კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვის დაურიგა პრეზიდენტმა სააკაშვილმა არჩევნების შემდეგ ქონება 1 ლარად

11 იანვარი, 2013

ნათია დანელიშვილი, მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრ

ვიდრე ბიძინა ივანიშვილის მთავრობა პრეზიდენტ სააკაშვილს სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის უფლებამოსილებას ჩამოართმევს, პრეზიდენტმა მოასწრო და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ძვირადღირებული ქონება რამდენიმე კომპანიას 1 ლარად გადასცა. მათ შორის არის შპს „ჯეოლენდი“, რომლის 50%–ის მფლობელიც თბილისის მერის გიგი უგულავას ძმა ირაკლი უგულავაა.

წლების განმავლობაში სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით  პრივატიზება ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამისი ბრძანებით და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირდებოდა. აღნიშნული კანონის მიხედვით, სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებდა და შესაბამის პირობებს ადგენდა საქართველოს პრეზიდენტი.

ახალი კანონპროექტით, რომელიც პარლამენტში ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ წარადგინა, პრეზიდენტი სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმის უფლებამოსილებას კარგავს. კანონპროექტის ავტორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა. კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას, წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემას პირდაპირი გადაცემის ფორმით მთავრობა განახორციელებს. ასევე, მთავრობა განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის წესს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კანონის მიღებამდე პრეზიდენტმა მოასწრო და როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, პრესტიჟულ ადგილებზე მდებარე ძვირადღირებული ქონება, რამდენიმე კომპანიას, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად გადასცა.

ერთ–ერთი კომპანია, ვინც ყაზბეგის მუნიციპალიტეტში 8.000 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 10 ოქტომბერს, 1 ლარად მიიღო, შპს „ჯეოლენდია“. ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ წელიწადში შპს „ჯეოლენდს“ აღნიშნულ ტერიტორიაზე სამთო ქოხის მშენებლობა და საკემპინგე ტერიტორიის მოწყობა ევალება.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ჯეოლენდი“ 2003 წლის 10 ივლისს არის რეგისტრირებული. კომპანიას თავდაპირველად ორი მფლობელი ჰყავდა: აზა მდინარაძე და ნატალია ფარცხალაძე. პარტნიორები კომპანიის წილებს თანაბრად ფლობდნენ, 50-50%-ით. 2011 წლის სექტემბრიდან ოქტომბრამდე პერიოდში შეიცვალა კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი და ნატალია ფარცხალაძის ნაცვლად 50%-ის წილის მფლობელი გახდა მისი მეუღლე, ირაკლი უგულავა, რომელიც თბილისის მერის გიგი უგულავას ძმაა.

ამავე დროს, ნატალია ფირცხალაძე საჯარო სამსახურში მუშაობდა. 2008 წელს ის ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო. 2009 წელს, როცა აღნიშნული დეპარტამენტი გაუქმდა, ფარცხალაძემ ტურიზმის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ინფორმაციით, კიდევ ერთი კომპანია, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 ოქტომბრის განკარგულებით 9,386 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 3 სართულიანი შენობა-ნაგებობა განაშენიანების ფართობით 1,272 კვ.მ, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცა, შპს „EKO GEORGIA“–ა.

ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას დაევალა შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია და სამკერვალო ქარხნის ამოქმედება ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში, აგრეთვე 500 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტიციის განხორციელება.

საჯარო რეესტრში აღნიშნულ კომპანიაზე მხოლოდ ერთი ამონაწერი მოიძებნება. შპს „EKO GEORGIA“ დარეგისტრირდა ბათუმში, 2012 წლის 7 სექტემბერს. დირექტორებად მითითებული არიან ოსმან ჩალიშქანი და თურქეთის მოქალაქე ოზჯან სუმერი. კომპანიის 100% წილის მფლობელია ოზჯან სუმერი.

ნიშანდობლივია, რომ შპს EKO GEORGIA-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ოსმან ჩალიშქანი (მჟავანაძე) საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანია. ასოციაცია არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2009 წლის 14 ივლისს, ბათუმში დაფუძნდა და ამჟამად 23 წევრ-კომპანიას აერთიანებს, მათ შორის საქართველოს ბანკსა და GPI Holding-ს. ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით, ასოციაციის მისიას წარმოადგენს ასოციაციის წევრების ინტერესების წარმოჩენა, ლობირება და დაცვა როგორც საზოგადოების ისე ხელისუფლების წრეებში, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 5 ნოემბრის განკარგულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცა 42 დასახელების უძრავი ქონება თბილისში, საგარეჯოში, დედოფლისწყაროში, წალენჯიხაში, მარტვილში, ზუგდიდში, ონში, ასპინძაში, ნინოწმინდაში, ახალქალაქში, ლანჩხუთში, ჭიათურაში, ყაზბეგში, ვანში, ლაგოდეხში, მცხეთაში, თეთრიწყაროში, ქუთაისში, ახმეტასა და ბორჯომში – სულ 283,000 კვ.მ-ზე მეტი ფართი. ამას გარდა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაეცა მოძრავი ქონება, სულ 12.500-ზე მეტი დასახელების ნივთი.

როგორც მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ლევან ავალიშვილმა განუცხადა, სიმბოლურ ფასად სახელმწიფო ქონების გასხვისება ზოგიერთ შემთხვევაში გამართლებულია, თუმცა პრობლემაა ამ პროცესის გაუმჭვირვალობა.

„სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად გასხვისება კანონდარღვევა არ არის, რადგან კანონმდებლობით აქვთ უფლება, რომ განსაკუთრებულ შემთხვევაში 1 ლარად გაასხვისონ ქონება, მაგრამ პირობებს გააჩნია. მე მიმაჩნია, რომ სიმბოლურად ფასად ქონების გადაცემა ღიად უნდა მოხდეს, რადგან შესაძლებელია სხვა კომპანიამ უფრო უკეთესი საინვესტიციო პირობა წამოაყენოს და მეტი ფული ჩადოს, ან გარკვეულ კორუფციულ გარიგებებს ჰქონდეს ადგილი. გამჭვირვალობის კუთხით საშინელი პრაქტიკაა. ასევე ქონების სიმბოლურ ფასად გასხვისების შემდგომ აუცილებელია კონტროლი და თუ არ შესრულდა პირობები, კომპანიას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს,“ – აღნიშნავს ლევან ავალიშვილი.

ახალი ამბები