11:58, Monday, 21.09.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

უბნებზე ამომრჩევლების მიკროავტობუსებით მიყვანა, უკვე საქართველოს წარსულია

29.10.2013

 
შორენა კაკაბაძის ბლოგპოსტი იმერეთიდან

„მე იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ყველაზე მშვიდი, დემოკრატიული, ევროპული არჩევნები საქართველოს ისტორიაში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. ბიძინა ივანიშვილის წინასწარი პროგნოზი გამართლდა. შეიძლება ითქვას, საქართველოში არჩევნები ექსცესების გარეშე, საკმაოდ მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. მეტიც, იმდენად მშვიდ ვითარებაში, რომ ცოტათი გული დამწყდა, ბოლომდე ვერ დავიხარჯე. ვგულისხმობ დარღვევებს, რომელიც მე და ჩემს სტაჟიორებს ქუთაისის 127 საარჩევნო უბანზე, ერთ სპეცუბანსა და რაიონებში (სამტრედია, ბაღდათი) უნდა აღმოგვეჩინა და შესაბამისად, რეაგირება მოგვეხდინა. 

მოკლედ, საჩივრები არ გვიწერია. ფაქტია, ამომრჩეველსაც და საუბნო კომისიების შემადგენლობასაც კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ დროა, საქართველოში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს. აღნიშნა კიდეც ქუთაისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მოსულმა ქალბატონმა, რას მოვესწარით, ხმას იმას ვაძლევთ, ვინც გვეიმედება და ამის გამო სახლში არ გვივარდებიანო.

დემოკრატიული არჩევნებით მოხიბლულ ამომრჩეველს, რომელიც საარჩევნო უბანზე მოხუც დედასთან ერთად (იმდენად მოხუცი იყო, რომ ვფიქრობ, არ იქნებოდა ურიგო, მისთვის გადასატანი ყუთი ბინაზე მიეტანათ) მოვიდა, ერთი რამ მაინც გამორჩა - კაბინაში შესვლის წინ მოხუც დედას სახალხოდ მიანიშნა ხმა ვისთვის უნდა მიეცა.

თუმცა, ამომრჩეველი რა მოსატანია, როცა ამ ე.წ. გადაცდომაზე არც საარჩევნო კომისიის წევრებს უთქვამთ უარი. ქუთაისის რიგ უბნებზე ისინი გამუდმებით უპაჭუნებდნენ თვალებს ნაცნობ-მეზობლებს. მოკლედ, გარკვეული პაროლი ჰქონდათ და „მუშაობდნენ.“ თქვა კიდეც ერთ-ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ამ თვალების ჩაკვრა-ჩამოკვრას, ჯობდა საკუთარი უფლებამოვალეობები ესწავლათო. მე მას აბსოლუტურად ვეთანხმები. ფაქტია, ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას კადრი გადაუმზადებელი ჰყავდა. 

ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, რომელზეც, დაკვირვების შედეგად, გადამწყვიტე, რომ ბოლო პროცედურების ჩათვლით დავრჩენილიყავი (აღმოჩნდა, რომ ყუთის დალუქვა დაავიწყდათ და 292-მა ამომრჩეველმა ხმები დაულუქავ ყუთში ჩაყარა), კომისიის წევრები, ისევე როგორც თავმჯდომარე, საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით „რჩევებს“ დამკვირვებლებისგან იღებდნენ (აბა, რა გვექნა, სხვა შემთხვევაში დარღვევებზე შენიშვნებისა და ოქმების წერას ვერ აუვიდოდით).

ახლა, ალბათ, შემომედავებით, აბა, შენი მოვალეობა სხვა რა იყოო, მაგრამ ვფიქრობ, მთავარი შედეგია - არჩევნები აღნიშნულ უბანზე (ისევე, როგორც რიგ უბნებზე) ძირითადად, სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა.

თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ამის მცდელობები არ იყო. ერთ-ერთ უბანზე ქუთაისის მერიის თანამშრომელი, რომელსაც ჯერ კიდევ ჯერა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების შემთხვევაში დავიღუპებით, ამაოდ ცდილობდა ხმა მეორედ მიეცა. მსგავსი შემთხვევები სხვა საარჩევნო უბნებზეც იყო. თუმცა, დამკვირვებლების საქმეში ჩარევის შემდეგ, ამ ადამიანებს ხმის მეორედ მიცემის უფლება არ მიეცათ.

ერთერთ საარჩევნო უბანზე ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მოვიდა. ქმარი რამდენიმე წუთის განმავლობაში არწმუნებდა მეუღლეს, რომ „ბარემ მოსული იყო და ხმა მიეცა.“ ბუნებრივია, დავინტერესდი თუ რატომ იკავებდა ქალბატონი თავს, ხმის მიცემისგან. (მოგეხსენებათ, სადამკვირვებლო მისიის გარდა, პროფესიული მოვალეობაც მქონდა შესასრულებელი, მე ხომ ჟურნალისტი ვარ) და „რა არჩევნები, ჩვენ, საცოდავ ხალხს მაინც არავინ არაფერს გვეკითხებაო.“ მოკლედ, ძალიან იყო განაწყენებული.

როგორც ჩანს, ქალბატონის მსგავსად, ბევრმა იფიქრა, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მათ გარეშეც ჩატარდებოდა. დღის ბოლოს, როცა ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ ოსეფაიშვილმა მითხრა, რომ 158 ათასი ამომრჩევლიდან ხმა მხოლოდ 38, 65%-მა მისცა, დიდად არ გამკვირვებია. 127-ივე საარჩევნო უბანზე როგორც დამკვირვებლები, ისე კომისიის წევრები, ამომრჩევლის პასიურობაზე საუბრობდა.

და ბოლოს, მთელი გულით მახარებს ის ამბავი, რომ საარჩევნო უბნებზე მიკროავტობუსებით ამომრჩევლის ორგანიზებული მიყვანა, სხვა დანარჩენ დარღვევებთან ერთად, უკვე საქართველოს წარსულია. ასე რომ, 28 ში, დემოკრატიულად გაბღენძილს გამეღვიძა. 
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC