კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რატომ გაათავისუფლეს თამარ მეარაყიშვილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორობიდან

21 მარტი, 2014
 
მარი ოთარაშვილი, ახალგორიდან

“აქ თუ გინდა ცხოვრება ჩუმად უნდა იყო, ან ცოტა ტაქტიანად “გაახურო”. ეს ადამიანი  ყველაფერზე, რაც კი რამე უარყოფით იყო რაიონში, ხმამაღლა ამბობდა, ყველას ხმამაღლა ამხელდა. ვინ აპატიებდა?! ამიტომაც გაუშვეს სამსახურიდან,” - აცხადებს ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი პედაგოგი,  ახალგორის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის უკვე ყოფილ დირექტორ  თამარ მეარაყიშვილზე. 

“ძალიან კარგი ადამიანია. ომის მერე ჩვენი ბავშვებისთვის იმდენი რამე გააკეთა, ეგ რომ არა, ჩვენი შვილები აქ მოწყენილობისგან გამოყრუვდებოდნენ. თბილისში მწერლებთან შეხვედრა, ცხინვალში კონცერტის მოწყობა, აქ სხვადასხვა ღონისძიებები, ბავშვები ურეკშიც კი წაიყვანა დასასვენებლად. მადლობის მეტი რა გვეთქმის?! მაგ გოგოს გაშვება იქნებოდა სამსახურიდან?!” - კითხულობს ერთ-ერთი ადგილობრივთაგანი.

თამარ მეარაყიშვილი  ადგილობრივი დე ფაქტო ადმინისტრაციის განათლების განყოფილებამ გასულ კვირაში სამსახურიდან გაათავისუფლა. თვითონ მეარაყიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რეალურად ის სამსახურიდან დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსმა ჯემალ ჯიგკაევმა გაუშვა: “ჩემი გათავისუფლება არის ჯემალ ჯიგკაევის პირადი გადაწყვეტილება, რომელსაც ხელი მოუწერა განათლების განყოფილების უფროსმა,” – აცხადებს ის. მისივე თქმით, სწორედ ჯიგკაევი გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე დაემუქრა, გაგანადგურებო. 

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში მეარაყიშვილის გათავისუფლების შემდეგ სიხალვათეა. ბავშვები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ მათ სურვილი აღარ აქვთ, ამ დაწესებულებაში კვლავ რეგულარულად იარონ. მეარაყიშვილის მიერ გავრცეებული ინფორმაციით, მოსწავლეებმა მისი დაბრუნების მიზნით, ხელმოწერების შეგროვებაც კი დაიწყეს.

“ეს ხელმოწერები მე არ მინახავს. მაგრამ თამილა მასწავლებლის დასაბრუნებლად ყველგან მოვაწერ ხელს,“ - გვითხრა ერთ-ერთმა მოსწავლემ.  
  
ცნობისათვის, მიმდინარე წლის იანვარში თამარ მეარაყიშვილის ინტერვიუმ “ეხო კავკაზასთან” ცხინვალში ფართო საზოგადოების ცხარე დისკუსია გამოიწვია. მეარაყიშვილი აღნიშნულ გამოცემასთან საუბრისას ძირითადად ეხებოდა იმ პრობლემატურ სოციალურ-ეკონომიურ საკითხებს, რაც დღეს რაიონშია. ინტერვიუში იყო არაერთი კრიტიკული სიგნალი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ. მეარაყიშვილის თქმით, ამას სულ რამდენიმე დღეში ის მოჰყვა, რომ მეარაყიშვილთან ადგილობრივი დე ფაქტო პროკურატურის გამომძიებელი მივიდა გენპროკურორის წერილით იმის შესახებ, რომ აღნიშნული ინტერვიუს ირგვლივ გარკვეული საკითხების შემოწმება იწყება.

აღსანიშნავია ისიც, რომ თამარ მეარაყიშვილი ახალგორის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორობიდან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ გაათავისუფლა. მისივე თქმით, ეს იმის გამო მოხდა, რომ ახალგორი არ დატოვა და აღნიშნული ორგანიზაციის ანალოგიურ დაწესებულებაში, რომელიც წეროვანის დევნილთა დასახლებაში გაიხსნა, არ გადავიდა. მეარაყიშვილი ამბობს, რომ სწორედ ამის გამო მან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთაგან არაერთი ზეწოლა და ფსიქოლოგიური ტერორი განიცადა, რაც მისი ოჯახის წევრების დაშინებაშიც გამოიხატებოდა. ამის მიუხედავად, მეარაყიშვილი მუშაობას ახალგორში ისევ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში აგრძელებდა, რომელიც ისევე, როგორც ახალგორში დღეს არსებული სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებები, მთლიანად ცხინვალის ბიუჯეტზეა. 
  
ამდენად, მეარაყიშვილი უკვე სამსახურიდან გათავისუფლებულია როგორც ოფიციალური თბილისისგან (კერძოდ კი ახალგორის ლეგიტიმური ხელისუფლებისგან), ასევე ცხინვალიდან. 

მეარაყიშვილი პირდაპირ აცხადებს, რომ  მისი გათავისუფლება "ხო კავკაზასთან” ინტერვიუს გამო მოხდა. 

აღნიშნული ინტერვიუს ბოლო აბზაცში თამარის მიერ ნათქვამი იყო: “ჩვენი რაიონისთვის (იგულისხმება ახალგორი-რედ.) საკმაოდ დიდი რაოდენიბის თანხა ირიცხება (რუსეთის მიერ -რედ.), მაგრამ არაფერი კეთდება. პრეზიდენტთან (სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვთან-რედ.) შეხვედრისას საუბარი დავიწყე ასე, რომ 2014-2016 წლები ლენინგორის რაიონისა და ქალაქ ცხივალისთვის წარმატებული უნდა იყოს, მაგრამ ამისათვის აქ საჭიროა კარგი ხელმძღვანელი და ამ ხელმძღვანელისთვის კი - კარგი გუნდი.”  

გათავისუფლებიდან დაახლოებით 2 დღეში მეარაყიშვილმა ბრძანება მიიღო, სადაც მითითებულია, რომ სამსახურიდან მისი გაშვება 5 სამუშაო დღის გაცდენით არის განპირობებული.   

“არც კი დაინტერესდნენ, ეს 5 დღე რატომ გავაცდინე. არც კი დაინტერესდნენ მიზეზებით,” - წერს მეარაყიშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუქზე. მისივე თქმით, გათავისუფლების ბრძანება მილიციის თანამშრომლებმა მიუტანეს და სამსახურიდან პირადი ნივთრების წაღებაც კი აუკრძალეს.  
მეარაყიშვილი ამბობს, რომ ამ ყველაფერს ასე არ დატოვებს და აუცილებლად ცხინვალში გაასაჩივრებს. 

ადგილობრივების თქმით, მის მოვალეობას მოადგილე ლარისა გარიევა შეასრულებს და დირექტორადაც გარიევა დაინიაშნება. თუმცა ამ უკანასკნელმა ეს ჩვენთან საუბარში უარყო.

“მე არ ვარ მოვალეობის შემსრულებელი. არ ვიცი, ვინ ასრულებს დირექტორის მოვალეობას. საერთოდ არაფერი არ ვიცი,” - განაცხადა გარიევამ.

ახალი ამბები