კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილის ბიძის, ზურაბ გიგუაშვილის საქმე სასამართლოდან გამოითხოვა

16 აპრილი, 2013

სალომე ჩხეიძე

ზურაბ გიგუაშვილის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი შეწყდა.  16 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე  პროკურატურამ ბრალდებაზე უარი განაცხადა და დააყენა შუამდგომლობა, გიგუაშვილის წინააღმდეგ  საქმის გამოთხოვის შესახებ. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ირაკლი ოქრუაშვილის  ბიძის, ზურაბ გიგუაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმის სასამართლო განხილვა დასრულდა. დღეს გამართულ სხდომაზე ბრალდების მხარემ უკან გაიხმო ზურაბ გიგუაშვილის საქმე. აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურატურამ ბრალდების მხარის ყველა მოწმის დაკითხვის შემდეგ მიიღო. მოწმეებმა განაცხადეს, რომ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები სიმართლეს არ შეესაბამება და ზურაბ გიგუაშვილი დამნაშავე არ არის.  

ადამიანის უფლებათა ცენტრი ზურაბ  გიგუაშვილისთვის ბრალის წაყენების მომენტიდან ჩართული იყო მის წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში. სასამართლო პროცესზე მის უფლებებს  ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელი, ნინო ანდრიაშვილი იცავდა. 

”ბოლო პერიოდში რამდენჯერმე გადაიდო გიგუაშვილის საქმის არსებითი განხილვა, რადგან  პროკურატურას უნდა დაეყენებინა შუამდგომლობა ბრალის გამოთხოვასთან დაკავშირებით. ეს ბრალდების მხარემ თვითონ აღნიშნა სასამართლო სხდომაზე მას შემდეგ, რაც  ყველა ბრალდების მოწმემ სასამართლოზეც განაცხადა, რომ გამოძიებისას ჩვენებებზე ზეწოლისა და მუქარის შედეგად მოაწერინეს ხელი.  

ამის შემდგომ, პროკურატურამ მოითხოვა პროცესის გადადება, რათა შეეთანხმებინა ზემდგომ პროკურორთან. ამ მიზეზით რამდენიმე პროცესი გადაიდო. საბოლოოდ, დღეს, 16 აპრილს, პროკურორმა დააყენა შუამდგომლობა. მან  ბრალდებაზე უარი განაცხადა და მოითხოვა რომ ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილებულიყო, იმ მიზეზით,  რომ ზურაბ გიგუაშვილის საქმეში არ არსებობდა დანაშაულის ნიშნები. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა”, - აღნიშნავს ნინო ანდრიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გიგუაშვილის საქმის წინასასამართლო სხდომა 2011 წლის ოქტომბერში გაიმართა, რის შემდეგაც პროცესი ერთი წლის მანძილზე შეჩერებული იყო და მხოლოდ 2012 წლის ნოემბერში განახლდა. ამ ხნის მანძილზე ზურაბ გიგუაშვილი ძებნილად იყო გამოცხადებული, 2013 წელს მიღებული ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე კი მასზე  ძებნა შეწყდა, რის შემდეგაც იგი საქართველოში დაბრუნდა.

გიგუაშვილის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით იყო აღძრული. მას  უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნაში მონაწილეობა ედებოდა ბრალად.

ახალი ამბები