პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს ჟურნალისტების მიმართ პირადი დაცვის წევრების ქმედებებზე განმარტებების გაკეთება მოუხდა.
აღნიშნულ საკითხზე განმარტება პარლამენტის თავმჯდომარეს ტელეკომპანია "კავკასიის" ჟურნალისტმა სთხოვა, რომლის თქმით, დაცვის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მის კოლეგას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სახეში ხელი ჩაარტყა.
"როდესაც ახლა მე წამოვედი და თქვენ მიკროფონებით მომდევთ, ჩემი დაცვა ვალდებულია, დამიცვას. ძალიან გთხოვთ ყველას: დაცვას, ჟურნალისტებს, მოქალაქეებს - დავიცვათ წესრიგი. წესრიგის დაცვა ყველას გვევალება. ახლა ნაბიჯს რომ გადავდგამ და გამომეკიდებით, ეს ამხელა ხალხი რისთვის მჭირდება?! ესე იგი, უნდა დამიცვას. ამიტომ ფრთხილად ვიყოთ და ყველანი კორექტულად მოვიქცეთ", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
ამ საუბარში ჩაერთო თავად დაცვის წარმომადგენელი, რომლის თქმით, ის ჟურნალისტს განზრახ არ შეხებია და ინციდენტი შემთხვევით მოხდა.
ინტერპრესნიუსი