კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილს ოთხიდან ორ ბრალდება მოუხსნა

9 იანვარი, 2013
 
ინტერპრესნიუსი

პროკურატურამ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს ოთხიდან ორ ბრალდება მოუხსნა. ამის შესახებ 8 იანვარს გამართულ ბრიფინგზე უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის სისხლის სამართლებრივი დევნის დეპარტამენტის უფროსმა, თემურ მიქაბერიძემ განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, ირაკლი ოქრუაშვილს თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ბრალად ედებოდა, თითქოს სამშენებლო ფირმების - „ინტერნეიშენელ ბილდინგ კომპანისა“ და „პრიზას“ უპირატესობა მიანიჭა და გააფორმა ხელშეკრულებები სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოებზე. ბრალდების მიხედვით, ამ საწარმოებმა შეასრულეს ათობით მილიონი ლარის სამუშაო, საიდანაც კომპანიებმა ასი ათასობით ლარი მიითვისეს. 

ასევე, როგორც მიქაბერიძემ აღნიშნა, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალად ედებოდა, რომ თავდაცვის მინისტრობის პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით უპირატესობა მიენიჭა ფირმა „ტრანსპორტ დეველოპმენტ ელ-თი-დი-ს“, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება 4 000 ტონა საწვავის მიწოდებაზე, ამ შემთხვევაში ფასი მეტი აღმოჩნდა იმავე პერიოდში საქართველოში საწვავის სხვა მომწოდებლის ფასზე, რის გამოც სახელმწიფომ იზარალა 205 500 აშშ დოლარი. მას ბრალად ედებოდა, თითქოს თბილისში, ათონელის ქუჩაზე 2007 წლის აპრილში სხვა პირებთან ერთად შეძენილ ფართში გადაიხადა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 1 800 000 აშშ დოლარი და ამ გზით მოახერხა მისი ლეგალიზება. 

როგორც თემურ მიქაბერიძემ აღნიშნა, გამოძიებისას დადგინდა, რომ თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს ორივე შემთხვევაში ხელს აწერს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი, ამჟამად ძებნილი იასონ ჩიხლაძე. რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს, მის მიმართ მტკიცებულებები არ მოიპოვება არც ერთ ზემოხსენებულ ეპიზოდში. 

ამასთან, მიქაბერიძის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ გრძელდება სასამართლო განხილვები კიდევ სამ საქმეზე. ერთ-ერთს იხილავს თბილისის სააპელაციო სასამართლო და ეხება ქრთამის აღებას. 

„ეს ეპიზოდი საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც „ჯეოსელის“ აქციების უკანონოდ დაუფლების ფაქტი. აქ ბრალდების ძირითად და ერთადერთ პირდაპირ მოწმეს წარმოადგენდა კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე დიმიტრი ქიტოშვილი, რომელმაც უარყო ადრე მიცემული ჩვენებები. დიმიტრი ქიტოშვილმა განმარტა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ იძულებით მისცა ჩვენება. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა თითქმის ამოწურულია. ამ საქმეშიც პრაქტიკულად აღარ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად დაედო წარდგენილ ბრალდებას და შესაბამისად პროკურატურა გეგმავს უარი თქვას ბრალდებაზე ხსენებულ საქმეში“, - განაცხადა თემურ მიქაბერიძემ.

გარდა ამისა, ოქრუაშვილს ბრალად ედება უკანონო ფორმირების შექმნა და სამსახურებრივ გულგრილობას. მიქაბერიძის განმარტებით, მთავარი პროკურატურა გულდასმით სწავლობს აღნიშნულ საქმეებს და უახლოეს მომავალში მათთან დაკავშირებითაც მიაწვდის საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას. 

ამასთან, როგორც მიქაბერიძემ აღნიშნა, სასამართლომ 4 იანვარს მიიღო უკანონო გადაწყვეტილება ოქრუაშვილთან მიმართებაში. 

„პროკურატურა არის ბრალდების მხარე, მხოლოდ პროკურატურას აქვს უფლება, მოითხოვოს პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება. აღკვეთის ღონისძიებიდან ყველაზე მძიმე ღონისძიებაა პატიმრობა, ხოლო უფრო მსუბუქი – გირაო. სასამართლოს უფლება არ აქვს, პირს შეუფარდოს პროკურატურის მიერ მოთხოვნილზე უფრო მძიმე ღონისძიება. სასამართლომ შუამდგომლობა, რომლითაც ჩვენ მოვითხოვდით ირაკლი ოქრუშვილისთვის პატიმრობის შეცვლას გირაოთი არ დააკმაყოფილა და არ დაასაბუთა, რასაც მივიჩნევთ, რომ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, რითაც ირაკლი ოქრუაშვილი უკევ სასამართლოს პირადი პატიმარი გახდა“, - განაცხადა მიქაბერიძემ. 

აქედან გამომდინარე, პროკურატურა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე საქმეზე 10 იანვარს აპირებს ბრალდებაზე უარის თქმას, რაც, როგორც მიქაბერიძემ განაცხადა, გამოიწვევს გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. 

„იმედი გვაქვს, რომ ეს სასამართლო პროცესი მართლაც 10 იანვარს ჩატარდება და სხვა მოტივებით განუსაზღვრელი დროით არ გადაიდება“, - განაცხადა მიქაბერიძემ.

„გაუგებარია, რატომ წარმოადგენს ირაკლი ოქრუაშვილის ქუჩაში სიარული ოპოზიციისთვის საფრთხეს“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 8 იანვარს გამართულ ბრიფინგზე და აღნიშნა, რომ ირაკლი ოქრუაშვილთან მიმართებაში ბევრი შეთითხნილი ეპიზოდი არსებობს. 

ამასთან, მინისტრმა განაცხადა, რომ ირაკლი ოქრუაშვილს ფრთიან ანგელოზად არ მიიჩნევს, მაგრამ მის მიმართ წინა ხელისუფლებიდან გარკვეული ეპიზოდები შეთითხნილი იყო. სწორედ აქედან გამომდინარე, როგორც წულუკიანმა აღნიშნა, პროკურატურამ მასთან მიმართებაში გარკვეულ საქმეებზე ძიება შეწყვიტა. 

რაც შეეხება მიმდინარე საქმეებს, როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, „კუბლაშვილის სასამართლო“ პოლიტიკურ თამაშს აგრძელებს იმის მაგივრად, რომ კანონი დაიცვას. 

„როცა ბრალდებული თავისი ნებით ჩამოდის ქვეყანაში, ეს ნიშნავს, რომ აღკვეთის ღონისძიება უნდა მოიხსნას, რაც ოქრუაშვილის შემთხვევაში სასამართლომ არ განახორციელა. როგორც ჩანს, „კუბლაშვილის სასამართლო“ პოლიტიკურ თამაშს აგრძელებს იმის მაგივრად, რომ კანონით იმოქმედოს. თუ რატომ ეშინია ჩვენს ოპოზიციას ოქრუაშვილის ქუჩაში სიარულის, ეს ჩემთვის გაუგებარია“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, მისი თქმით ირაკლი ოქრუაშვილი არ ფიგურირებს ამნისტიის შესახებ კანონში, რომელიც პრეზიდენტს უდევს წინ. 

„ოქრუაშვილი კანონში არ ფიგურირებს, რომელიც ჩვენს ოროსან პრეზიდენტს უდევს წინ და არ იცის, ხელი როგორ მოაწეროს. ალბათ მას ურჩევნია, რომ გაათავისუფლოს ისეთი დამნაშავეები, რომლებიც მალევე შებრუნდებიან ციხეებში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ახალი ამბები