კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აჭარაში გამგებლის თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ წევრები აირჩიეს

14 იანვარი, 2013
მაკა მალაყმაძე, აჭარა

აჭარის ორ - ხელვაჩაურისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში, ახალი გამგებლები აირჩიეს. ორივე მათგანი კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრია. ყოფილმა გამგებლებმა კი,  თანამდებობები საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს. გადადგომის საფუძვლად ისინი ოჯახურ მდგომარეობას და საკუთარ სურვილს ასახელებენ. გათავისუფლებული გამგებლები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. ხოლო აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეები, მათზე ზეწოლას გამორიცხავენ.

შუახევის გამგებელმა ნუგზარ ამაღლობელმა საკრებულოს თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით 8 იანვარს მიმართა. შუახევის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ის იმავე დღეს გათავისუფლდა. თუ ვინ მიიღებდა გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას და ვის აირჩევდა შუახევის მუნიციპალიტეტი აღნიშნულ თანამდებობაზე, მეორე დღესვე, 9 იანვარს გახდა ცნობილი. 

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე საკრებულოში მხოლოდ ერთი განაცხადი შევიდა. ფრაქცია "ჩვენი შუახევის" სახელით, გამგებლის პოსტზე კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის წევრი თამაზ დავითაძე იყო წარდგენილი. 

19 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი - შუახევის გამგებლობის ვაკანსიაზე უკონკურენტო თამაზ დავითაძე წინა გამგებლის გადადგომის მეორე დღესვე დანიშნეს. „ახალი ხელისუფლება მოვიდა, ამიტომ მათ უნდა მივცეთ იმის შანსი, რომ მათი ძალები გამოიყენონ და მათ კანდიდატურებს ჩვენ არ უნდა შევეწინააღმდეგოთ“ ამბობს მურმან აბაშიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე.  

შუახევის საკრებულოს წევრები აცხადებენ, რომ კოჰაბიტაცია შედგა. „ეს ყოველივე კოჰაბიტაციის გავლენაა. ყოველ შემთხვევაში, წარდგენილი კანდიდატების მხარდაჭერა ამაზე მეტყველებს“, აცხადებს შუახევის საკრებულოს ფრაქცია „ჩვენი შუახევის“ წევრი ტარიელ ქათამაძე.


აღსანიშნავია, რომ 2012 წლის  1 ოქტომბრის საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებით, შუახევში ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლით „ერთინმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიმარჯვა.  

საკუთარი სურვილით თანამდებობა დატოვა ხელვაჩაურის გამგებელმა, გურამ საფარიძემაც. მისი განცხადება ხელვაჩაურის საკრებულოში 28 დეკემბერს შევიდა.   გამგებლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად თვითმმართველობაში განაცხადი 4 ადამიანმა შეიტანა, თუმცა საკრებულომ ლევან ლორთქიფანიძე 17 ხმით ერთხმად დაამტკიცა. აღსანიშნავია, რომ საკრებულოს აღნიშნულ სხდომას 5 წევრი არ დასწრებია. ლევან ლორთქიფანიძე მანამდე კოალიცია "ქართული ოცნების" ხელვაჩაურის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. 

გამგებლის გადადგომის მოთხოვნით, ქობულეთის გამგეობის წინ აქცია 4 იანვარსაც გაიმართა. თუმცა, ქობულეთის გამგებელი თენგიზ ზოიძე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს: „ჩემს გადადგომასა და დანიშვნაზე პასუხისმგებელია საკრებულო. საკრებულომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მე ჯერჯერობით, გადადგომას არ ვაპირებ“.

აჭარის ხუთი მუნიციპალიტეტიდან, სამში გამგებლის თანამდებობა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს უჭირავთ. აღსანიშნავია ისიც, რომ მათგან ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტების გამგებლების გადადგომის მოთხოვნა, ჯერჯერობით, არც ადგილობრივ მოსახლეობას დაუყენებია. 

ახალი ამბები