31 იანვარს ხონში კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს. ისინი დავით საგანელიძეს ბოდიშის მოხდას თხოვენ, რადგან პოლიტიკოსმა პარტიის ადგილობრივ აქტივისტებს ბრალდებები წაუყენა.
„ჩვენ მოვითხოვთ, რომ საგანელიძემ ის ბრალდებები დაასაბუთოს რაც ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ჩვენ მიმართ განაცხადა. მოვითხოვთ, რომ ცენტრალური ოფისიდან ჩამოვიდნენ წარმომადგენლები და გაგვარკვიონ რეალურად რა ხდება და რა კრიტერიუმების გათვალისწინებით ნიშნავენ ოთარ მუშკუდიანს პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარედ. ჩვენ გვაინტერესებს სად და ვინ არიან „ქართული ოცნების „მოღალატეები?“_ განაცხადა ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აქტივისტმა ალექსანდრე აკობიძემ.
„სად იყვნენ ეს ადამიანები მანამდე დღეს საგანელიძე აქტივისტებად რომ ნათლავს? საგანელიძემ ცოლის ნათესავების გაპარტიულებას და „ქართული ოცნების“ ვითომდა აქტივისტებად მონათვლას თავი უნდა დაანებოს, რადგან მათ საპარლამენტო არჩევნებში პოზიციაც კი არ დაუფიქსირებიათ.“ _ აცხადებენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები.
მარი ტაბიძე, იმერეთი