კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლია მუხაშავრია: „ამნისტიით პატიმრების გათავისუფლება საზოგადოებისთვის საფრთხეს არ შეიცავს“

14 იანვარი, 2013

კობა ბენდელიანი, „ინტერპრესნიუსი“

ამნისტიის სამართლებრივ და პოლიტიკურ ასპექტებზე, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისთვის დაწყებული კონსულტაციების მიზნებსა და მიზეზებზე „ინტერპრესნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ აღმასრულებელ დირექტორს, ლია მუხაშავრიას ესაუბრა.

- ქალბატონო ლია, ნათელია, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონს პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით იგი ძალაში სავარაუდოდ, 12 იანვარს შევა, ციხეებს პირველ რიგში 190 პოლიტპატიმარი და 25 პოლიტიკური დევნილი დატოვებს. თქვენ როგორ შეაფასებთ სამართლებრივი და პოლიტიკური კუთხით კანონს „ამნისტიის შესახებ“?

- საერთოდ, ამნისტიის აქტი არის ჰუმანური, კარგი და კეთილშობილი ქცევის გამოხატულება სახელმწიფოს მხრიდან. ამიტომ, ამნისტიის კანონი უნდა შევაფასოთ, როგორც ამგვარი ქმედება პარლამენტის მხრიდან, მით უფრო, რომ მისი ახალი ნაწილი „პატიმრების შესახებ“, მე ვიტყოდი, სრულიად პროგრესულია, რაც ძალიან მისასალმებელია და ქართულ სამართლებრივ სივრცეში პირველად მოხდა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ყველა პოლიტპატიმარი ამნისტირებულთა სიაში ვერ მოხვდა და ეს „პატიების აქტი“ ამ მხრივ არის ნაკლული, მაგრამ ამ მიმართულებით პარლამენტი კვლავაც გააგრძელებს მუშაობას.

აქვე უნდა ითქვას, რომ ამნისტიამ წინ გაუსწრო სამართლიანობის აღდგენის იმ საყოველთაო პროცესს, რაც საზოგადოებისთვის საარჩევნო პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და, რომლის მიმართაც ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი მოლოდინი ჯერ კიდევ არის. ამნისტია, ახალი ხელისუფლების მხრიდან იყო კომპრომისული ნაბიჯი. იგი პატიმრებისათვის პატიებით შეეცადა, ნაწილობრივ გამოესყიდა მათ მიმართ არაადამიანურად მოპყრობის ისტორია და ის პრაქტიკა, რომელიც ჩვენთან არჩევნებამდე არსებობდა. ასევე - ისიც, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება არ არსებოდა და არასწორად ფუნქციონირება. ასევე - ისიც, რომ ჩვენში ნულოვანი ტოლერანტობის გამოვლინებები იყო. საბოლოო ჯამში, ამინისტიის მიღება, რა თქმა უნდა, პოზიტიური ნაბიჯია, მაგრამ საზოგადოების მოლოდინი სრულად არ იქნება დაკმაყოფილებული, თუ ახალი ხელისუფლება უკვე მიღებულ ამნისტიაზე გაჩერდება.

- ამ კანონისადმი წინა ხელისუფლების დამოკიდებულება ცნობილია, მაგრამ თქვენი აზრით, როგორი იქნება მასზე დასავლეთის რეაქცია? ანუ, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს დონეზე იმის აღიარებასა და დადასტურებაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი მმართველობის პერიოდში საქართველოში ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებებსა და დევნას...

- ხელისუფლებაში მყოფმა პრეზიდენტმა სცადა პარლამენტის დადგენილების დაბლოკვა. მან ამ გადაწყვეტილებას ვეტო დაადო, რაც ჩვენ უახლოეს ისტორიაში ასევე პირველად მოხდა, მაგრამ, საბედნიეროდ, პარლამენტმა ეს ვეტო დაძლია, რაც ასევე ძალიან მისასალმებელი მოვლენაა. პარლამენტმა დაიცვა მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილება. რაც შეეხება დასავლეთს, იქ მომხდარზე ჭრელი დამოკიდებულება იყო. გარკვეული წრეები გარკვეული ლობისტური კომპანიების გავლენის ქვეშ იყვნენ და აცხადებდნენ, თითქოს საქართველოში ჰყვაოდა დემოკრატია და ჩვენ დემოკრატიის შუქურაც კი ვიყავით. მაგრამ, არსებობდა უფრო სხვა, პროფესიული წრეები ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების სახით, რომლებიც თავის ანგარიშებში ძალიან ღიად ასახავდნენ იმ მძიმე მდგომარეობას, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებობდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ჩვენ როგორ ვფიქრობთ, და არა ის - რას ფიქრობენ და როგორ აფასებენ ჩვენში არსებულ ვითარებას ჩვენი დასავლელი პარტნიორები. უადავოდ პროგრესულია, რომ არ დავემსგავსეთ ქვიშაში თავჩარგულ სირაქლემას, რომელიც თავისი ჭკუით მტერს ემალება და ვაღიარეთ, რომ პოლიტპატიმრები გვყავდა და გადაიდგა ნაბიჯი მათი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად.

ჩვენ რომ პოლიტპატიმრები გვყავდა, დიდი ხნის წინ იყო ცნობილი. ჩვენ რომ ჩემპიონები ვიყავით პატიმართა რაოდენობის მიხედვით, ესეც ევროპასა და მთელ მსოფლიოში ცნობილი ფაქტი იყო. ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ ამნისტიის სრულად ამოქედებას დასავლეთში მოჰყვება ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის გაუარესება. პირიქით, ეს ჯანსაღი პროცესია და მომხდარი მხოლოდ საზოგადოების სიჯანსაღეზე მიუთითებს.

- რამდენად დიდია საფრთხე, რომ მართმსაჯულების თემის პოლიტიზირება საფრთხეს შეუქმნის ერთი მხრივ მართმსაჯულებას, ხოლო მეორე მხრივ ქვეყნის შიგნით სტაბილურობას? და კიდევ, თქვენი აზრით, რამდენად იმუშავებს ის, რომ პარლამენტის დადგენილებით, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში კანონი ამნისტირებულების მიმართ უფრო მკაცრი იქნება?

- ჩვენ თუ რამით ვიყავით უკმაყოფილო, ეს მართმსაჯულების სისტემა იყო, მაგრამ, მიუხედავად იმ მწვავე კრიტიკისა, რაც აქამდე გამოვხატე დღევანდელი პოლიტიკური ელიტის მისამართით, უნდა ითქვას, რომ აბსოლუტურად ვიზიარებ იმ პოლიტიკას, რომელიც გამომუშავდა და მოქმედებს დღეს სასამართლოსა და მოსამართლეების მიმართ. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რამდენი ცოდვა აქვთ ამ მოსამართლეებს ჩადენილი, მაგრამ ისედაც საძირკველმორყეულ ქვეყანაში ერთი ხელის მოსმით სასამართლოს შეცვლა მადესტაბილიზებელი ფაქტორი იქნებოდა, ამოტომ არამც და არამც არ შეიძლება ამის გაკეთება. ძალიან კარგია, რომ ხელისუფლებას ეს ესმის და ამიტომ არ აკეთებს. რაც მოსამართლეებთან დაკავშირებით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოხდა, როცა მოსამართლეები ერთი ხელის მოსმით გაყარეს, ახალი ხელისუფლება ბევრს აძლევს შანსს, დაამტკიცოს, რომ არის ღირსეული იურისტი და შეძლებს მოსამართლის მანტიის ტარებას. მეორე მხრივ, შეცვლის პროცესი იქნება, მაგრამ იქნება ძალიან აწონ-დაწონილი ნაბიჯების გადადგმით. კარგია, როცა ხელისუფლება ცდილობს, მოსამართლეებზე პირდაპირი ჩარევა და ზეწოლა არ მოახდინოს.

რაც შეეხება ამნისტირებულთა მიმართ კანონის გამკაცრებას. დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ამნისტირებულებს ნაპატიებ სასჯელს ახლად ჩადენილი დანაშაულის სასჯელი დაემატება და მათზე შეკრებითობის პრინციპი გავრცელდება. არ ვფიქრობ, რომ პატიმართა ციხეებიდან გამოშვების შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება გაუარესდება. ღარიბაშვილის უწყების სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ეფექტიანად და ქმედითად მუშაობს. გარდა ამისა, არ ვფიქრობ, რომ ის ხალხი, რომელიც ახლა ციხეებიდან გამოდის, დამნაშავე იყო და ჩადენილი დანაშაულისთვის ჩასვეს. ამიტომ ვფიქრობ,  მათი გათავისუფლება საფრთხეს არ შეიცავს და საზოგადოებას თავის ტკივილს არ მოუმატებს.

- საკონსტიტუციო კომისიის საერთო-სახალხო განხილვის პირველ სხდომაზე ცნობილი გახდა ის თემები, რომლებიც ამ ეტაპზე განიხილება. თქვენი აზრით, რატომ ცდილობს უმრავლესობა პრეზიდენტის უფლებამოსილების 6 თვით ადრე შეზღუდვას და მთლიანად არ ცვლის კონსტიტუციას? ანაც, რატომ ყოვნდება ახალი კონსტიტუციის შემუშავებისათვის საკონსტიტუციო კომისიის შექმნა?

- შესაძლოა, მე ახლა ბევრი ადამინის მოსაზრებას გავახმოვანებ თუ ვიტყვი, რომ დღევანდელი უმრავლესობა არ იყო საკმარისად მზად, ის პასუხიმგებლობა და ტვირთი აეღო თავზე, რაც მას ახლა დაატყდა - არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში უმრავლესობით მოვიდა და ყველა იმ პრობლემის გადაწყვეტა უწევს, რომელიც ქვეყანაში ბოლო 9 წლის მანძილზე დაგროვდა.

ჩვენ გვესმის, რომ ხელისუფლება ძალიან რთული ამოცანის წინაშე, შესაძლოა ზეამოცანის წინაშე დგას, მაგრამ, თუ შეიძლება ასეთი ტერმინი გამოვიყენო - უფრო ვაჟკაცური საქციელი იქნებოდა, მათ თვალი გაესწორებინათ იმ ზღვა პრობლემებისათვის, რომელიც არსებობს; ეთქვათ, რომ ისინი ამ პრობლემებს ფუნდამენტურად მიუდგებიან და - არა ნახევარი ღონისძიებებით, ანუ ჩაეხშოთ საშიშროების კერები, რაც შესაძლოა წარმოიშვას.

კონსტიტუციონალისტებს ძალიან კარგად ესმით, რომ პრეზიდენტი აღჭურვილია ძალიან ბევრი კონსტიტუციური უფლებებით და მის მიერ მხოლოდ ვერბალურად გამოხატული ე.წ. კოჰაბიტაციის სურვილები და რაღაც შეთავაზებები არაფერსაც არ ნიშნავს. შეიძლება პრეზიდენტმა ერთ მშვენიერ დღეს და ეს არ იქნება მშვენიერი დღე, სრულად აამოქმედოს ის კონსტიტუციური მექანიზმები, რომელიც მას ჯერ კიდევ ხელთ აქვს. ამ საშიშროების გასანეიტრალებლად პარლამენტი ცდილობს, არ გააღვიძოს ცეცხლისმფრქვეველი ვეშაპი, რომელიც ჩვენ კონსტიტუციურად და ადამიანურადაც სააკაშვილის სახით გვყავს. ამიტომაცაა, რომ პარლამენტი მცირე ინექციებით ცდილობს მისი უფლებამოსილების შეზღუდვას ისე, რომ მისი თავმოყვარეობა ზედმეტად არ შელახოს და მისი გამძვინვარება არ გამოიწვიოს. ამგვარი სიტუაცია სახარბიელო იმიტომაც არ არის, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ხალხმა უზარმაზარი მანდატი მისცა, რომლითაც მან უნდა ისარგებლოს, რომ ბოლოს და ბოლოს დაალაგოს სახელმწიფოებრივი მოწყობის ძირითადი საფუძვლები.

ინტერვიუ სრული სახით იხ. ლინკზე: http://www.interpressnews.ge/ge/interviu/226040-lia-mukhashavria-gamoikvetha-rom-konsultaciebi-sakonsitucio-cvlilebebze-garigebebshia-gadazrdili.html

ახალი ამბები