14:24, Thursday, 21.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

შემოდგომის ბუზი

05.11.2013

 
რედაქტორის აზრი

ალეკო ცქიტიშვილი

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოლო დროს გამოცემული შეწყალების აქტების გაცნობისას, შეუძლებელია, არ გაგვახსენდეს შემოდგომის ბუზი, რომელიც ჩვეულებრივზე უფრო მწარედ იკბინება. 

მიშა მიდის, მაგრამ წასვლამდე მისთვის ჩვეული ექსტრაორდინალური და შეიძლება ითქვას, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებით, ცდილობს, დაეხმაროს თავის პოლიტიკურ კლანს, რომელიც მისი პრეზიდენტობის პერიოდში ჩამოყალიბდა და რომლის წევრებსაც ბოლო ხანს მართლმსაჯულების ხელი მისწვდა. 

პრეზიდენტის მიერ 30 ოქტომბერს და 3 ნოემბერს გამოცემულმა შეწყალების აქტებმა სრულიად სამართლიანად, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. 30 ოქტომბერს პრეზიდენტმა 250-მდე მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთა შორისაც არიან ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მსჯავრდებული პოლიციელი მაიზერ ლიპარტელიანი, იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ძმა, დავით ადეიშვილი და მინისტრის მოადგილის, თამარ ბურჯალიანის მეუღლე. ამავე დროს, გაუგებრობას იწვევს და შინაგან საქმეთა სამინისტროც შეშფოთებით შეხვდა იმ მსჯავრდებულთა შეწყალებას, რომლებიც სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის იხდიდნენ. 

უფრო კონკრეტულად, შსს-ს ინფორმაციით, შეწყალებულთა შორის არიან: განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის მსჯავრდებული 15 პირი, განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებული 4 პირი (აქედან 12 პირი სრულად გათავისუფლდა სასჯელისაგან - ყველა მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის), ყაჩაღობისთვის მსჯავრდებული 32 პირი (უმრავლესობა მსჯავრდებულია დანაშაულთა ერთობლიობისათვის. მათგან 13 განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიას მიეკუთვნება), ნარკოტიკული დანაშაულისათვის მსჯავრდებული 70 პირი (მათგან უმრავლესობა რეალიზატორია, ანუ ის პირები, რომელთაც არ შეეხოთ წინა ამნისტია რეალიზატორობის გამო. 70-ვე მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის), ქურდობისთვის მსჯავრდებული 27 პირი (მათგან ნაწილი მსჯავრდებულია დანაშაულთა ერთობლიობისათვის), ძარცვისთვის მსჯავრდებული 6 პირი, მითვისება/გამოძალვისთვის მსჯავრდებული 30 პირი (მათგან ნაწილი მსჯავრდებულია დანაშაულთა ერთობლიობისათვის), სამოხელეო დანაშაულისათვის მსჯავრდებული 6 პირი (მათგან 3 ქრთამისთვის მსჯავრდებული), ასევე შეწყალებულია გაუფრთხილებელი დანაშაულისათვის მსჯავრდებული 9 პირია და სხვა დანაშაულებისთვის მსჯავრდებული 15 პირი (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, მძევლად ხელში ჩაგდება, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ხულიგნობა, კონტრაბანდა, გადასახადისათვის თავის არიდება, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და სხვა). 

3 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მისი უფლებამოსილების ამოწურვამდე 14 დღით ადრე კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო და შეიწყალა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩანა ახალაია ე.წ. „ციხის ბუნტის“ საქმეში, რომელზეც სასამართლომ 28 ოქტომბერს გამოიტანა განაჩენი და რითაც ბაჩანა ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულ სასჯელაღსრულების დეპარატამენტის სამ ყოფილ მაღალჩინოსანს სამი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

შეწყალების ეს აქტი განსაკუთრებით ცინიკურია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ციხის ე. წ. ბუნტის დროს ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 7 ადამიანი და დასახიჩრდა ათეულობით პატიმარი, რისთვისაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელ თავმჯდომარეს არათუ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობაც არ დაკისრებია. ასეთ შემთხვევებში, მაღალი თანამდებობის პირები, სულ მცირე, პოლიტიკიდან მიდიან. ბაჩო ახალაიამ კი პირიქით, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოკრძალებული თანამდებობიდან სხვადასხვა დროს თავდაცვისა და შს მინისტრის უფრო მაღალ თანამდებობებზე გადაინაცვლა და წარბშეუხრელად აგრძელებდა „მოღვაწეობას“ (თუ როგორ, ეს ცალკე განხილვის თემაა). 

პრეზიდენტის მიერ 30 ოქტომბერს გამოცემულ შეწყალების აქტს  სახალხო დამცველი გამოეხმაურა და კანონმდებლებს მიმართა რეკომენდაციით, სამართლებრივ ჩარჩოებს დაუბრუნდეს პრეზიდენტის მიერ შეწყალების გამოყენების უფლებამოსილება. ომბუდსმენის რეკომენდაციას სრულად იზიარებს ადამიანის უფლებათა ცენტრი და მიაჩნია, რომ კანონმდებლობით პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს შეწყალების უფლება ერთპიროვნულად, შეწყალების კომისიის რეკომენდაციის გარეშე. ასევე, შეუძლებელი უნდა იყოს პირის შეწყალება, თუ მას მოხდილი არა აქვს სასჯელის 1/3 მაინც. 

საინტერესოა შეწყალების გამოყენების წესის ისტორია, სადაც ნათლად ჩანს, როგორ დააყენა პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავი კანონზე მაღლა. 

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ივლისის ბრძანებულება „შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ ადგენს პირობებს, თუ როგორ უნდა მოხდეს მსჯავრდებულთა შეწყალება. ამ პირობების თანახმად, მსჯავრდებულის თხოვნა/განცხადება უნდა შეისწავლოს შეწყალების კომისიამ და რეკომენდაციით უნდა მიმართოს პრეზიდენტს ამა თუ იმ პირის შეწყალებაზე. ბრძანებულებაში ასევე ჩამოთვლილია მთელი რიგი გარემოებები, რის მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელოს კომისიამ, რათა გასცეს დადებითი რეკომენდაცია. მათ შორის აღნიშნულია, რომ პირს უნდა ჰქონდეს მოხდილი სასჯელის 1/3; იგი თავს უნდა ცნობდეს დამნაშავედ, ინანიებდეს ჩადენილ დანაშაულს, ითხოვდეს შეწყალებას; კიდევ სხვა მნიშვნელოვანი წინაპირობები უნდა იყოს დაცული, როცა პრეზიდენტი იწყალებს ამა თუ იმ პატიმარს. 

თუმცა, ბრძანებულების გამოცემის შემდეგ მასში პრეზიდენტმა შეიტანა რამდენიმე ცვლილება, რომლებიც ამ წინაპირობებს ეწინააღმდეგება. კერძოდ, ბრძანებულების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი, ცვლილების შედეგად ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, შეწყალების შუამდგომლობის (თხოვნის) განხილვის ნებისმიერ სტადიაზე და/ან ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება პირის შეწყალების თაობაზე“. 

ამ გზით, პრეზიდენტმა თვითონვე მიინიჭა უფლებამოსილება, ერთპიროვნულად, კომისიის რეკომენდაციის გვერდის ავლით მიიღოს შეწყალების გადაწყვეტილება. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ უკვე ნორმატიულ აქტშივე წერია, რომ პრეზიდენტს ამ აქტის უგულვებელყოფით შეუძლია შეწყალების აქტის გამოცემა. 

სწორედ ამ შეუსაბამობაზე ამახვილებს ადამიანის უფლებათა ცენტრი ყურადღებას და მიგვაჩნია, რომ კანონმდებლობა უნდა დაუბრუნდეს სამართლებრივ და კონსტიტუციურ ჩარჩოებს. მით უფრო, ეს აუცილებელია იმ პირობებში, როცა პრეზიდენტმა პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გამოიყენა თავისი ერთპიროვნული უფლება და გამოსცა პოლიტიკურად მოტივირებული  შეწყალების აქტები. ასეთი მაგალითები უკვე მრავლად გვაქვს. 

ამ თვალსაზრისით, როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს თავის განცხადებაში, მხედველობაშია მისაღები, თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განხილული საქმე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“. დასახელებული გადაწყვეტილების 273–ე პუნქტში პირდაპირ აღნიშნულია, რომ „სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ 2008 წ. 24 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ესოდენ შემზარავ დანაშაულში მსჯავრდებული სახელმწიფო მოხელეების შეწყალება და მათთვის სასჯელის დარჩენილი ვადის განახევრება“.  

ექსპერტების შეშფოთება გამოიწვია ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის, თენგიზ გუნავას შეწყალებამ, როდესაც პრეზიდენტმა არა მხოლოდ შეიწყალა სასამართლოს მიერ მსჯავრდადებული მაღალჩინოსანი, არამედ მას კანონდარღვევით მოუხსნა ნასამართლეობა და კვლავ დანიშნა მაღალ თანამდებობაზე. 

ვფიქრობ, რომ შეწყალების პროცესის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევით, მსგავს უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს წერტილი დაესმება და საზოგადოება შემდგომში მაინც იქნება დაცული „შემოდგომის ბუზებისაგან“. წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე, რისკები რომ ბოლომდე გავთვალოთ, შესაძლოა, უპრიანი იყოს „შეწყალების შესახებ“ კანონი პარლამენტმა მიიღოს. ამ გზით, პრეზიდენტი (ვინც არ უნდა იყოს ის) ვეღარ შეძლებს, ამ კანონის საწინააღმდეგო დებულებები შეიტანოს თავის ბრძანებულებაში (ნორმატიულ აქტში).
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC