კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უჩა ნანუაშვილი: „შესაძლოა, მე მომიხდეს არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმაც“

28 დეკემბერი, 2012
სალომე აჩბა, humanrightshouse.org 

 
საქართველოს ახალი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი პარლამენტმა 7 დეკემბერს  82 ხმით 18–ის წინააღმდეგ დაამტკიცა. იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ადამიანის უფლებათა ცენტრს. ბოლო წლებში, ასევე, არჩეული იყო თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარედ.

სახალხო დამცველის აპარატის გარდაქმნა უფრო პროაქტიურ ინსტიტუტად, რეგიონალური ოფისების გაძლიერება, საზოგადოებაში ტოლერანტობის კულტურის ამაღლება, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან უფრო აქტიური თანამშრომლობა, ომბუდსმენის თემატური ანგარიშების, ადამიანის უფლებათა სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მომზადება - ეს იმ ინიციატივების არასრული ჩამონათვალია, რომლის განხორციელებსაც  ახალი სახალხო დამცველი მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გეგმავს. humanrightshouse.org  უჩა ნანუაშვილს სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.  

- პირველ რიგში, საინტერესოა, როგორ გესახებათ უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებთან „უფრო მჭიდრო თანამშრომლობა“, რაზეც თანამდებობაზე არჩევისას პარლამენტის წინაშე ისაუბრეთ? 

- ჩემთვის მთავარია, რომ სახალხო დამცველის ოფისი იყოს ღია და ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ორგანიზაციას შეეძლოს მოსვლა და მისთვის საინტერესო საკითხების ჩვენთან განხილვა. იმისათვის, რომ ეს ინსტიტუტი გახდეს მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე, ყველაფერს გავაკეთებ. მნიშვნელოვანია, არასამთავრობოებთან შეხვედრები მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც მოეწყოს. ამ ინსტიტუტის მიმართ დღეს მოთხოვნები უფრო მაღალია და ჩვენც მუშაობის უფრო მაღალ სტანდარტზე უნდა გადავიდეთ. გარდა ამისა, წლიური ანგარიშის გარდა, ვაპირებთ მოვამზადოთ თემატური ანგარიშებიც და ამ პროცესშიც არასამთავრობოების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მათთან ერთად უნდა მოვახდინოთ რიგი საკითხების წინ წამოწევა და ლობირება. 

- ალბათ, ასეთივე  თანამშრომლობის გეგმა საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც გაქვთ? 

- ჩემი ერთ-ერთი ინიციატივა ადამიანის უფლებათა შესახებ სახელმწიფო სტრატეგიის მომზადებაა. ეს სტრატეგია უნდა გამომდინარეობდეს იმ რეკომენდაციებიდან, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები წლების განმავლობაში გვაძლევდნენ. ეს რეკომენდაციები სხვადასხვა ანგარიშებშია გაბნეული. მე მინდა, ყველა ამ რეკომენდაციის სისტემატიზაცია და ერთად თავმოყრა მოხდეს. ეს დაგვანახებს ერთიან სურათს, თუ რა სახის პრობლემებია ქვეყანაში და რა რეკომენდაციებს გვაძლევს საერთაშორისო ორგანიზაციები. ამ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდება. 

- ახლახან გამოქვეყნდა კავკასიის უფლებადამცველთა ქსელის მიერ მომზადებული ანგარიში, საქართველოში უფლებადამცველთა მდგომარეობის შესახებ. სახელმწიფო სტრატეგიის მიხედვით მომზადებულ სამოქმედო გეგმაში რა შეიძლება ჩაიწეროს ამ კუთხით, რათა არსებული პრობლემები გამოსწორდეს? 

- სამხრეთკავკასიური ქსელის მიერ ახლახან მომზადებული რეკომენდაციბი უფლებადამცველთა უფლებების დაცვის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ,  ამ  რეკომენდაციების დიდი ნაწილი კვლავაც შეუსრულებელია. ვფიქრობთ,  რომ ამ თემას, ადამინის უფლებათა სტრატეგიაში და სამოქმედო გეგმაშიც მნიშვნელოვანი ადგილი ექნება.  

- ასევე საინტერესო ინიციატივაა, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციები გახდეს სავალდებულო შესასრულებელი. ეს ომბუდსმენის ყველა რეკომენდაციას ეხება, თუ მხოლოდ მათ, რომელთა აღსრულებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია? ერთგვარად, ისე ხომ არ გამოვა, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია კანონთან, ან თუნდაც სასამართლოს გადაწყვეტილებასთან იქნება გათანაბრებული?  

- არა, აქ საუბარია მხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებულ რეკომენდაციებზე. მაგალითად, როცა რეკომენდაცია ეხება ადამიანის წამებას.  სახლახო დამცველი თუკი მოიკვლევს და დაადგენს, რომ ადამიანი აწამეს, მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, მას აღარ უნდა სჭირდებოდეს ზედმეტად ბიუროკრატიული პროცედურების გავლა - მიმართვა საგამოძიებო ორგანოსთვის და ა.შ. პროცესი, ასეთ შემთხვევაში, უნდა იყოს მარტივი და საქმის გამოძიება ავტომატურად უნდა იწყებოდეს. დღევანდელი მდგომარეობით, სახალხო დამცველის მიმართვის შემდეგ, საგამოძიებო ორგანოები თავად წყვეტენ, დაიწყონ თუ არა საქმის გამოძიება. 

- რა მიგაჩნიათ სახალხო დამცველისთვის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად? ახალი პოლიტიკური რეალობის პირობებში, რა ტიპის პრობლემებს ელოდებით? 

- დღეს ახლადარჩეული პარლამენტისა და მთავრობის კრიტიკა პოპულარული არ არის.  თუმცა, შესაძლოა, მე მომიხდეს არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმაც და გავაკრიტიკო ხელისუფლების მაღალჩინოსნები. გარდა ამისა, დღეს არაპოპულარულია უმცირესობების უფლებებზე საუბარი. არაერთი შეხვედრისას მითქვამს, რომ სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი მხოლოდ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების კუთხით არ უნდა მუშაობდეს. მნიშვნელოვანია, რომ სექსუალურ უმცირესობებსაც მიექცეს ყურადღება.  ვიცი, რომ ჩემი ეს მოსაზრება საქართველოში ბევრისთვის მიუღებელი იქნება, მაგრამ ასეთ არაპოპულარულ თემებზე მუშაობა აუცილებელია. 

- პოლიტპატიმრების გათავისუფლება ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი თემა აღმოჩნდა. პარლამენტის მიერ შედგენილი პოლიტპატიმრების სიის მიღმა რამდენიმე ადამიანი მაინც დარჩა, მათ შორის - ირაკლი ოქრუაშვილი და მისი მომხრეები, 26 მაისს გაუჩინარებული მოხუცი გიორგი გვარიძიშვილი და სხვები. თქვენ, როგორც სახალხო დამცველი, რას ფიქრობთ სიის მიღმა დარჩენილ პატიმრებზე? 

-ამ საქმეებს კვლავ სწავლობს სპეციალური კომისია და ამ ეტაპზე ეს საქმე მათ უნდა მივანდოთ. ამ კომისიაში სახალხო დამცველი არ არის ჩართული. 

- სახალხო დამცველის აპარატი ცალკე თუ აპირებს პოლიტპატიმრების სიიდან ამოღებული პატიმრების შესწავლას? 

- მე შვეხვდი  რამდენიმე ასეთ პირს, მოვისმინე მათი პრობლემები და რა თქმა უნდა, ამ საქმეებს შევისწავლით. თუმცა, ჯერჯერობით დაველოდოთ, რას გადაწყვეტს კომისია. 

- ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ძველი ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავეს. ყოფილი მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ეს ადამიანები პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებულები. თქვენ თუ ხედვთ პოლიტიკურ სარჩულს ამ დაკავებებში? 

- ამ ეტაპზე გამიჭირდება იმის თქმა, არის თუ არა ამ დაკავებებში პოლიტიკური მოტივაცია. თუმცა, უახლოეს მომავალში  ჩვენ დეტალურად შევისწავლით ამ საქმეებს და ამ თემაზე კომენტარის გაკეთებასაც მხოლოდ მას შემდეგ შევძლებთ. 


ახალი ამბები