კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მედიას სასამართლო სხდომების გაშუქებაზე დაწესებული შეზღუდვა ეხსნება

7 მარტი, 2013

სივილ ჯორჯია

მედიას სასამართლო სხდომების გაშუქებაზე დაწესებული შეზღუდვები, რომელიც ხუთ წელზე მეტი ხნის მანძილზე მოქმედებდა, მოეხსნება იმ საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, რომელიც პარლამენტმა 6 მარტს მესამე მოსმენით 101 ხმით მიიღო.

საერთო სასამართლოების კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, რომელიც გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება, საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღება და ეთერში გადაცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სხდომა დახურულია.  ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია მის ხელთ არსებული ჩანაწერები მოთხოვნისთანავე გადასცეს მასმედიის სხვა საშუალებებს. ამასთან, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ უფლებით არ სარგებლობს, მისი ჩანაცვლება შესაძლებელია სხვა ტელევიზიის მიერ მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე. ცვლილებების მიხედვით, ნაფიც მსაჯულთა გადაღება იკრძალება.

სასამართლოს სხდომათა დარბაზში აუდიო ჩანაწერის გაკეთება ადგილიდან შეეძლება ნებისმიერ დამსწრე პირს ისე, რომ მისმა ამ ქმედებამ ხმაური არ გამოიწვიოს. ამასთან, ცვლილებების თანახმად, იხსნება სასამართლოს ეზოსა და შენობის დერეფნებში ფოტო, ვიდეო გადაღებაზე, აუდიო ჩაწერაზე და პირდაპირი ჩართვების განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა. გარდა ამისა, იკრძალება სასამართლოს შენობაში შესული პირისთვის პირადი ტექნიკური საშუალებების, მათ შორის მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ჩამწერი საშუალებების ჩამორთმევა.

ამასთან, საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, სასამართლო ვალდებულია თავადაც უზრუნველყოს სასამართლო პროცესების აუდიო, ვიდეო ჩაწერა და მოთხოვნისთანავე მათი დაინტერესებული პირებისთვის გადაცემა.

იმ სასამართლოებს, რომლებიც შესაბამისი აპარატურით არ არიან აღჭურვილი, საჭირო ტექნიკური ღონისძიებების გატარებისთვის ბოლო ვადა 2013 წლის 1 ივნისამდე დაუდგინდა და ასევე დაეკისრა ვალდებულება, რომ აღჭურვისთანავე დაიწყონ დაკისრებული უფლების რეალიზაცია. ფინანსთა სამინისტროს განცხადებით,   სასამართლო დარბაზების ვიდეოჩამწერი სისტემით აღჭურვისთვის  საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 3 550 000 ლარი გამოიყო.

სასამართლოს საჯაროობასთან დაკავშირებული ცვლილებები, რომელიც უკვე აისახა იმ კანონში, რომელიც ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვის შესაძლებლობას ქმნის, თავდაპირველად საერთო სასამართლოების შესახებ კანონში იმ ცვლილებათა პაკეტში იყო წარმოდგენილი, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებას ითვალისწინებს. თუმცა ვინაიდან ახალმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ის ამ რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს მანამ არ მიიღებს, ვიდრე ვენეციის კომისია თავის დასკვნას არ მოამზადებს, მედიასთან დაკავშირებული რეგულაციები ცალკე კანონპროექტად გამოიყო და პარლამენტს წარედგინა, როგორც ქართული ოცნებიდან დეპუტატ ვახტანგ ხმალაძისა და ნაციონალური მოძრაობიდან დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის ერთობლივი ინიციატივა იმის სადემონსტრაციოდ, რომ პარლამენტში წარმოდგენილი ორივე პოლიტიკური ძალა ეთანხმება სასამართლო პროცესების გაშუქებაზე მედიისთვის მოქმედი შეზღუდვების მოხსნას.

წინა ხელისუფლებამ მედიას სასამართლოებში ვიდეო-აუდიო ჩაწერა 2007 წლის ზაფხულიდან აუკრძალა, თუმცა ამ დრომდე გამონაკლისის დაშვება შესაძლებელი იყო მოსამართლის გადაწყვეტილებით.

ახალი ამბები