კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ავღანეთში 2010-2012 წლებში 93 ქართველი სამხედრო დაიჭრა

8 იანვარი, 2013

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში 2010-2012 წლებში სულ 93 ქართველი სამხედრო დაიჭრა.

ეს ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროსგან ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მოიპოვა და 4 იანვარს გამოაქვეყნა.

ამ დრომდე თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკა იყო, რომ არ განესაჯაროებინა ინფორმაცია იმ ინციდენტების შესახებ, რომელთა შედეგადაც ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცები დაიჭრნენ. უკანასკნელად, როცა ნოემბერში Civil.ge შეეცადა ამ ინფორმაციის მოპოვებას, თავდაცვის სამინისტრომ მის გაცემაზე უარი განაცხადა.

20 სამხედრო მოსამსახურე 2010 წელს დაიჭრა, როცა ქართული კონტიგენტი პირველად განთავსდა ჰელმანდის პროვინციაში; 44 მომდევნო წელს დაიჭრა, ხოლო 29 სამხედრო 2012 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობით ირიცხებოდა დაჭრილთა შორის.

საქართველო ნატოს ISAF-ის მისიას 2009 წლის ნოემბერში შეუერთდა განათავსა რა დაახლოებით 170 ჯარისკაცი ქაბულში. 2010 წლის აპრილში საქართველომ თავისი მონაწილეობა გაზარდა ჰელმანდის პროვინციაში ბატალიონის გაგზავნით, ხოლო 2012 წლის ოქტომბერში თითქმის გააორმაგა ავღანეთში თავისი კონტიგენტი ჰელმანდში კიდევ ერთი ბატალიონის დამატებით, რითაც  მისიაში მონაწილე ქართველ ჯარისკაცთა რაოდენობამ 1 560-ს გადააჭარბა.

საქართველომ ცხრამეტი სამხედრო დაკარგა ავღანეთში, რვა მათგანი 2012 წელს დაიღუპა.

უკანასკნელი დანაკარგი ქვეყანამ გასულ თვეში განიცადა, როცა გაუჩინარებული ქართველი სერჟანტის გიორგი კიკაძის ცხედარი 29 დეკემბერს იქნა ნაპოვნი ჰელმანდის პროვინციის მუსა ქალას რაიონში.

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 5 იანვარს რუსთავში სერჟანტ კიკაძის დაკრძალვაზე განაცხადა, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს მონაწილეობა ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში.

„თვითონ პროცესი, რომ ქართველი ჯარისკაცი ავღანეთში იღუპება, რა თქმა უნდა, კითხვებს ბადებს, მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა განვუმარტო საზოგადოებას, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ჩვენი ჯარების მონაწილეობა მსოფლიოს უსაფრთხოების სისტემაში, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის საამაყოა და ჩვენ მომავალშიც ამაზე არათუ უარს ვერ ვიტყვით, არამედ უნდა გავაძლიეროთ და გავამაგროთ ჩვენი როლი ამ პროცესებში, რამეთუ საერთაშორისო იმიჯს უქმნის ეს ჩვენ ქვეყანას. თუმცა, უნდა შევეცადოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მსხვერპლი რაც შეიძლება ნაკლები იყოს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

პრეზიდენტი სააკაშვილი ახალ წელს ავღანეთში ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდა და განუცხადა, რომ მათი „მისია ისტორიული მნიშვნელობისაა“.

თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ავღანეთში მომსახურე ქართველ სამხედროებს 2013 წლის იანვრიდან ხელფასები გაეზრდებათ. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ავღანეთში სტუმრობისას განაცხადა, რომ აპირებს გამოვიდეს საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც დამატებით სოციალურ შეღავათებს დააწესებს ავღანეთში მომსახურე სამხედროებისთვის და მათი ოჯახებისთვის.

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები