კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პირველად დამკვირვებლის სტატუსით

31 ოქტომბერი, 2013
 
ქეთი ლაბაძის ბლოგპოსტი აჭარიდან

მაღვიძარის დარეკვამდე გამეღვიძა, არჩევნებზე დამკვირვებლად პირველად მივდიოდი ალბათ ამიტომ არ მეძინა, ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობა იყო, მეგონა რომ არაფერი არ ვიცოდი, იმის მიუხედავად რომ ნინა ხატისკაცის ტრენინგი გავლილი მქონდა. ტანსაცმელი ჩავიცვი თუ არა ხელში საარჩევნო ბუკლეტი ავიღე, კიდევ ერთხელ ვავლებდი თვალს საარჩევნო პროცედურების თანმიმდევრობას. 06:45 საათამდე ცალ ხელში ბუკლეტი მეჭირა ცალშიც ყავის ფინჯანი, ასე ჩავჯექი მანქანაში და არჩევნების დასაკვირვებლად გავემართე. ვიცოდი რომ წინ მძიმე დღე მელოდა. 

ბათუმის 79 საარჩევნო ოლქის 52 საარჩევნოუბანზე მივდიოდი, მობილური ჯგუფის დამკვირვებელი ვიყავი, გადავწყვიტე უახლოეს საარჩევნო უბნებთან მივსულიყავი და პირველ ამომრჩეველს იქ დავლოდებოდი. საარჩევნო უბანზე 06:55 საათზე მივედი, საარჩევნო უბანი მეორე საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში იყო გახსნილი. სააქტო დარბაზის კართან ოცამდე ადამიანი დამხვდა, კარის გახსნას ელოდნენ, მალევე შევძელი მათგან კომისიის წევრების გამორჩევა, შევამჩნიე რომ განსაკუთრებულად ღელავდნენ, “სად წავიდა ამდენხანს? – ნუ ნერვიულობ მოვა!” მესმოდა მათი საუბარი, მივხვდი რომ კომისიის ერთ-ერთი წევრი იგვიანებდა. კენჭისყრის ოთახის კარები ზუსტად 07:00 საათზე გაიხსნა, მალევე დაგვიანებული კომისიის წევრიც მოვიდა.

თავმჯდომარემ ყველა პროცედურის თანმიმდევრობით შესრულება დაიწყო, ის ხშირად მიდიოდა დამკვირვებლებთან და ეკითხებოდა რამე ხომ არ ჭირდებოდათ, ან რამე პრობლემას ხომ არ ხედავდნენ. ჩემი გაკვირვება მხოლოდ იმან გამოიწვია რომ ბიულეტინებისა და კონვერტების რაოდენობა სიაში მყოფ ამომრჩეველთა რაოდენობაზე ნაკლები იყო, მერე როგოც აღმოჩნდა ყველა უბანზე ნაკლები ბიულეტინი მივიდა, ამომრჩევლების აქტივობას თუ შევხედავთ არც ყოფილა მეტი საჭირო. 

 08:00 საათზე პირველი ამომრჩეველი შემოვიდა ხმის მისაცემად, ხმის მიცემის პროცედურა ნორმალურად მიმდინარეობდა, 08:40 სხვა უბანზე გადასვლას ვაპირებდი, მძღოლი სკოლის ჭიშკართან მელოდა, სწორედ ამ დროს ხმის მისაცემად ოთხი ამომრჩეველი მოვიდა ისინი სიაში არ აღმოჩნდნენ, ოთხივე ერთი ბინის მკვიდრი იყო, მათი ბინა რეკონსტრუქციის პროცესშია, სწორედ ამიტომ წაართვეს ხმის უფლება. მერიის წერილის საფუძველზე იუსტიციის სამინისტრომ, მათი საცხოვრებელი სახლის და კიდევ 55 სხვა საცხოვრებელი სახლის მკვიდრნი - დაახლოებით 2000 ამომრჩეველი, ხმის უფლების გარეშე დატოვა. ვფიქრობ ამ არჩევნებზე ეს ყველაზე დიდი დარღვევა იყო, ადამიანები მოდიოდნენ და ხმას ვერ აძლევდნენ, ისედაც აქტივობა დაბალი იყო, კომისიის წევრებს კი მოსული ამომრჩევლის უკანგაბრუნება უწევდათ. მე ვხედავდი ადამიანებს რომლებსაც სწამდათ ფარატინა ქაღალდის ძალა, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ რომ მათი ხმა მნიშვნელოვანი იყო, არ უნდოდათ ხმის უფლების დაკარგვა, ამბობდნენ რომ უფრო მეტს მოელოდნენ, განაწყენებულები იმეორებდნენ: “თუ არ აინტერესებთ ჩვენი არჩევანი, ბარემ პირდაპირ დანიშნონ მარგველაშვილი პრეზიდენტად.” სიმართლე რომ გითხრათ, გამიხარდა ასეთი კარგი მოქალაქეებიც რომ არიან ჩემს ქალაქში, მოქალაქეები რომელთაც ესმით თუ რამდენად დიდი როლი აკისრიათ და რამდენად მნიშვენოვანია დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი. საარჩევნო უბნიდან მერიაში წავიდნენ განცხადების დასაწერად, ყველაზე მეტად კი ის ადარდებდათ, რომ განცხადების მიუხედავად, მათი ხმა იკარგებოდა.

 ამ ამბების შემყურეს, საკუთარი შიში სულ გადამავიწყდა, ერთ ხმას როცა ასე უფრთხილდება ამომრჩეველი, მე, დამკვირვებელს, უფრო მეტი მევალება, ჩემი მუშაობით სხვების ხმებს უნდა გავფრთხილებოდი, დარღვევები აღმომეჩინა, ნინა ხატისკაცის მიერ ყველა ხაზგასმული დეტალი გონებაში სწორედ აღმედგინა, ენერგიულად ჩავირბინე კიბე, მანქანაში სწრაფად ჩავხტი, ბევრი საარჩევნო უბნის მუშაობა უნდა მენახა.
ჩემთვის ყველა უბანი განსხვავებული იყო, უბნები კომისიის წევრებს გავდნენ, ზოგგან მხიარული ატმოსფერო იყო, ზოგგან სერიოზული, ზოგგან დაძაბული, ზოგგან აგრესიული, ზოგგან კი, ისტერიული.  კომისიის თავმჯდომარეები ერთგან მიყვიროდნენ, მეორეგან დამცინოდნენ, მესამეგაბ სასაცილო ამბებს მიყვებოდნენ. ყველაზე საინტერესო მაინც კომისიის თავმჯდომარისგან მოყოლილი ამბებია, რომლებიც გასული წლების არჩევნებს ეხებოდა, მიყვებოდა თუ როგორ აყალბებდნენ მის თვალწინ არჩევნებს. მე პირადად ამის გამო სინდისის ქენჯნა ვერ შევატყე.
ძირითადი დარღვევები რომელთაც საარჩევნო უბნებზე ვაწყდებოდი ეხებოდა გადასატან საარჩევნო ყუთებს, გადასატან ყუთზე გატანებული ბიულეტინების რაოდენობა ორი-სამით მეტი იყო ვიდრე სიაში მყოფი ამომრჩევლის რიცხვი. თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე მიმეორებდნენ რომ მათ სპეციალურად აფრთხილებდნენ ტრენერები წაეღოთ მეტი ბიულეტინი, რადგან შეიძლებოდა გაფუჭებოდათ. აპროტესტებდნენ როცა ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის გაკეთების უფებას, ზოგ უბანზე ლამის ჩხუბი დამჭირდა, ხშირ შემთხვევაში კომისიის წევრები ვერ არჩევდნენ ერთმანეთისგან საჩივარსა და შენიშვნას, არ იცოდნენ რომ მქონდა უფლება ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის ჩაწერისა.  საკუთარი გამოუცდელობით შეშინებულს წინ სულ სხვა სურათი გადამეშალა -ადამიანები, რომელთაც ქონდათ აღებული პასუხისმგებლობა არჩევნების ჩატარებაზე, არ იყვნენ კვალიფიციურნი. როცა ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე შენიშვნა (მთელი წინააღმდეგობების შემდეგ) დავუწერე თავმჯდომარეს, რადგან უბანზე პრეზიდენტობის კანდიდატის რამდენიმე წარმომადგენელი ერთდროულად იმყოფებოდა, მან ასე მიპასუხა: “მეცხრე თვეში ვარ, ორსული ქალი რამდენჯერ ვივლი და ვამოწმებ?“– თუ ფიზიკურად არ შეგიძლია, მაშინ არ მესმის რატომ ღებულობ ამხელა პასუხისმგებლობას. მე ვფიქრობ კომისიის წევრები ნაკლები პასუხიმგებლობით ეკიდებიან თავიანთ საქმეს, მხოლოდ რამდენიმე მათგანი აცნობიერებს, თუ რა დიდი როლი აკისრია მის მუშაობას. 

მომავალ არჩევნებზე ვისურვებდი, რომ კომისიის წევრები უფრო კარგად იყვნენ მომზადებულები და უფრო მეტი ამომრჩეველი იყოს დარწმუნებული საკუთარი ხმის სიძლიერეში. 

ახალი ამბები