ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი
შიდა ქართლს ახალი გუბერნატორი ყავს. ზურაბ რუსიშვილი პროფესიით ფინანსისტი, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტია. ის წლების განმავლობაში,,ქართუ“ ბანკის გორის ფილიალის ხელმძღვანელად მუშაობდა.
რუსიშვილმა მედიასთან გაკეთებულ პირველ კომენტარში აღნიშნა, რომ მისთვის მთავარი პრიორიტეტი ოკუპირებული ტერიტორიის გამყოფ ხაზთან მაცხოვრებლების პრობლემების მოგვარებაა. რუსიშვილმა ასევე განსახორცილებელ რეფორმებზეც ისაუბრა, რომელიც მთავრობის დადგენილების მიხედვით, გუბერნატორის აპარატშია მოსალოდნელი: ,,პირველ რიგში განსახორციელებელი იქნება ის რეფორმები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით. კერძოდ, ეს ეხება სტრუქტურულ ცვლილებებს. ამის შემდეგ დავიწყებთ იმ პრობლემების შესწავლას, რომლებიც ჩვენს რეგიონში ყველა სოფელშია. მე მინდა გითხრათ, რომ პირადად გავეცნობი ყველა სოფელში თითოეული მოსახლის მოსაზრებას მისი პრობლემების შესახებ. შევაჯერებთ ამ პრობლემებს და ყველაფერს გავაკეთებთ რეგიონის განვითარებისთვის, იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს “.
ზურაბ რუსიშვილს კონკრეტული განცხადებები საკადრო ცვლილებების შესახებ არ გაუკეთებია. ამ ეტაპზე გუბერნატორის მოადგილის თანამდებობები ვაკანტურია. რუსიშვილის ერთ-ერთ მოადგილედ ,,ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელი ზურაბ ყაულაშვილი მოიაზრება. ახალი გუბერნატორის გუნდის სხვა წევრების სახელები ჯერჯერობით არ სახელდება.