კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თვითმმართველობის კოდექსის ახალი პროექტი

23 დეკემბერი, 2013
 
ნინო დევიძე

13 დეკემბერს პარლამენტმა, თვითმართველობის ახალი კოდექსის პროექტი, პირველი მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის ძირითად პრინციპებთან ქართული რეალობის შესაბამისობაში მოყვანას ისახავს მიზნად, საქართველოს ტერიტორიის ადმინისტრაციულ მოწყობას და არჩევითობის გზით სრული თვითმმართველობის დამკვიდრებას ემსახურება.

წარმოდგენილი კანონპროექტით, 2014 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის გათვალისწინებულია თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდა. თვითმმართველი ქალაქის სტატუსს არსებულ ხუთ ქალაქთან ერთად( თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი და ბათუმი) ასევე მიიღებენ: თელავი, მცხეთა, გორი, ახალციხე, ამბროლაური, ოზურგეთი და ზუგდიდი.

თვითმმართველი სტატუსის მქონე ქალაქების მოსახლეობას მერების და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევაც შეეძლებათ. არსებული კანონმდებლობით, თბილისის გარდა, ოთხი თვითმმართველი ქალაქის მერი და რაიონების გამგებლები საკრებულოს წევრთა თანხმობით, საკრებულოს თავმჯდომარეების მიერ ინიშნებიან.
 
პროექტში ასევე გაწერილია მერისთვის და გამგებლისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა. უნდობლობის გამოცხადება და თანამდებობიდან გადაყენება მოხდება, როგორც საკრებულოს შემადგენლობის ნახევარზე მეტის ინიციატივით, ისე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩევლის არანაკლებ 20%-ის წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილმა, კრიტიკულად შეაფასეს კანონპროექტის ეს ნაწილი. „სამართლიანმა არჩევნებმა“, „საერთაშორისო გამჭირვალობამ“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ შემოთავაზებული კანონპრექტი, არჩევითი მერებისა და გამგებლების ინსტიტუტის მნიშვნელობას ასუსტებს.

„სამართლიანი არჩვენების“ წარმომადგენლის  ელენე ნიჟარაძის თქმით, საკრებულოს უფლებამოსილება, მოახდინოს გამგებლისთვის/მერისთვის უნდობლობის გამოცხადება ეწინააღმდეგენა პირდაპირი წესით არჩევის პრინციპს: „მსგავსი უფლებამოსილება საერთოდ აზრს უკარგავს არჩევითობას და იმ იდეას, რომ თვითმართველობის ინსტიტუტი განვითარდეს. გარდა იმისა, რომ მოცემული წესით გამგებლის/მერის გადაყენება წინააღმდეგობაში მოდის მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებასთან, ნორმამ შესაძლებელია პოლიტიკურად არასტაბილური გარემოც შექმნას, რადგან არ არის გამორიცხული, რომ ისინი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები იყვნენ რაც, კიდევ უფრო ზრდის ალბათობას, რომ საკრებულო ძალიან აქტიურად გამოიყენებს უნდობლობის ინსტიტუტს.“

კანონპროექტის თანახმად, გუბერნატორები თანამდებობებზე კვლავ მთავრობის მიერ დაინიშნებიან. თავდაპირველი პროექტი რეგიონალურ დონეზე საბჭოების შემოღებას ითვალისწინებდა, რომელშიც რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების საკრებულოების წარმომადგენლები შევიდოდნენ. პროექტის თანახმად, გუბერნატორები ანგარიშვალდებულნი იყვნენ არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ამ საბჭოების წინაშეც, რომელთაც ასევე მინიჭებული ჰქონდათ უფლებამოსილება მთავრობის წინაშე გუბერნატორების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი დაეყენებინათ.  თუმცა,  კანონპროექტის ამ ნაწილმა საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. საკითხს გამოეხმაურა საქართველოს პატრიარქი და აღნიშნა, რომ შესაძლოა რეგიონული საბჭოები სეპარატიზმის გაღვივების და ქვეყნის დაქუცმაცების საფუძველი გამხდარიყო: "ეს თუ განხორციელდა, ჩვენ მივალთ საქართველოს დაშლისაკენ, დარღვევისაკენ. მე მინდა დიდი პატივისცემით მივმართო ჩვენს პარლამენტს და ხელისუფლებას, გაითვალისწინონ ეს საშიშროება და ნუ ავჩქარდებით ამის მიღებაში", – განაცხადა ილია მეორემ. საბოლოოდ, კანონპროექტის ავტორებმა დოკუმენტიდან ეს ნაწილი საერთოდ ამოიღეს. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ კორძაიამ პატრიარქის ეს განცხადება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ილია  II ზედმეტად ერევა სახელისუფლებოს ფუნქციებში: „როდესაც პატრიარქი მოუწოდებს ხელისუფლებას დაფიქრებისაკენ და იმისაკენ, არ მივიღოთ ეს თვითმმართველობის კოდექსი ნაჩქარვად, ალბათ ჯობდა, რომ თვითონაც გაიაზროს იმ მკაფიო განცხადებების რისკი, რასაც აკეთებს ქადაგების შემდეგ“. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თქმით, საზოგადოებრივი საბჭოების შექმნა დროებით გადაიდო და ამ საკითხს მთავრობა 2015 წლამდე აუცილებლად დაუბრუნდება. რაც შეხება თვითმართველობების ფინანსურ უზრუნველყოფას, სამინისტროს ამ კუთხით კანონპროექტის შემუშავება 2014 წლის სექტემბრისთვის აქვს დაგეგმილი.

ახალი ამბები