კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩიბათის მოსახლეობა წვიმის წყალს სვამს

17 ოქტომბერი, 2013
 
ნინო მშვიდობაძე,ლანჩხუთი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის მაცხოვრებლები Humanrights.ge-სთან საუბარში აცხადებენ, რომ სოფელს უკვე მრავალი წელია წყლის პრობლემა აწუხებს, სოფლის ცეტრში მდებარე ჭაც კი სასმელად უვარგისია.

“ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს შვილო, ამდენი ხანია მხოლოდ დაპირებების ამარა ვართ, “– გვითხრა იზოლდა ბერიძემ, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მეზობლის ჭიდან წყლის მოტანაც არ შეუძლია: “4 წელია საწოლს ვარ მიჯაჭვული.  70 წლისა ვარ, გარეთ გასვლა და წყლის მოტანა ისე მიჭირს,  წვიმის წყალს ვსვამ” – ამბობს ჩვენი რესპონდენტი, რომელმაც სახლის სახურავის საწვიმარ მილთან („ჟოლობთან“) მდგარი ჭურჭელი დაგვანახა.ასეთ მდგომარეობაში კიდევ 108 ოჯახია . ჭა, რომლითაც სარგებობენ, ტალახითა და მატლებითაა სავსე.
 
„მიუხედავად იმისა, რომ არაერთგზის მივმართეთ ყველა შესაბამის სამსახურს, პრობლემა მაინც არ მოგვარებულა. მხოლოდ არჩევნების წინ ვახსენდებით, მოდიან, გვპირდებიან დახმარებას, ჩაივლის არჩევნები და არც ვახსოვართ. ახლაც იყვენენ ვიღაცები მოსულები. შეამოწმეს, საიდან შეიძლებოდა წყლის მოყვანა და გვითხრეს, რომ აქ წყლის გამოყვანას იმდენი ფული სჭირდება, ჩვენ არ გვაქვსო. მაგათ თუ ფული არა აქვთ, ჩვენ საიდან გვექნება? არადა სადამდე გინდა მოითმინო?“-  გვითხრა სოფლის მცხოვრებმა მერი ჩხარტიშვილმა. 

Humanrights.ge  სოფლის რწმუნებულს, ალეკო კუკულაძეს დაუკავშირდა:
„შემიძლია გითხრათ, რომ გეოლოგები იყვნენ ჩამოსულები, შეისწავლეს საკითხი და გადაწყდა, რომ აღდგება ჭაბურღილი, რომელიც იყო სოფელში, მაგრამ ახლა გამოუყენებელია.“
 
რწმუნებულის თქმით, აღნიშნული პრობლემის თაობაზე იცის პარლამენტარმა თემურ ჩხაიძემაც. ჩვენ მაჟორიტარს ტელეფონით დავუკავშირდით:

„ვიცი ამ პრობლემის შესახებ და ცხადია, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მოსახლეობას ეს პრობლემა მოვუგვაროთ,“ – გვითხრა ჩხაიძემ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილი კი ამბობს, რომ იმ ათ სოფელში, სადაც ინფრასტრუქტურის პროექტით წყლის პრობლემა უნდა მოგვარდეს, ჩიბათი არ შედის, თუმცა იქ ჭაბურღილი აუცილებლად აღდგება:

„გეოლოგები გვყავდა  ჩამოყვანილი და მათ დაასკვნეს, რომ ამ სოფელში აუცილებელია აღდგეს ჭაბურღილი, რომლის წყალი სასმელად ვარგისია. ჭაბურღილი მალე აღდგება კიდეც“ , – გვითხრა ზენაიშვილმა.

ამ საკითხზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურსაც ვესაუბერეთ: „რადგან ჩიბათში 108 ოჯახის სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება ადგილობრივი ძალებით შეუძლებელი იყო, მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძის გადაწყვეტილებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაეგზავნა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ რადგან თემი განიცდის სასმელი, ასევე ტექნიკური წყლის დეფიციტს, მოსახლეობა სარგებლობს ადგილობრივი ჭებით და წყაროებით, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს მოსახლეობის მინიმალურ მოთხოვნას, სოფელს არ გააჩნია წყლის მარაგი, მიზანშეწონილად მიგვაჩნია გაკეთდეს ჭაბურღილი წყალგაყვანილობის სისტემით_ ამისთვის საჭიროა სპეციალისტების კონსულტაცია და სწორად დაპროექტება. ასე რომ, ადგილობრივი ხელისუფლებისათვის ჭალის მოსახლეობის პრობლემა ცნობილია და უახლოეს დღეებში გადაწყდება“ - განგვიმარტეს პრესსამსახურში. 

ახალი ამბები