კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, მზრუნველობას მოკლებული ბავშვები თავშესაფრის გარეშე რჩებიან

22 ივლისი, 2013
 
სალომე აჩბა 

დათო თბილისის ერთ-ერთ ბავშვთა სახლში ცხოვრობს. მას რამდენიმე თვეში 18 წელი უსრულდება და კანონის მიხედვით, ბავშვთა სახლის დატოვება მოუწევს, თუმცა წასასვლელი არსად აქვს. 18 წელი ის ზღვარია, რომლის შემდეგაც მზრუნველობას მოკლებულმა მოზარდმა, რომელიც ბავშვთა სახლში აღიზარდა, დამოუკიდებელი ცხოვრება უნდა დაიწყოს და თავშესაფარი დატოვოს. თუმცა პრობლემაა ბავშვთა სახლებიდან გამოსული მოზარდების რესოციალიზაცია, განათლებაზე არასათანადო ხელმისაწვდომობა და დასაქმება. 

მოზარდები ბავშთა სახლის დატოვების შემდეგ, ფაქტოვრივად ქუჩაში რჩებიან, მათთვის არც რაიმე სახის თავშესაფარი და არც დასაქმების პროგრამები არსებობს. მოზარდების რესოცილიზაციაზე რამდენიმე არსამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს. სახელმწიფოს ბიუჯეტში კი, დღემდე არ არის გათვალისწინებული თანხა, ბავშვთა სახლიდან გასული ახალგაზრდების დასახმერებლად.  

„სამწუხაროდ, მოზარდს რომელიც სახელმწფიფოს ზრუნვის ქვეშ იმყოფება, როცა 18 წელი უსრულდება, არავინ ეხმარება. 18 წლის შემდეგ, ისინი ფაქტობრივად ქუჩაში,  თავშესაფრის გარეშე რჩებიან. მათი ნაწილი ნათესავებთან ან ბიოლოგიურ ოჯახთან ბრუნდება. თუმცა აქ ის პრობლემაა, რომ ეს ბიოლოგიური ოჯახები, ხშირ შემთვევაში დისფუნქციური ოჯახები არიან. პრობლემად რჩება ამ მოზარდების  დასაქმებაც. მათთვის არ არსებობს არანაირი სახის დასაქმების პროგრამა.“ - ამბობს ანდრო დადიანი ორგანიზაცია Every Child-ის საქართველოს ოფისის დირექტორი.
 
ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საბჭოთა ტიპის, დიდი სახელმწიფო ბავშვთა სახლები იყო, რადგან ამ ტიპის დაწესებულებებში, წლების განმავლობაში არავინ ასწავლიდა ბავშვების დამოუკიდებლად ცხოვრების უნარების გამომუშავებას. საქართველოში დეინსტიტუციონალიზმის პროცესი უკვე დაწყებულია.  2013 წლის დასაწყისის მდგომარეობით დიდი ზომის ბავშვთა სახლებში განთავსებული 5 ათას ორასი ბავშვიდან აღნიშნულ დაწესებულებებში რჩება 153 ბავშვი.  
 
დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის შედეგად  ბავშვების ნაწილი დაუბრუნდა ბიოლოგიურ ოჯახებს, ნაწილი გადავიდა მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, ნაწილი კი,  ჩაერთო ალტერნატიული მზრუნველობის პროგრამაში-   მინდობით აღზრდაში, რომელიც ოჯახისთვის მზრუნველობას მოკლებული ბავშვის „მინდობას“ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მის აღზრდას გულისხმოს. სანაცვლოდ, ოჯახი სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას იღებს. 

დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს თავის ბოლო საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველიც ეხება:

„დიდი ზომის ბავშვთა სახლების დახურვისა და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი რეგულარულად იყო საქართველოს სახალხო დამცველის ყურადღებისა და ზედამხედველობის საგანი გასული წლების განმავლობაში. აუცილებელია, რომ დეინსტიტუციონალიზაციის ამოცანა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად უნდა შეფასდეს, დაგეგმილ და განხორციელებულ იქნეს ბავშვთა უფლებების დაცვის პერსპექტივით, რათა არც ერთი ბავშვი არ აღმოჩნდეს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აღნიშნული რეფორმის შედეგად.“ - აღნიშნულია სახალხო დამცველის 2012 წლის საპარლამენტო ანგარიშში. ამას გარდა, სახლახო დამცველი სახელმწიფოს რეკომენდაციით მიმართავს, რომ უზრუნველყოფილი იქნეს ბავშვთა ზრუნვის ალტერნატიული სერვისების სიღრმისეული მონიტორინგი, რომლის შედეგებიც, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული კვლევებისა და მონიტორინგის შედეგებთან ერთად, განსაზღვრავს ამ მომსახურებების განვითარების მიმართულებასა და ხარისხს.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ დამოუკიდებლად ცხოვრების უნარებს ბავშვები მცირე, საოჯახო ტიპის სახლებსა და მინდობითი აღზრდის დროს, უფრო სრულფასოვნად გამოიმუშავებენ. თუმცა, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მიუხედავად, პრობლემა პრობლემად რჩება: როგორც კი მოზარდს 18 წელი უსრულდება მას აღმზრდელი ოჯახისა თუ მცირე ტიპის საოჯახო სახლის დატოვება უწევს. სახელმწიფო ამ მოზარდების მიმართ, ფაქტობრივად ყველანაირ პასუხისმგებლობას იხნის. 

საქართველოში ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც მოზარდზე ზრუნვას 18 წლის შესრულების შემდეგაც აგრძელებს,  ავსტრიული არასამთავრობო ორგანიზაცია, “S.O.S - ბავშვთა სოფელია“.    აქ მზურნველობას მოკლებული ბავშები 14-15 წლამდე მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ცხოვრებენ, ამის შემდეგ კი ახალგაზრდულ სახლებში გადადიან: 

“ჩვენი უპირატესობა არის ის, რომ ჩვენს ორგანიზაციაში მოხვედრილ ბავშს მზრუნველობა 18 წლის მერეც უგრძელდება. 14-15 წლის ასაკში, ფსიქოლოგის, სოც.მუშაკის დასკვნის საფუძველზე  ბავში გადადის ახალგაზრდულ სახლში, მინიმუმ ოთხ წლიანი პროგრამით. ახალგაზრდულ სახლებს ჰყავთ ლიდერები და სხვადასხვა დარგის პედაგოგები და ამ ინსტანციაშიც ბავშვზე ზრუნვა ჩევულებრივ გრძელდება.   ოთხი წლის შემდეგაც, თუ ბავშვი სრულფასოვან რეინტეგრაციაში არ წავიდა, ის ისევ რჩება მზრუნველობის ქვეშ და მისთვის ორგანიზაცია 3 წლით ქირაობს ბინას და ის ამ დროს იმყოფება ნახევრად დამოუკიდებელი ცხოვრების ეტაპზე. მთავარი მზრუნველი პირი აგრძელებს მასთან პერმანენტულ ურთიერთობას.... მას ეხმარებიან ფსიქოლოგები და სოცმუშაკები საზოგადოებასთან სრულფასოვან ინტეგრირებაში. გარდა ამისა, ვმუშაობთ მათი დასაქმების კუთხითაც, ვასწავლით მინიმუმ ორ ხელობას და ვეხმარებით დასაქმებაში. სამწუხაროდ, ჭირს მათი დასაქმება, თუმცა დასაქმების კონსულტანტების დახმარებით ამას მაინც ვახერხებთ.“ - ამბობს ავთანდილ ჩუბინიძე,  თბილისის “S.O.S - ს ბავშვთა სოფლის“ ოჯახზე დაფუძნებული ზრუნვის ლიდერი.

ავთანდილ ჩუბინიძის თქმით, ორგანიზაცია ამჟამად 200-ზე მეტ ბავშვს ეხმარება. სად მოხვდება მზრუნველობას მოკლებული ბავში, სახელმწიფო ინსტიტუციაში თუ “S.O.S - ბავშვთა სოფელში“, ამას სოციალური მომსახურების სააგენტოს სოცმუშაკები წყვეტენ. ის მზრუნველობას მოკლებული ბავშვები კი, ვისაც არ გაუმართლა და  “S.O.S - ბავშვთა სოფელის“, ნაცვლად სახელმწიფო დაწესებულებებში მოხვდა, სრულწლოვანების მიღწევისას თავშესაფარს ავტომატურად დაკარგავს. 

ექსპერტთა აზრით, სახელმწიფო კომპლექსურად უნდა მიუდგეს პრობლემას:

“სახელმწიფომ პრიორიტეტად უნდა გამოაცხადოს ეს საკითხი. ინსტიტუციიდან გამოსულ მოზარდებს 21 წლამდე მაინც გაუწიოს რაიმე სახის მატერიალური დახმარება, უზრუნველყოს თავშესაფრით და იზრუნოს იმაზე, რომ მოზარდებმა გამოიმუშაონ დამოუკიდებლად ცხოვრების უნარები“ - ამბობს ანდრო დადიანი, Every Child-ის საქართველოს ოფისის დირექტორი. 

ახალი ამბები