილი სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების, მაგალითად - დევნილების მიმართ.  ტრავმირებულ საზოგადოებას არა აქვს უნარი, სწორად აღიქვას ამ ტიპის ჯგუფები. არის გულგრილობის პრობლემაც. საზოგადოება ვერ ეხმარება დევნილებს, რადგან თვითონაც ტრავმირებულს ამის უნარი აღარა აქვს. ამიტომ საზოგადოება ცდილობს, განერიდოს ამ ჯგუფს. აცილება არის ერთგვარი ფარი, რითაც  ტრავმირებული საზოგადოება თავს იცავს. ერთი შეხედვით, საზოგადოებას უნდა ეცოდებოდეს დევნილები, მაგრამ მეორე მხრივ, საზოგადოება უნებურად თავს არიდებს მათ, თითქოს დევნილების უბედურება და ტრავმა სხვასაც გადაედება“.
      
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როცა დედაქალაქში დევნილების ახალი ტალღა დასახლდა, დროებით კომპაქტურ ჩასახლებებში ხშირად ნახავდით თბილისელთა გრძელ რიგს, რომლებიც დევნილებს ტანსაცმლით, საკვებით და სხვა საჭირო ნივთებით ეხმარებოდნენ. რატომ იყო დამხვედრი საზოგადოების რეაქცია და განწყობები დევნილებისადმი უფრო პოზიტიური 2008 წელს, ვიდრე 90-იანი წლების ომების შემდგომ? ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ამას გარკვეული ახსნა აქვს: მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა ბოლო წლებში გაუმჯობესდა. 90-იან წლებში არადევნილი მოსახლეობა უფრო მეტად ტრავმირებული იყო, ვიდრე აგვისტოს ომის შემდეგ. 2008 წლის ომის შემდეგ სახელმწიფომ  დევნილებისთვის უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე 90-იანებში - მისცა მათ თავშესაფრები და გარკვეული კომპენსაციები.  90-იანი წლების ომების შემდეგ კი სახელმწიფოს მსგავსი არაფერი გაუკეთებია. მაშინდელ დევნილებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში თვითონ უწევდათ თავშესაფრის შოვნა, მათი მიგრაცია სრულიად ქაოტური პროცესი იყო და გარკვეულწილად, მათი თვითდამკვიდრება სოციალურად არანაკლებ გაჭირვებული დამხვედრი საზოგადოების ხარჯზეც ხდებოდა. 2008 წლის ომის შემდგომ, დევნილთა პრობლემა დამხვედრ საზოგადოებას ნაკლებად შეეხო. შესაბამისად, დევნილების ამ ნაკადის მიმართ საზოგადოება უფრო ტოლერანტულად განეწყო.

დევნილების უფლებების დაცვისა და მათი ინტეგრაციის კუთხით, არასამთავრობო ორგანიზაციებიც მუშაობენ. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება 4-5 დეკემბერს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ოფისში ჩატარდა. სახლის მედიაცენტრის ინივიატივით, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტმა რუსუდან მჭედლიშვილმა თემაზე მომუშავე ჟურნალისტებს ჩაუტარა ტრენინგი დევნილების პრობლემებთან დაკავშირებულ სამართლებრივ ვითარებასა და კანონმდებლობის პრაქტიკაში განხორციელების შესახებ. ტრენინგის მეორე ნაწილში კი, წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის ფსიქოთერაპევტმა და კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელმა სოფო ტაბაღუამ დევნილების მიმართ არსებულ სტიგმასა და დისკრიმინაციაზე ისაუბრა. ვორქშოპის მეორე დღეს, მედიაცენტრმა იგივე ჟურნალისტები დევნილების კომპაქტურ ჩასახლებებში რეპორტაჟების მოსამზადებლად ჩაიყვანა, რათა წინა დღით მიღებული თეორიული ცოდნა, პრაქტიკაში გამოეცადათ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ დევნილთა  ინტეგრაციის მიმართულებით მხოლოდ მათი მუშაობა არასაკმარისია და საერთო ფონს ვერ ცვლის. მნიშვნელოვანია, ამ პროცესში სახელმწიფო კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს. რა პროექტები განახორციელა დევნილთა სამინისტრომ დევნილების ინტეგრაციის კუთხით და რას გეგმავს სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა ამ მიმართულებით? ამ კითხით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსაც მივმართეთ, მაგრამ მისგან პასუხი არ მიგვიღია.

ორიგინალი

ახალი ამბები