სივილ ჯორჯია
პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო ამნისტიის შესახებ
კანონპროექტი, რომელიც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლებს იმ პირებს, რომლებმაც 2012 წლის 31 დეკემბრამდე უკანონო თვალთვალის შედეგად მოიპოვეს პირადი საიდუმლოების შემცველი მასალები და ასევე მათ, ვინც ამ მასალებს კანონის ამოქმედებიდან სამ თვეში სამართალდამცავ ორგანოებს ნებაყოფლობით გადასცემენ.
კანონპროექტის თანახმად, ამნისტიას დაექვემდებარება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის ის დებულებები, რომლებიც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონო მოპოვებას და შენახვას ეხება; ასევე 158-ე და 159-ე მუხლები, რომლებიც, შესაბამისად, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას; და პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევას ეხება.
ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, რომლის ავტორიც არის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ქართული ოცნების დეპუტატი ეკა ბესელია, მას შემდეგ შევა ძალაში, რაც მას პრეზიდენტი სააკაშვილი მოაწერს ხელს.