ქეთი ლაბაძე, აჭარა
უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ვალერი თელია არასწორი საკადრო და საფინანსო პოლიტიკის განხორციელებაში დაადანაშაულა:„ფაქტობრივად იგნორირებულია ადგილობრივი კადრები რომლებიც პოლიციაში მსახურობენ. ხშირ შემთხვევაში ხდება მოწვეული კადრების დაწინაურება. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ქობულეთის პოლიციის უფროსის თანამდებობა, ასევე გონიოს პოლიციის უფროსის თანამდებობა. არცერთი ხელისუფლების დროს ასეთ პოზიციაზე მოწვეული კადრი არ იკავებდა თანამდებობას. ადგილობრივ პოლიციაში მუშაობს ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი ადამიანი, რომლებიც წლებია ემსახურებიან რეგიონს, მათი დაწინაურება არ ხდება. ამავე დროს მოწვეულ კადრებს განსხვავებულ პირობებში უწევთ მუშაობა, აქვთ მეტი დასვენების საათები, ხშირად უშვებენ მივლინებებში, სარგებლობენ პრივილეგიებით. მათი საცხოვრისით უზრუნველყოფაც საკმაო ხარჯებზე გადის.“
თამაზ ბაკურიძე არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს შეისწავლონ ეს საქმე: „არასამთავროები უნდა დაინტერესდნენ ამ საქმით, ეს მარტო პოლიციელების რიგებში კი არა მთლიანად აჭარის რეგიონში იწვევს გაღიზიანებას. მოსახლეობა გამოთქვამს პროტესტს, იმის გამო, რომ იგნორირება ხდება ადგილობრივი კადრების. წლების განმავლობაში მომუშავე კადრები არიან გაყინულნი ერთ ადგილზე. დანაშაულებრივი რეჟიმის აქტიური მონაწილენი კი, მაღალ თანამდებობებზე ინიშნებიან.“