კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თვითმმართველობის 100 დღე გორში

18 თებერვალი, 2013

საბა წიწიკაშვილი, გორი

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა გამგებელი გადადგა. გადადგომამდე, ქარელის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა, ილია ბურჯანაძემ თქვა, რომ მის უწყებაში ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები შევიდნენ. ყველა დანარჩენ შემთხვევაში, გამგებლებმა გადადგომის მიზეზად ახალი პოლიტიკური რეალობა  და ,,კოჰაბიტაცია“  დაასახელეს.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ხმიადაშვილმა სამსახური 30 ნოემბერს დატოვა. იქამდე კი,  საკრებულოს წევრმა გიული სამხარაძემ  გვითხრა, რომ ხმიადაშვილი თანამდებობას საკუთარი ნებით ტოვებდა.

მოგვიანებით, გამგებლის თანამდებობიდან წასვლა, საკრებულოს თავმჯდომარემ, თემურ ხაჩიურმა ახსნა იმით, რომ საქართველოში ახალი რეალობაა, საპარლამენტო არჩევნებში მოვიდა ახალი ხელისუფლება კოალიცია ,,ქართული ოცნების“ სახით, რომელმაც ახალი მთავრობა ჩამოაყალიბა. ,, ახალ მთავრობასთან საჭიროა ნორმალური ურთიერთობა და ჩვენც, შესაბამისად, ვიქცევით.“ - აცხადებდა თემურ ხაჩიური.

მალევე, თანამდებობები საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემაც დატოვეს.  საკრებულოს ახალი თავმჯდომარე კი,   ,,ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ გორის ორგანიზაციის ლიდერი გახდა.

,,ახალ რეალობასთან“ შეგუებას საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე დიდხანს არ აპირებდა. 20 დეკემბერს მან ბიუროს სხდომა ჩვეულ რეჟიმში ჩაატარა. თუმცა, 21 დეკემბერს საკრებულოს სხდომამდე 2 საათით ადრე მან,  თანამდებობიდან წასვლის შესახებ დაწერა განცხადება. მის ნაცვლად საკრებულოს 23-მა წევრმა, რომელთა უმრავლესობა ,,ნაციონალური მოძრაობის“ სიით მოხვდნენ საკრებულოში, თავმჯდომარედ კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წევრი, რესპუბლიკელი დავით რაზმაძე აირჩიეს.  ზვიად ხმალაძე რამდენიმე დღეში ფრაქცია  ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ აირჩიეს.

რესპუბლიკელ დავით რაზმაძეს საკრებულოში მასობრივი ცვლილებები არ განუხორციელებია. მან  მხოლოდ საკრებულოს აპარატის უფროსი შეცვალა და პოსტზე  ზაზა ნასყიდაშვილი დანიშნა. მას არც დაუმალავს, რომ ზაზა ნასყიდაშვილთან ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან მეგობრობს.

რაც შეეხება გამგეობას, როგორც აღვნიშნეთ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ხმიადაშვილმა 30 ნოემბერს დაწერა განცხადება და გადადგა. მის ნაცვლად პაპუნა კობერიძე დაინიშნა, რომელმაც ყველა მოადგილე დაითხოვა. მან პირველ მოადგილედ თანაგუნდელი ზალიკო გუდაძე დანიშნა, ხოლო დანარჩენ ორ მოადგილედ  ზაზა ადუაშვილი და ნინო წეწვაძე.

ხმაური გამოიწვია გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსად დავით გორგიშელის დანიშვნამ. გორგიშელი ადგილობრივი პარლამენტარის თამაზ შიოშვილის სიძეა. გორგიშელი თვლის, რომ მის მიმართ პრეტენზია, მხოლოდ, იმ შემთხვევაშია მისაღები, თუკი ის დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად არ შეასრულებს. ასეთივე პასუხი გასცა მან ,,ნაციონალ“ გუბერნატორს ანდრო ბარნოვს, რომელმაც განგაში, სწორედ, პარლამენტარ თამაზ შიოშვილის ნათესავების თანამდებობებზე დანიშვნაზე ატეხა.

გუბერნატორმა ანდრო ბარნოვმა ჟურნალისტებს 27 კაციანი სია წარუდგინა, სადაც მისი თქმით, ადამიანები მუნიციპალიტეტიდან და მის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გაუშვეს. ამ სიაში შედის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტი.

2013 წლის 8 იანვარს გამგებელმა პაპუნა კობერიძემ დაიბარა 27-ვე სოფლის გამგებელი და სთხოვა, რომ პირადი განცხადებები წასულიყვნენ სამსახურიდან. ჩვენს ამ შეკრებას დავესწარით, თუმცა რწმუნებულებმა ხმა არ ამოიღეს. მოგვიანებით, გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსმა რეზო გოგიაშვილმა გაგვიმხილა, რომ ჩვენს არ ყოფნაში პრეტენზია მერეთის რწმუნებულს ვასიკო თევდორაშვილს გამოუთქვამს. რეზო გოგიაშვილმა აღნიშნა, რომ თათბირზე ვასიკო თევდორაშვილი  მან ,,გააჩუმა“ - ,,მე მას ვუთხარი, რომ არ ჰქონდა პრეტენზიის გამოთქმის უფლება, რადგან არსებობს ვიდეო მასალები და ფაქტები, სადაც ვასიკო თევდორაშვილი წინასაარჩევნო პერიოში პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობადა და კანონს არღვევდა. თუ ის პირად განცხადებას არ დაწერა, ჩვენ მაშინ იძულებული გავხდებოდით მასალები სამართალდამცავებისთვის გადაგვეცა“.  - განაცხადა რეზო გოგიაშვილმა. ამის შემდეგ, მერეთის რწმუნებულმა თანამდებობა დატოვა.

ადგილობრივ თვითმმართველობებში, არჩევნების შემდეგ მომხდარი ცვლილებების შესახებ, საგანგებო განცხადება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც გაავრცელა.

„2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ისმის გარკვეული წუხილები რეგიონებში თვითმმართველობების (საკრებულო, გამგეობა) ხელმძღვანელი პირების შეცვლასთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზოგიერთი ცვლილება ბუნებრივად მიმდინარეობს, თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ცვლილება ხორციელდება გარკვეული ფარული თუ აშკარა ზეწოლის ფონზე. გარდა ამისა, არის შემთხვევები, როდესაც ახლად დანიშნული თანამდებობის პირები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებს სცდებიან, რაც, ცხადია, უარყოფითად იმოქმედებს და დაძაბავს არსებულ სიტუაციას“. - აღნიშნულია საიას განცხადებაში. ამასთანავე, ორგანიზაცია  მოუწოდებს ხელისუფლებას, შეისწავლონ თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესები და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლის უზენაესობის უზრუნველსაყოფად.

ახალი ამბები