კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გია თორთლაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

8 თებერვალი, 2013
 
ინტერპრესნიუსი

წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატის, „დეოკუპაციის ცენტრის“ ხელმძღვანელის, გია თორთლაძის წინააღმდეგ სახელმწიფო ქონების გასხვისების საქმესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ განცხადება საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნათია სუხიაშვილმა 7 თებერვალს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. 

მისი თქმით, 2012 წლის 5 სექტემბერს საქართველოს კულტურის სამინისტროდან პროექტის „საქართველო ოკუპანტების გარეშე“ ორგანიზების მიზნით, „საქართველოს დეოკუპაციის ცენტრს“, რომელსაც გია თორთლაძე ხელმძღვანელობს, 350 000 ლარი ჩაერიცხა. ამავე პროექტის ფარგლებში, ცენტრისთვის უსასყიდლოდ და უვადოდ სარგებლობაში გადაცემული იქნა 104 602 ლარად ღირებული ავტომანქანა „ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო“. 

სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონი კრძალავს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში მიმღების მიერ ქონების გასხვისებას და როგორც ნათია სუხიაშვილმა აღნიშნა, დეოკუპაციის ცენტრის დირექტორმა გია თორთლაძემ არ გაითვალისწინა აღნიშნული კანონი და მოთხოვნა და ავტომანქანა „ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო“ 2013 წლის 4 იანვარს გაასხვისა 50 000 ამერიკულ დოლარად. თანხა კი მოიხმარა პირადი მიზნებისთვის. 

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ გია თორთლაძესთან დაკავშირებით საქმის აღძვრა უკავშირდება მთლიანად დეოკუპაციის ცენტრის საქმიანობის გამოძიებას. საქმეზე გამოძიება დაიწყო 2013 წლის 23 იანვარს და ამ გამოძიების ფარგლებში დღეს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აღნიშნული ცენტრის ოფისიდან ფინანსური დოკუმენტაცია ამოიღეს.

„დეოკუპაციის ცენტრის“ ხელმძღვანელი გია თორთლაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებებს ბოდვას უწოდებს .

როგორც თორთლაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ავტომანქანა მთავრობის განკარგულებით უვადოდ და უსასყიდლოდ გადაეცა, ხოლო მას შემდეგ, რაც ცენტრს ვალი დაედო, მანქანა გაყიდა და ავტომობილის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა ბიუჯეტში შეიტანა, რისი დამადასტურებელი საბუთიც გააჩნია. 

„ავტომანქანა სახელმწიფო ქონება არ იყო, ჩემი, დეოკუპაციის ცენტრის ქონება იყო, რომელიც გადმომეცა უვადოდ და უსასყიდლოდ. ჩემი საკუთრება იყო, გავყიდე და ის ფული შევუტანე სახელმწიფოს. არავითარი სხვისი ქონება არ გამისხვისებია. მთავრობის განკარგულებით და სამინისტროს ბრძანებით ჩემი ქონება იყო, სადაც არც ერთი სიტყვა არ წერია, რომ გაყიდვის უფლების გარეშე მაქვს“,- განმარტა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გია თორთლაძემ.

ამასთან, თორთლაძე უარყოფს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციას, რომ მან მანქანის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა პირადი მიზნებისთვის მოიხმარა.

„ტყუილია, რომელი პირადი საჭიროებისთვის, ხელში მიჭირავს დოკუმენტი, 81 625 ლარი შევიტანე ბიუჯეტში. ჩემი პირადი საკუთრება არის ბიუჯეტი? თუ ჩემია, მაჩუქეთ ეგ ბიუჯეტი და მაშინ ვაღიარებ.. ასეთი ნაძირლები რომ არიან, გამოდიან უვიცები. ისიც არ იციან, რამდენი ქონება გადმომეცა, 120 000 გამოაცხადა, 131 000 გადმომეცა, 81 000 უკან შევიტანე, მეტი რა ვქნა. ეს ქალი რომ გამოვიდა, ბოდავს რაღაცეებს. ისიც ვერ გაუგია სახელმწიფომ რამდენი ქონება გადმომცა“,- განაცხადა თორთლაძემ.

დეოკუპაციის ცენტრის ხელმძღვანელი მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლად აფასებს.

„მაგათ არ აწყობთ, რომ საქართველოში იყოს დეოკუპაციის ცენტრი, ისევე, როგორც არ აწყობს პუტინს და ერთად არ აწყობთ მათ სულ ყველას. ეს არის ჩემი პოლიტიკური განცხადება. ეს არის ზეწოლა არასამთავრობო ორგანიზაციაზე, „დეოკუპაციის ცენტრზე“ და პირადად ჩემზე. ვერ მოინელა, რომ მას მე ხშირად ძალიან მწვავედ ვაკრიტიკებდი, მოინელოს, თუ ვერ ინელებს, მოვანელებინებ“, - აღნიშნა თორთლაძემ.

ახალი ამბები