კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი ეჭვობს, რომ პროკურატურის წარმომადგენლებმა ყოფილი მსჯავრდებულის თანხა მიითვისეს

22 მაისი, 2014
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს მთავარ პროკურატურას, შეისწავლოს ყოფილი მსჯავრდებულის, ზურაბ გვაზავას საქმეზე პროკურატურის წარმომადგენელთა მხრიდან დიდი ოდენობის თანხის - 28 000 აშშ დოლარის შესაძლო უკანონოდ მითვისების საკითხი. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს ყოფილი მსჯავრდებულის, ზურაბ გვაზავას ინტერესებს, რომლის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 2010 წლის 24 ივნისს, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობის თანხა, საკრედიტო ბარათები, პირადობის მოწმობა, პასპორტი და სხვა დოკუმენტაცია. ჩხრეკას ატარებდა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებელი გოჩა საათაშვილი.

ვინაიდან სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე არ მომხდარა ბინის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხისა და პირადი ნივთების ნივთმტკიცებად ცნობა, სასჯელის მოხდის შემდეგ ზურაბ გვაზავამ არაერთი განცხადებით მიმართა იუსტიციის სამინისტროს (19.11.2012 (#13/47823), 01.04.2013 (#13/35075), 03.04.2013 (#13/36263), 27.07.2013 (#13/76363), რათა მისთვის დაებრუნებინათ ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები და ფულადი თანხა - 28 000 აშშ დოლარი.

ნივთებისა და თანხის დაბრუნების მოთხოვნით ადამიანის უფლებათა ცენტრმაც მიმართა მთავარ პროკურატურას 2013 წლის 23 სექტემბერს და 17 ოქტომბერს ოფიციალური წერილებით, მაგრამ - უშედეგოდ. ცენტრი პროკურატურიდან წერილობით პასუხს არ იღებდა რეაგირების შესახებ. მხოლოდ სატელეფონო საუბრით გაირკვა, რომ საქმე მთავარი პროკურატურიდან თბილისის პროკურატურას გადაეგზავნა განსახილველად, საიდანაც კვლავ მთავარს დაუბრუნდა. ხოლო ამჟამად საქმე განსახილველად აქვს განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელ გოჩა საათაშვილს, ანუ... იმავე გამომძიებელს, რომელმაც გვაზავას ბინის ჩხრეკისას ამოიღო ნივთები და ფულადი თანხა.

სამართლებრივად გამომძიებელი შემდეგნაირად უნდა მოქცეულიყო: გამოძიების მიმდინარეობისას ან მისი დასრულების შემდეგ, ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები და თანხა გვაზავას ოჯახის წევრისთვის (ამ შემთხვევაში - მეუღლისთვის) უნდა გადაეცა შესაბამისი ხელწერილის ჩამორთმევის შემდეგ, რისთვისაც სულაც არ იყო საჭირო საქმეზე საბოლოო განაჩენის დადგომა. მიუხედავად საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისა, პროკურატურამ გვაზავას ნივთები და ფულადი თანხა მაინც არ დაუბრუნა.

გამომძიებელი სატელეფონო საუბრებში აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე - ზურაბ გვაზავას დაუბრუნონ თუ არა საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული თანხა, პროკურატურაში მსჯელობენ. ეს კი თითქმის წელიწადია, გრძელდება. ასევე, გამომძიებელი აცხადებს, რომ სასამართლოს განაჩენში ვინაიდან ასახული არ იყო ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთების საკითხი, საჭირო იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 1 მარტის განაჩენში (საქმე #1/3990-10; მოსამართლე - ნინო ელიეშვილი) არსებული ბუნდოვანება/უზუსტობის აღმოფხვრა, დაზუსტება.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ სასამართლოს აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა არ ეხება. ამის მიუხედავად, ორგანიზაციამ ფორმალურად მაინც მიმართა სასამართლოს და მოითხოვა განაჩენის ბუნდოვანება/უზუსტობის აღმოფხვრა. სასამართლომ წერილობით პასუხში აღნიშნა, რომ რადგან ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთებისა და ფულადი თანხის ნივთმტკიცებად ცნობა არ მომხდარა, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში ემსჯელა აღნიშნული ნივთების თაობაზე. ამდენად, 2011 წლის 1 მარტის განაჩენში არ არსებობს უზუსტობის აღმოფხვრის ან შესწორების შეტანის საფუძველი.

ადამიანის უფლებათა ცენტრს რჩება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა, რომლებიც 2010 წელს უშუალოდ მონაწილეობდნენ ზურაბ გვაზავას საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში, ამოღებული პირადი ნივთები და თანხა უკანონოდ მიითვისეს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს მთავარ პროკურატურას, ზურაბ გვაზავას კუთვნილი პირადი ნივთებისა და დიდი ოდენობის თანხის შესაძლო უკანონოდ მითვისების ფაქტზე დაიწყოს გამოძიება. გამოძიების წარმართვა დაევალოს გამომძიებელს, რომელსაც არც ზურაბ გვაზავას მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში და არც ყოფილი მსჯავრდებულის ბინის ჩხრეკაში მონაწილეობა არ მიუღია. 

ახალი ამბები