კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

1 მაისი, 2013

სალომე აჩბა

ოფიცერ სერგო თეთრაძის გვამის გაკვეთის შედეგად მიღებული სამედიცინო დასკვნა, 19 აპრილს სასამართლომ მტკიცებულებად სცნო.  თეთრაძის გარდაცვალების საქმეში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანთან ერთად, სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავაცაა ბრალდებული.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებად დართვის შესახებ შუამდგომლობა, სასამართლოს წინაშე, ბრალდების მხარემ, საქმის არსებითი განხილვის დროს დააყენა. ეს დასკვნა ვერ მოხვდა მტკიცებულებათა იმ ნუსხაში, რომელიც ბრალდების მხარემ წინასასამართლო სხდომაზე წარმოადგინა.

პროკურორის თქმით, ეს დასკვნა გამოძიებამ მაშინ მიიღო, როცა საქმის წინასასამართლო სხდომები უკვე დასრულებული იყო.  მისივე განმარტებით, სწორედ ამ მიზეზით ვერ მოახერხა ბრალდების მხარემ, დასკვნის მტკიცებულებად წარმოდგენა წინასასამართლო სხდომაზე.

შუამდგომლობას ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებად მიღების თაობაზე დაცვის მხარე არ დაეთანხმა და მიზეზად, პროცესუალური მხარეების დარღვევა დაასახელა. „კანომდებლობის მიხედვით, მხარეებმა მტკიცებულებები უნდა გაცვალონ. ეს კონკრეტული დასკვნა, რომლის მტკიცებულებად მიღებასაც ბრალდების მხარე ითხოვს, ჩვენთვის არ გადმოუცია პროკურატურას. შესაბამისად ჩვენ არ გვიმსჯელია მის დასაშვებობა - არდასაშვებობის საკითხზე, ამიტომ დასკვნა მტკიცებულებად არ უნდა იქნეს ცნობილი“, - განაცხადა მეგის ქარდავას ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა. 

დაცვის მხარის განსხვავებული პოზიციის მიუხედავად, სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სამედიცინო დასკვნა მტკიცებულებად დაუშვა.

სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეში ბრალდებულ მეგის ქარდავას ბრალი წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში, უფლებამოსილების გადამეტებაში ედება. ის ამჟამად ძებნაშია. მასთან ერთად ბრალი კიდევ 11 პიროვნებას აქვს წაყენებული.  მათგან წინასწარი პატიმრობა მხოლოდ ორ პირს, ოლეგ ფაცაციას და ვიქტორ ყაჭეიშვილს აქვს შეფარდებული.

გამოძიების ინფორმაციით, ომის ვეტერანი, ოფიცერი   57 წლის სერგო თეთრაძე, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა სავარაუდოდ ჯაშუშობის ბრალდებით, თბილისში, 2011 წლის სექტემბრის თვეში დააკავეს. თეთრაძის ოჯახს, დაკავებიდან  6 დღეში, აცნობეს, რომ პატიმარი გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გულის შეტევით გარდაიცვალა.

ამ პერიოდში თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ბაჩო ახალაია იკავებდა, მეგის ქარდავა კი სამხედრო პოლიციას ხელმძღვანელობდა. გამოძიების ინფორმაციით, პატიმრობაში ყოფნის 4 დღის განმავლობაში სამხედრო პოლიციისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების სხვადასხვა თანამდებობის პირებმა სერგო თეთრაძეს აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით  არაერთხელ ცემეს სასტიკად, აწამეს, შეულახეს ღირსება, რის შედეგადაც თეთრაძე ძალადობის განხორციელების პროცესში გარდაიცვალა.

Humanrights.ge თავს იკავებს სერგო თეთრაძის გვამის გაკვეთის შედეგად მიღებული სამედიცინო დასკვნის დეტალების გამოქვეყნებისაგან.

მეგის ქარდავას სახელი, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით  სახალხო დამცველის 2008 წლის ანგარიშშიც მოხვდა. „კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება ადამიანთა წამება, წამების საქმეების  არაეფექტური გამოძიება, ან გამოძიებაზე საერთოდ უარის თქმა. გამოძიებას დღემდე არაფერი გაუკეთებია 2008  წლის იანვარში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში ექიმ გოჩა ეხვაიას წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ გოჩა ეხვაიას წამებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა და მისი მოადგილე მეგის ქარდავა. ასევე არ არის გამოძიებული საანგარიშო პერიოდში - 2008 წლის 17 აგვისტოს - ბათუმში სერჟანტ როინ შავაძის წამებისა და მკვლელობის საქმე”, - წერდა 2008 წელს გიორგი ტუღუში.

მეგის ქარდავას და მასთან ერთად ბრალდებული კიდევ 11 პირის საქმეზე სასამართლო პროცესი 15 მაისს განახლდება.

ახალი ამბები