კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაიას ექსტრადირებაზე უარი თქვა

20 ოქტომბერი, 2014
 
სივილ ჯორჯია

საბერძნეთის სასამართლომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას საქართველოში ექსტრადირებაზე უარი განაცხადა. 

„კიდევ ერთმა ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ საქართველოში არის პოლიტიკური დევნა“, - განუცხადა დათა ახალაიამ საზოგადოებრივ მაუწყებელს  16 ოქტომბერს სასამართლო მოსმენის შემდეგ.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ განცხადებას ამ საქმესთან დაკავშირებით მას შემდეგ გააკეთებს, რაც საბერძნეთის სასამართლოს ოფიციალურ შეტყობინებას მიიღებს იმის თაობაზე, თუ რა საფუძველი დაედო ამ გადაწყვეტილებას.

დათა ახალაია მარტში თბილისის საქალაქო სასამართლომ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა დაუსწრებლად საქმეზე, რომელიც ცხრა წლის წინ პოლიციელების ცემას ეხება. მას ასევე ბრალი აქვს წაყენებული სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით და ასევე კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც 2006 წლის იანვარში თბილისში ჩატარებულ მსხვერპლიან სპეცოპერაციას ეხება.

ინტერპოლის მიერ ძებნილი დათა ახალაია, რომელმაც საქართველო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დატოვა, საბერძნეთში გაზაფხულის დასაწყისში დააკავეს, როცა ის, გავრცელებული ინფორმაციით,  ყალბი საბუთით იტალიაში გადასვლას ცდილობდა. ივნისის დასაწყისში ის წინასწარი პატიმრობიდან მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც საბერძნეთის სასამართლოს მიერ დაკისრებული 100 ათასი ევროს ოდენობით გირაო გადაიხადა.

დათა ახალაიას მსგავსად, რომელიც კუდ-ის ხელმძღვანელობის შემდეგ თავდაცვის მინისტრის მოადგილეც იყო, საქართველოში სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს მისი ძმის, ყოფილი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას მიმართ, რომელიც 2012 წლის ნოემბრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და ასევე მამის, როლანდ ახალაიას წინააღმდეგ, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატია.

დათა ახალაია ყოფილი ხელისუფლების პირველი მაღალჩინოსანი არ არის, რომლის ექსტრადიციაზეც საქართველომ უარი მიიღო. ანალოგიური გადაწყვეტილება საფრანგეთის სასამართლომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის მიმართ გამოიტანა.

ახალი ამბები