14:36, Friday, 10.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

რელიგიური დაპირისპირების კერა ქობულეთში

16.10.2014

 
გიორგი ჯანელიძე, humanrightshouse.org 

აჭარის ტელევიზიამ 10 სექტემბერს პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქობულეთში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე სახლში მუსულმანური საზოგადოების მიერ სკოლა-პანსიონის გახსნის მცდელობა იმავე ქუჩის მართლმადიდებელმა მოქალაქეებმა სახლის კარზე ღორის თავის მიჭედებით გააპროტესტეს. ამ ინცინდენტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ინციდენტს და თანმხლებ მოვლენებს ქართული მედია რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად აშუქებდა. საზოგადოებამ რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტის გაჩაღების საფრთხე დაინახა. 

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მონიტორინგის ჯგუფი სიტუაციის ადგილზე გასაცნობად ქობულეთს 19 სექტემბერს ეწვია. ლერმონტოვის პატარა, ნაწვიმარ ქუჩაზე კვლავ დაძაბული გარემო დაგვხვდა. დიდი ყვითელი ქოლგის ქვეშ რამდენიმე ახალგაზრდას შეეფარებინა თავი. შედარებით ხანდაზმულები პირობითი სკოლა-პანსიონატის ღობესთან აღმართული საპროტესტო პლაკატების ფონზე, თავიანთ დამოკიდებულებას ქართული საეკლესიო საგალობლებით გამოხატავდნენ. 

ხანდაზმული ქალბატონი, რომელიც საზოგადოებამ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოთი გაიცნო, დღემდე აქტიურადაა ჩართული ამ პროცესებში და საპროტესტო ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერადაც მოიაზრება. როგორც თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სკოლა-პანსიონატში მის თურქ მეპატრონეს თავდაპირველად სასტუმროს გახსნა ჰქონდა დაგეგმილი. შემდეგ იქ სამი მუსულმანური ქართული ოჯახი აპირებდა შესახლებას, რაც ქუჩის მცხოვრებლებმა მშვიდად მიიღეს და ახალ მეზობლებს ახალი კერაც დაულოცეს. მას შემდეგ კი, რაც გაირკვა, რომ სახლის მობინადრეები ფანჯრების ამოშენებას აპირებდნენ, ლერმონტოვის ქუჩაზე მცხოვრებ მოქალაქეებს გარკვეული ეჭვები გაუჩნდათ. ამას დაემატა კამათი, რომელიც ურთიერთშეურაცხყოფაში გადაიზარდა. 

ლერმონტოვის ქუჩაზე პოლიცია 24-საათიან რეჟიმში პატრულირებს და ორივე მხარის უსაფრთხოებას იცავს. მართლმადიდებელი მოქალაქეები სკეპტიკურად უყურებენ ქრისტიანებით დასახლებულ ქუჩაზე მუსულმანური სასწავლო დაწესებულების გახსნას, რადგან ამ იდეას „მცოცავი თურქული ექსპანსიის“ ნაწილად მოიაზრებენ. ისინი ამტკიცებენ, რომ აღნიშნული უძრავი ქონება 250 000 ამერიკულ დოლარად თურქეთის მოქალაქემ იქ სასტუმროს გამართვის მიზნით შეიძინა. ეს კი, მათი აზრით, უკვე საგულისხმო ფაქტია. 

„250 000-300 000 დოლარად ბათუმში პრესტიჟულ ადგილზე იყიდით სახლს. რატომ შეიძინა მაინცდამაინც ქობულეთის ამ პატარა, ქრისტიანებით დასახლებულ ქუჩაზე უძრავი ქონება?! როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი, ვაპროტესტებ და მიმაჩნია, რომ აქ არ უნდა გაიხსნას არანაირი სასწავლებელი.ამ სასწავლებელში თურქეთიდან მოაქვთ ლიტერატურა. ჩვენ არ ვიცით, ეს რა ლიტერატურაა. ამის გაკონტროლება შეუძლებელია. ჩვენთვის ეს ყველაფერი დახურულია და მოვითხოვთ, რომ საქართველოს განათლების სამინისტრო ჩაერთოს ამ საქმეში. იმედია, საქართველოს კეთილმორწმუნე მთავრობა დაგვეხმარება ამ ყველაფერში. აქ იყვნენ საკრებულოსა და მთავრობის წარმომადგენლები, რომლებმაც აღგვითქვეს დახმარება. მე პირადად ღმერთზე ვარ მინდობილი. მისი ნების გარეშე არაფერი კეთდება“, - აცხადებს ადგილობრივი ანდრია ინაიშვილი.  

კაპიტალურად ნაგები სამსართულიანი შენობის წინ რკინის 3-4 მეტრის თეთრი ჯვარია აღმართული. ქუჩის მობინადრეები ირწმუნებიან, რომ ჯვარი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე აღმართეს. ადგილობრივი მკვიდრი, ნანი მელაძე დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ სასწავლებელში სწავლას არა მხოლოდ ქობულეთელი ბავშვები გეგმავენ, არამედ გარკვეული კონტინგენტი გურიიდან კი აპირებს ჩასვლას: „რატომ უნდა იყვნენ ჩვენი ბავშვები ამ სასწავლებელში?! ჩვენ ეს არ გვინდა! ეს სახლი ძალიან დიდია. მოდის ბევრი ხალხი, რომლებიც ხმაურით გვაწუხებენ. ეს არის არასათანადო ადგილზე გაკეთებული. აქ ვართ 100% მართლმადიდებლები და ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ აქ გაიხსნას მედრესი ან სხვა სახის სასწავლებელი, ჯამეზე და სხვაზე ზედმეტია ლაპარაკი“.  

ეთერ ცეცხლაძე მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებს: „მთავრობის წევრი არავინ მოსულა. არავინ დაინტერესებულა, გარდა იმისა, რომ ჩვენ გვლანძღავენ და გვამტყუნებენ. რატომ არ ეხმაურებიან ამას ჩვენი სახელმწიფო მოხელეები, პოლიტიკოსები ან ისტორიკოსები? უმცირესობაში დავრჩით ჩვენ, ქართველები“. 

„არა თურქული მედრესი-ჯამე-პანსიონატი უბანში!“ „შევაჩეროთ თურქული ექსპანსია!“ მსგავსი შინაარსის საპროტესტო ტრანსპარანტების ფონზე მირიან ცეცხლაძე - ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და აქტივისტი ამბობს: „ასეთი სასწავლებლები, ე.წ. მედრესი, რომელსაც პანსიონს ეძახიან, ქობულეთის რაიონში რამდენიმეა: სოფ. ციხისძირში, სოფ. ჯიხანჯურში, ჩაქვშიც არის კიდევ ორი. ამდენის საჭიროება არც არის. სულ 40 მოსწავლე ჰყავთ. რუსთაველის ქუჩაზეც ასწავლიან, ციხისძირშიც ასწავლიან, დღეს მათ ეს რომ გაიტანონ, ხვალ უკვე სხვა უბანში მოითხოვენ. მცოცავ ანექსიას ჰგავს ეს!“ 

ის-ის იყო, პიკეტირებული სახლის ეზოსკენ ავიღეთ გეზი, რომ მოპიკეტეებმა მოგვაძახეს, ფეხზე არ გაიხადოთო. შენობაში შესულებს სამად სამი ახალგაზრდა დაგვხვდა. ისინი ლერმონტოვის ქუჩაზე გაჩაღებული საპროტესტო აქციების ფონზე, ტერიტორიას იცავდნენ. დიდხანს ვფიქრობდით, ფეხზე გაგვეხადა თუ არა. უფრო სწორად, მზად ვიყავით დავმორჩილებოდით მასპინძელთა თხოვნას, რომელიც ჯერ არსად ჩანდა. ბოლოს, ისევ მათ, მორიდებით შემოგვთავაზეს ბახილები, რამაც წამიერად ჩამოვარდნილი უხერხულობა გაანეიტრალა. 

როინ გუნდაძე ხულოს მუნიციპალიტეტიდანაა. იგი პანსიონის ყოფილი მოსწავლეა და ამჟამად სახლს კურირებს. მან მოსწავლეების ორსართულიანი, ხის კომფორტული საწოლებით გაწყობილი, 40 ბავშვზე გათვლილი ფართო და ნათელი ოთახები დაგვათვალიერებინა. საძინებლები, საკლასო ოთახები და სასადილო უმაღლესი სტანდარტებითაა მოწყობილი. როგორც გვითხრეს, საკლასო ოთახები ორმოც ბავშვზეა გათვლილი. დიდი ოთახიდან ნახევარი საკლასო მუშაობისთვის, ხოლო მეორე ნახევარი სამლოცველოსთვის არის განკუთვნილი. ხელმძღვანელების საწოლი ოთახები ცალკეა, ხოლო ბავშვებისა - ცალკე.  სისუფთავე და წესრიგი, როგორც ჩანს, ამ დაწესებულების მთავარი პრიორიტეტებია. ფანჯრების ამოშენებისა და იქაურობის დაბნელების სურვილი არ შეგვიმჩნევია. 

კახა კახაძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსზე სწავლობს და თან სადავო დაწესებულების უსაფრთხოებას იცავს. როგორც ის გვიყვება, ამ სკოლაში ბავშვები, ძირითადად, მაღალმთიანი აჭარის სოფლებიდან ჩამოდიან. ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია, უქმეებზე სახლში წავიდეს. კახა გვიამბობს, რომ დღის მანძილზე რელიგიის გაკვეთილი 90-წუთიანია. დანარჩენი დრო კი ქართული სკოლებისთვის შედგენილ სახელმძღვანელოებსა და დისციპლინებს ეთმობა. 

„ჩემი აზრით, ამ საზოგადოებამ არც კი იცის, რას აპროტესტებს. მათ ჰგონიათ, რომ ეს არის თურქული  ექსპანსია.  არანაირი თურქული ექსპანსია აქ არაფერ შუაშია. ზოგი ამბობს, რომ არ უნდათ მუსლიმური სასწავლებელი, რადგან აქ ძირითადად მართლმადიდებლები ცხოვრობენ. აქ იზრდებიან ქართველი მოსწავლეები, არიან ქართველი მასწავლებლები, ასწავლიან ქართულს, უნერგავენ პატრიოტიზმს, სამშობლოს სიყვარულს და ა.შ. ყველანი ქართველი მუსლიმები ვართ, ვინც კი ამ სასწავლებელში სწავლობს. ჩვენ ძალიან გვწყინს, რომ ჩვენი თანამემამულეეები ხან თურქებს გვიწოდებენ და ხან - თათრებს. ეს რომ თურქული ექსპანსია იყოს, აუცილებლად გავილაშქრებდით მის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ასე არ არის?! რუსთაველის 33-თანაც იყო ქრისტიანი მოსახლეობა, 3 წელი ვსწავლობდი მე იქ, მაგრამ არავის აუკრძალავს და არანაირი შეზღუდვა არ მქონია“, - ამბობს კახა კახაძე.    

რუსთაველის 33-ზე მდებარე კერძო სახლი შედარებით მოძველებულად გამოიყურება. იქ უკვე ფეხსაცმელს ვიხდით და მომცრო საკლასო ოთახებში ასაკობრივი ცენზის მიხედვით გადანაწლებულ ორ-სამ ათეულ მოსწავლეს გაკვეთილზე ვესწრებით. სკოლის ხელმძღვანელი გია სურმანიძე სკოლის ფუნქციასა და სპეციფიკას გვაცნობს. აქ სასკოლო პროგრამას ჩამორჩენილ ბავშვებს აკადემიური მოსწრების ამაღლებაში ეხმარებიან. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მსგავსი პრობლემების გადაჭრის გზებს სპეციალური „სააღმზრდელო საქმიანობის უფლების“ გაცემაში ხედავს. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროგრამული დაფინანსებით 6 სკოლაში ახორციელებს პანსიონურ მომსახურებას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს ბავშვთა ზრუნვის სტანდარტში ცვლილებების შეტანაზე. ასევე შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ვთანამშრომლობთ სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის  წესში ცვლილების შეტანის პროცედურებზე. აღნიშნული  წესი დაავალდებულებს ყველა პირს/ორგანიზაციას, სააღმზრდელო საქმიანობის უფლების მოპოვების შემთხვევაში, დააკმაყოფილოს პირობები და მოიპოვოს სააღმზრდელო საქმიანობის უფლება“, - აღნიშნულია წერილში, რომელიც თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის კითხვებზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა მოგვწერა. 

6 ოქტომბერს, ქართულ მედიაში აღნიშნულ ინცინდენტთან დაკავშრებით სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის საგანგებო განცხადება გავრცელდა: „რელიგიის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული ადამიანის ერთ–ერთი ფუნდამენტური უფლებაა. გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება გაუმართლებლად არ ხელყოს ამა თუ იმ პირის რელიგიის თავისუფლება, ის ასევე ვალდებულია გაატაროს ქმედითი ზომები, რათა ყველას მიეცეს ამ უფლებით სრულყოფილად სარგებლობის შესაძლებლობა. 

საქართველოს სახალხო დამცველმა 10 სექტემბრიდან დღემდე მუსლიმთა პანსიონის შესახებ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მიმართა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს, მათ შორის საქართველოს მთავარ პროკურატურას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და სსიპ რელიგიის საკითხთა სააგენტოს. სახალხო დამცველი იმედოვნებს რომ შესაბამისი უწყებებიდან დასმულ შეკითხვებზე ამომწურავ პასუხს მიიღებს. 10 სექტემბრის შემდგომ ქობულეთში მოვლენების განვითარება და მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესი მიანიშნებს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, მათ შორის, მნიშვნელოვანია დადგეს რელიგიური შეუწყნარებლობის მსგავსი აგრესიული ფორმით გამომხატველ პირთა ადეკვატური სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი", - ნათქვამია განცხადებაში. 

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრის (GCRT) სპეციალისტი, თინანო ჯავახიშვილი სხვადასხვა რწმენის მქონე ქართველებს შორის ჩამოვარდნილ უთანხმოებას ასე აფასებს: „ვფიქრობ, ქობულეთში შექმნილი სიტუაცია არის ძალიან კარგი ილუსტრაცია იმისა, თუ რა ხდება ზოგადად ქართულ საზოგადოებაში. ჩემი დაკვირვებით, ამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის დამოკიდებულება ნებისმიერი უმცირესობების მიმართ, საუკეთესო შემთხვევაში არის შემდეგი: „იყვნენ, ოღონდ თავისთვის“. ამ ფრაზამ არაერთხელ გაიჟღერა ქობულეთშიც. ეს დამოკიდებულება ძირშივე უარყოფს თანასწორობისა და თანაბარუფლებიანობის იდეას, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ჯანსაღი საზოგადოების განვითარებისთვის“.    
                                                                                                            აქტიური ქალბატონი, რომელმაც ჩვენთვის ვინაობის გამხელა არ ისურვა, იმასაც ამბობდა, რომ ისინი რელიგიას არ ეწინააღმდეგებიან. „მათ ამოარჩიეს ისეთი უბანი, სადაც ერთი ადამიანიც არაა მუსლიმანი. მათ წმინდად ქრისტიანული, მართლმადიდებლური კუთხე ამოარჩიეს, რათა ჩვენ ხმა ამოვიღოთ და რელიგია რელიგიას დავუპირისპიროთ... მაგრამ დიდება ღმერთს, უფალი გვაძლევს ძალას, რომ ჩვენ რელიგიას არ ვუპირისპირდებით“, - განაცხადა ქალბატონმა და დამშვიდობებისას პირჯვარი გადაისახა. 

ორიგინალი: 
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC