კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შს სამინისტროს გენინსპექციის უფროსად მინისტრის სიმამრის დისშვილი დაინიშნა

11 იანვარი, 2013

ნატალია სარქისაშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის დისშვილი, ზვიად ჯანყარაშვილი დაინიშნა. შსს–ში არ მუშაობს ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა ალექსანდრე თამაზაშვილი, მაგრამ კახეთში, პოლიციის ორგანოებში და ზოგიერთ საჯარო სამსახურში საკადრო გადაწყვეტილებებს ის იღებს.

ზვიად ჯანყარაშვილი შსს–ს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნამდე, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სიღნაღში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.

იურისტი თამარ კორძაია აცხადებს, რომ შსს–ს გენინსპექციის უფროსად მინისტრის სიმამრის დისშვილის დანიშვნით, კანონი არ დაირღვა, თუმცა უხერხული ფაქტია.

საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარული წესით დედოფლისწყაროში ვერ გაიმარჯვა ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმამ, თამაზ თამაზაშვილის შვილმა ალექსანდრე (ლექსო) თამაზაშვილმა. თუმცა არჩევნების შემდეგ ზოგიერთი დეპუტატის აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის გამო, ის დეპუტატი პროპორციული წესით გახდა. ალექსანდრე თამაზაშვილმა პარლამენტში ნოდარ ხადური ჩაანაცვლა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ალექსანდრე თამაზაშვილი კახეთში პოლიციის ორგანოებში და სხვა საჯარო სამსახურებშიც კი საკადრო საკითხებს პირადად წყვეტს. მაგალითად, მისი მეგობარია საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს უფროსად დანიშნული დიმიტრი მაისურაძე, თამაზაშვილების ოჯახის ნათესავია დედოფლისწყაროს პოლიციის ახალი უფროსი ივანე ზურაბაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე თამაზაშვილი საკადრო საკითხებში ჩარევას უარყოფს. „როგორ უნდა ჩავერიო საპატრულო პოლიციის საქმიანობაში, როგორ უნდა ჩავატარო თათბირი, ვისთან უნდა ჩავატარო? მანახეთ ვის ჩავუტარე თათბირი და რა მითითებები მივეცი. ამაზე რა პასუხი უნდა გაგცეთ? ეს არის რაღაც შემოგდებული თემა, გაიკითხეთ ხოლმე. პატივს ვცემ თქვენს მედიასაშუალებას. ვიცი, რომ სერიოზული მედიასაშუალებიდან მირეკავთ, მაგრამ რა უნდა გიპასუხოთ?“ – აღნიშნა ალექსანდრე თამაზაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, თელავის სახანძრო – სამაშველო სამსახურის უფროსად თემურ მეტრეველი ინიშნება, რომელიც ლექსო თამაზაშვილის მეგობარია.

თემურ მეტრეველი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი აქტივისტია. 2010 წელს მან თელავში 42 წლის დიტო დენტოშვილი მოკლა. მეტრეველი მას შემდეგ დააკავეს, რაც მომხდარის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ინფორმაცია გაავრცელა. თელავის რაიონული სასამართლოს მიერ, 2010 წლის 09 თებერვალს თეიმურაზ მეტრეველი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, რეალურად თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი; ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. მეტრეველი ციხიდან 2011 წელს გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავარმა პროკურორმაც არჩილ კბილაშვილმა პირველ მოადგილედ, თბილისის პროკურორად, საოლქო პროკურორებად და მთავარ პროკურატურაში დეპარტამენტების უფროსებად საკუთარი კურსელები და ახლობლები დანიშნა. თბილისის პროკურორად დანიშნულ დავით კოჭლამაზაშვილთან კბილაშვილს ნათელმირონობაც აკავშირებს. ის დავით კოჭლამაზაშვილის შვილის ნათლიაა.

ახალი ამბები