კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა ბედი ეწია „გურიის აღორძინების ფონდს“

6 თებერვალი, 2013

ნინო მშვიდობაძე, გურია

2011 წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გურიაში სტუმრობის დროს მოსახლეობასთან შეხვედრაზე  „გურიის აღორძინების ფონდის“ შექმნის შესახებ განაცხადა და მის ხელმძღვანელად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი დაასახელა.

„დასავლეთ საქართველოში იქნება ჩემთვის გურიის წელიწადი, წელიწადი, როდესაც გურია ყველამ უნდა წამოვაყენოთ ფეხზე. ჩვენ ვქმნით „გურიის აღორძინების ფონდს“, საპრეზიდენტო ფონდს, რომელსაც მინდა სათავეში ჩავუყენო რამაზ ნიკოლაიშვილი, მაგრამ მეც ვუხელმძღვანელებ მას, რამაზთან ერთად“ – ეს სიტყვები წარმოთქვა გურიაში მოსახლეობასთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, ფონდის მეშვეობით უნდა მოწესრიგებულიყო ინფრასტრუქტურა, გაზიფიცირება და გამრიცხველიანება. ასევე უნდა მოწყობილიყო ურეკის სანაპირო ზოლი, უნდა მომხდარიყო წყალსადენისა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია, ბახმაროს კურორტის რეაბილიტაცია და მისი განვითარება. ფონდის ფინანსებითვე უნდა მომხდარიყო გურიაში კვალიფიციური კადრების გადამზადება.

„ჩვენ განათლების სამინისტროსთან ერთად ოზურგეთში გვინდა ყველა ასაკის ადამიანების გადამზადებისთვის რეგიონალური ცენტრის გაკეთება. აქ მცხოვრებ ხალხს ყველაფერი აქვს, ზღვაც, მთაც, კარგი ჰაერიც, მათ ერთი რამ სჭირდებათ მხოლოდ, კარგი ცხოვრება და ჩვენ ამას შევძლებთ. ჩვენ დავამთავრებთ გაჭირვებას და დავიწყებთ ცხოვრებას. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ურეკის სანაპირო ზოლზე, რომელიც უკეთესად უნდა გაკეთდეს. ყველაფრის გვირგვინი კი, რა თქმა უნდა, ბახმარო იქნება. ეს იქნება ყველაზე თვალწარმტაცი ქართული კურორტი“. – განაცხადა სააკაშვილმა.

მიუხედავ ამ განცხადებებისა, „გურიის აღორძინების ფონდის“ შესახებ ინფორმაცია რეალურად არ არსებობს. Humanrights.ge–სთან საუბარში გურიის გუბერნატორი, ვალერი ჩიტაიშვილი ამბობს, რომ ამ ფონდიდან გურიის სამხარეო ადმინისტრაციას რაიმე სახის დაფინანსება არ მიუღია:

„ვერაფერს გეტყვით  ამ ფონდის  შესახებ, შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ ამ ფონდიდან გურიას დაფინანსება რაიმე პროექტის განხორციელებაზე არ მიუღია“, – ამბობს ჩიტაიშვილი.

ჩვენ დავუკავშირდით პარლამენტში ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატს, ზვიად კვაჭანტირაძეს. როგორც გაირკვა, ფონდის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ისიც ჩვენსავით ცდილობს:

„რამდენი ხანია ინფორმაციას ვეძებ ამ ფონდთან დაკავშირებით, მაგრამ ამაოდ. ვიცი მხოლოდ ის, რომ სააკაშვილი მოსახლეობას შეპირდა ამ ფონდის შექმნის შესახებ და მის ხელმძღვანელად რამაზ ნიკოლაიშვილიც დაასახელა. ხალხი იმედით იყო სავსე, რომ ეს ფონდი მართლა ააღორძინებდა გურიას, მაგრამ ბუნებაში ასეთი ფონდი, როგორც ჩანს, არ არსებობს. ეს იყო ერთ–ერთი იმ განცხადებათაგანი, რომელიც არაერთხელ გაუკეთებია პრეზიდენტს. ეს მისი მორიგი ბლეფი იყო, რითაც არაერთხელ მოუტყუებია ამომრჩევლები. ფონდი რომ არსებობდეს, ის უნდა იყოს რეგისტრირებული. მიუხედავად მრავალი მცდელობისა, ჩვენ რეგისტრაციის დამამტკიცებელი დოკუმენტი ვერსად მოვიძიეთ.“ - ამბობს კვაჭანტირაძე.

ჩვენ დავუკავშირდით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, მაგდა პოპიაშვილს და ვთხოვეთ განემარტა, არსებობს თუ არა რეალურად „გურიის აღორძინების ფონდი:

„როგორც გავარკვიეთ, ამ ფონდის შესახებ ჩვენს სამინისტროში რაიმე სახის ოფიციალური ინფორმაცია და დოკუმენტაცია არ არსებობს. ვერ გეტყვით, ეს რა იყო, ალბათ, ამის თაობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უნდა გაარკვიოთ.“  - ამბობს პოპიაშვილი.

მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ვერ დავუკავშირდით. თუმცა „გურია ნიუსმა“ გაავრცელა რამაზ ნიკოლაიშვილის განცხადება აღნიშნულ ფონდთან დაკავშირებით:

 „ფონდი არამარტო ინვესტიციებს გულისხმობს, რომელიც შეიძლება განხორციელდეს რომელიმე მოქალაქისგან, ფონდი თავისთავში გულისხმობს ძალიან ბევრ რამეს, მათ შორის იმასაც, რასაც ჰქვია სახელმწიფო ინვესტიციები. ის ობიექტები, რომლებიც აშენდა, შენდება და აშენდება შემდგომში დაფინანსებულია საქართველოს ბიუჯეტიდან. სწორედ ამაზე იყო საუბარი და თქვენ ეტყობა კარგად ვერ გაიგეთ. საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფომ ბიუჯეტიდან დაფინანსდა კონკრეტული პროექტები, მაგ: ბახმარო, სტადიონი და ა.შ.“ – ამბობს ნიკოლაიშვილი.

მიუხედავად ექს–მინისტრის ამ განცხადებისა, ფაქტია, რომ პრეზიდენტმა გურიაში ვიზიტისას სულ სხვა რამ ბრძანა. სააკაშვილის განცხადებიდან ირკვევა, რომ ფონდი საპრეზიდენტო უნდა ყოფილიყო და გარკვეული ფუნქციებიც უნდა ჰქონოდა გურიაში ინფრასტრუქტურის აღორძინებასთან დაკავშირებით. ისიც ფაქტია, რომ გურიის ამჟამინდელი გუბერნატორის თქმით, ამ ფონდიდან გურიას დღემდე ერთი თეთრიც კი არ მიუღია.

ახალი ამბები