ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პარლამენტარი სერგო რატიანი გამოცემა „TS Press“- ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ამავე ვებ-გვერდის ჟურნალისტის, თეონა გიგაურის მიმართ მუქარის შესახებ უარყოფს.
სერგო რატიანი Media.Ge-თან საუბრისას იხსენებს, რომ ჟურნალისტმა დაურეკა და უთხრა, რომ ჰქონდა ჩანაწერი, საიდანაც ჩანდა, რომ იგი ქუთაისის მიმდებარე სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრისას მათ 19 აპრილის აქციაზე ჩასვლის სანაცვლოდ 250 ლარს სთავაზობდა.
„ვუთხარი, რომ ეს ტყუილი იყო და მსგავსი ჩანაწერი არ ექნებოდა. ვუთხარი მატყუარა ხარ-მეთქი. შემდეგ დავურეკე და სახელი და გვარი ვკითხე, რომ ამ ცილისმწამებლური საუბრის შესახებ უწყებათაშორისი კომისიისთვის მეცნობებინა“ აღნიშნა რატიანმა.
თეონა გიგაურის მტკიცებით, დეპუტატი მას დაემუქრა.
გიგაური ამბობს, რომ მან მოიპოვა აუდიოჩანაწერი, სადაც რატიანი მოსახლეობას შეხვედრისას ფულზე ესაუბრებოდა და დეტალების გასარკვევად მას დაურეკა.
„ვუთხარი რომ მაქვს ჩანაწერი სადაც ახსენებდა 250 ლარს. ფულის ხსენებზე გადმოვიდა შეურაცყოფაზე და მითხრა რომ მატყუარა ვიყავი. შემდეგ დამირეკა და მითხრა - შენ ამისთვის პასუხს აგებ“ -აცხადებს გიგაური.
ჟურნალისტი ამბობს, რომ მან დეპუტატთან საუბრის სრულად ჩაწერა ვერ მოახერხა - „როცა ჩაწერა დავიწყე ვუთხარი გაემეორებინა, მაგრამ ტელეფონი გათიშა“.
ინციდენტის შემდეგ რატიანსა და გიგაურს შორის საუბარი აღარ შემდგარა.
გელა ბოჩიკაშვილი, MEDIA.GE