კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შიმშილით გარდაცვლილი მცირეწლოვანი

27 მარტი, 2013

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ერთი წლის გოგიტა აბაშიძე შიმშილობის გამო გარდაიცვალა. მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ხუთსულიანი ოჯახი, სოციალური შემწეობით ვერ სარგებლობდა. აბაშიძეების ოჯახში კიდევ ორი მცირეწლოვანია _ 2 და 5 წლის და-ძმა.

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მახოში მცხოვრები აბაშიძეების ხუთსულიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ოჯახის შემოსავალი გოგიტას მამის, ლევან აბაშიძის ფიზიკური დღიური შრომით, მეზობლების ნაკვეთების დაბარვა-გათოხნით მოპოვებული რამდენიმე ლარია.

ფინანსური კრიზისის გამო, გოგიტა, თავისი და-ძმის მსგავსად, ოჯახში დაიბადა. როგორც ოჯახში ამბობენ, დასაწყისში ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემა არ გააჩნდა. ხელოვნურ კვებაზე მყოფ გოგიტას, საკვები უფულობის გამო რომ ვეღარ შეუძინეს, ოჯახში დამზადებულ კერძზე გადაიყვანეს. დედამისი, ინგა აბაშიძე ამბობს, რომ ბავშვს პურის ფქვილით კვებავდა: „მოხალული ფქვილით ვკვებავდი. არ მქონდა მეტი საშუალება. უფროსებსაც _ ხან ფხალს, ხან კარტოფილს, ხან ვიღაცა დამეხმარება და იმით ვარჩენ...“

ქრონიკული შიმშილობის გამო შოკურ მდგომარეობით გოგიტა აბაშიძე ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე გადაიყვანეს, მაგრამ ბავშვის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

თეა ივანაძე, ექიმი რეამინოტოლოგი: „ბავშვი შემოვიდა სტაციონალში შოკურ მდგომარეობაში. მდგომარეობა თავიდანვე იყო მეტად მძიმე, იმყოფებოდა მართვის სუნთქვაზე. გამოხატული იყო მკვეთრი წონის დეფიციტი. 4 კილოგრამი იყო დაბადებული და მისი ამჟამინდელი წონა 4, 200-ს შეადგენდა“.

შიმშილით ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, სოფელ მახოში ამბობენ, რომ ეს მათი სოფლის, ადგილობრივი ხელისუფლების სირცხვილია.

ოჯახში, სადაც ხის იატაკი რამდენიმე ადგილას ჩატეხილია, ფანჯრებზე მინის ნაცვლად ცელოფნებია, სახურავი კი გაცრეცილი, სახლის კედლები ბათქაშის გარეშე და არც ერთი ნორმალური საოჯახო ტექნიკა არ გააჩნიათ, დღემდე ვერ ღებულობდა სოციალურ ფულად შემწეობას.

ლევან აბაშიძე, გოგიტას მამა: „რა ვიცი, 2007 წელს კი მოვიდა აგენტი, მაგრამ მაღალი ქულები გაქვთო. მერე 2009 წელში იყო. ბავშვების პირადი ნომრები მოგვთხოვენ, - სოციალური დახმარების დასანიშნად აუცილებლად საჭიროა. ჩემა ცოლმა ბავშვები უფულობის გამო სახლში გააჩინა და ეს პირადი ნომრები არ გვქონდა. მაშინ, საჯარო რეესტრში წადით და გააკეთეთო. მე ვერ მივედი იქ, რადგან ბავშვების სურათები იყო საჭირო და მაგისი ფული არ მქონდა...“

რატომ ვერ მოხვდა აბაშიძეების ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში, რატომ იყო გულგრილი სოციალური მომსახურების სააგენტო? სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელვაჩაურის განყოფილების უფროსი ბადრი მამულაძე აცხადებს, რომ სოციალურმა აგენტმა აბაშიძეების ოჯახი ბოლოს გასული წლის 15 მარტს მოინახულა, გოგიტა აბაშიძე კი - 19 მარტს დაიბადა: „ეს იყო 2012 წლის მარტში, მაშინ ბავშვი დაბადებული არ იყო და შემდეგ ოჯახს ჩვენთვის არ მოუმართავს. ჩვენ გვაქვს ბავშვზე ზრუნვის სამსახური, რომელიც მოახდენდა რეაგირებას და კვების ვაუჩერს მაინც მივცემდით, მაგრამ სამწუხაროდ, ინფორმაცია არ გვქონდა“. მისივე ინფორმაციით, აბაშიძეების ხუთსულიანი ოჯახი, სოციალური დახმარების მიღების მიზნით, სახელმწიფოს 2007 წლიდან მიმართავს, თუმცა დაუცველთა ბაზაში ვერ მოხვდა. მიზეზი კი ოჯახის აღწერის შედეგად მიღებული 57 000-ზე მაღალი ქულებია. თუმცა, საიდან ღებულობდა აბაშიძეების ოჯახი მსგავს მაღალ ქულას, ეს მაინც გაურკვეველი რჩება.

25 მარტს არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელმა, მერაბ ღოღობერიძემ ხელვაჩაურის სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალის ხელმძღვანელს კაბინეტის კარები აუჭედა.

როგორც ღოღობერიძემ აღნიშნა, ამით მან ერთი წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების ფაქტი გააპროტესტა. მისი თქმით, სააგენტო საკუთარი შეხედულებისამებრ ნიშნავდა სოციალურ დახმარებას: „არ შეიძლება მათი შეხედულებისამებრს ადამიანების შერჩევა და იმის მიხედვით სოციალური დახმარების დანიშვნა. ხელვაჩაურის სოციალური სამსახურში კი სწორედ ასე ხდებოდა“.

მცირეწლოვანი გოგიტა აბაშიძის დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი: „საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ პატარა გოგიტას უკიდურესად სამწუხარო ისტორია გარდამტეხი აღმოჩნდება როგორც სახელმწიფოს ისე მთელი საზოგადოების კონსოლიდაციისათვის, ადამიანის უფლებების, მათ შორის ბავშვთა უფლებების დაცვის პროაქტიული მიდგომის დამკვიდრებისათვის; როდესაც თითოეული მოქალაქე და განსაკუთრებით სახელმწიფო მოხელე თვალს არ დახუჭავს მის წინაშე არსებული დარღვევის მიმართ და მთელი გულისხმიერებით დაიწყებს მის გადასაჭრელად მოქმედებას“.

აჭარის მთავრობის ოფიციალურ საიტზე განთავსდა აჭარის მტავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის განცხადებაც: „ერთი წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალება ყოველი ჩვენგანის, ჩვენი ერის ტრაგედიაა. ეს არის ჩემი პირადი ტრაგედია, რადგან მე, როგორც ამ კუთხის შვილს და რეგიონის ხელმძღვანელს უფლება არ მაქვს შევეგუო მსგავს ფაქტებს. მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით მოვითხოვთ სასწრაფოდ დაიწყოს ამ ფაქტის გამოძიება, რათა დროულად მოვახდინოთ სათანადო რეაგირება“.

შიმშილის გამო წონის დეფიციტისა და განვითარებული პნევმონიის მიზეზით ერთი წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების ფაქტზე მოკვლევა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე დაიწყო.ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ლომიძემ მედიასთან განაცხადა. იგი ბათუმში გარდაცვლილის მშობლებს და იმ მედპერსონალს შეხვდა, რომლებიც ბავშვს მკურნალობდნენ. „შემთხვევა კომპლექსურია და მოკვლევის შემდეგ გაირკვევა, რომელი უწყების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება“, - აცხადებს ლომიძე.

სოციალური მომსახურების სააგენტოში იმ ვერსიაზეც მუშაობენ, რომ გარდაცვლილი გოგიტა აბაშიძის მშობლებს შესაძლოა დანარჩენი შვილების მეურვეობის უფლება შეუჩერონ და ბავშვები მინდობით აღზრდაზე გადაიყვანონ.

ახალი ამბები