04:50, Wednesday, 05.08.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ინტიგამ ალიევი გალიიდან გაათავისუფლეს

06.02.2015

 
ალეკო ცქიტიშვილი, 
humanrights.ge, ბაქო-თბილისი

3 თებერვალს ცნობილი აზერბაიჯანელი უფლებადამცველის, ინტიგამ ალიევის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის არსებითი მოსმენა ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლოში სასამართლო კოლეგიის მოულოდნელი გადაწყვეტილებით დაიწყო. მოსამართლემ სხდომის დაწყებისთანავე, ყოველგვარი შუამდგომლობის გარეშე, რკინის გალიიდან უფლებადამცველის გამოშვება ბრძანა. ჟანგიანმა საკეტმა ხმაურით გაიჩხაკუნა და ინტიგამ ალიევმა გალიიდან სასამართლოს დარბაზში ადვოკატების გვერდით გადაინაცვლა. დამსწრე საზოგადოება გისოსებიდან გამოსულ პოლიტპატიმარს ტაშით მიესალმა.

გალიიდან ინტიგამ ალიევის გამოშვების შესახებ შუამდგომლობა ადვოკატებმა წინამოსამზადებელ სხდომაზეც დააყენეს, მაგრამ მაშინ უარი მიიღეს. სასამართლო შემადგენლობის პოზიციის შეცვლას უფლებადამცველები სასამართლო პროცესისადმი დამკვირვებელთა მისიების დიდი ინტერესით ხსნიან. 

3 თებერვალს სასამართლო პროცესს საქართველოდან „კონსტიტუციის 42-ე მუხლისა“ და ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებიც დააკვირდნენ, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში. პროცესზე ასევე იმყოფებოდნენ აზერბაიჯანში აკრედიტებული აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების, სხვა დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების მონიტორები და დამკვირვებლები. დარბაზის წინა რიგებში ადგილობრივი ჟურნალისტებიც ისხდნენ, რომლებსაც მართალია, აუდიო და ვიდეოგადაღება ეკრძალებათ, მაგრამ პროცესის მსვლელობის ყოველ დეტალს დიდი ინტერესით ინიშნავდნენ თავიანთ ბლოკნოტებში. 

მყიფე მართლმსაჯულება

„ჩვენ აზერბაიჯანში გვაქვს ნავთობი, ოქრო, სხვა ბუნებრივი სიმდიდრეები, მაგრამ არა გვაქვს დემოკრატია და თავისუფლება - ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც შეიძლება ქვეყანას ჰქონდეს. ამაში ამ პროცესის მიმდინარეობაც დაგარწმუნებთ“, - გვითხრა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის, „მუსავათის“ ხელმძღვანელი ორგანოს - დივანის წევრმა, ბაშხანუმ აბასოვამ, რომელიც სხდომას ჩვენს გვერდით აკვირდებოდა.

მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მასშტაბური არქიტექტურული და ინფრასტრუქტურული პროექტების ბუმია (ქვეყანა წელს ევროპის ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს), სასამართლო დარბაზების გარეგნული მდგომარეობაც აჩვენებს, რომ დემოკრატია 20-30 წლით ჩამორჩება ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას და აღმშენებლობას. სასამართლოს შენობებში თვალში მოგხვდებათ ძველი საოფისე ავეჯი, მტვერი, დიდი ხნის განმავლობაში გაურემონტებელი დარბაზები, სადაც ასევე ნახავთ ევროპული სახელმწიფოსთვის მეტად შეუფერებელ რუდიმენტს - ჭუჭყიან და ულაზათო რკინის გალიებს. 

ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლოს სამი შესასვლელი აქვს. ცენტრალური შესასვლელი რკინის კარით არის ჩაკეტილი და ამ კარით მხოლოდ სასამართლოს თანამშრომლები სარგებლობენ. მეორე შესასვლელი კანცელარიის მხრიდანაა, სადაც #1 სასამართლო დარბაზია (აქ ინტიგამ ალიევის პროცესის წინამოსამზადებელი სხდომა ჩატარდა, მაგრამ პატარა ფართის გამო, ადვოკატებმა იშუამდგომლეს, შემდეგი სხდომა უფრო დიდ დარბაზში ჩატარებულიყო). მესამე შესასვლელი ბაშირ საფაროღლუს ქუჩის მხრიდანაა, რომელიც რკინის გისოსებიანი ღრჭიალა კარითაა  ჩაკეტილი. კარს სამხედროფორმიანი წვევამდელები დარაჯობენ, რომლებიც ხანდახან თავს გამოყოფენ და შენობაში რიგ-რიგობით უხმობენ ამა თუ იმ სასამართლო პროცესზე დასწრების მსურველებს. ამიტომ აქ ქუჩაში, ვიწრო ტროტუარზე, ხშირად დგას შენობაში შესვლის მსურველი მოქალაქეების გრძელი რიგი. ამ კართან ასევე იმყოფებიან სასამართლოს დაცვის მუშაკები და ბადრაგის თანამშრომლები, რომლებსაც მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირები მოჰყავთ. 

აზერბაიჯანის მართლმსაჯულების მიერ ინტიგამ ალიევიც მძიმე დამნაშავედ არის მიჩნეული და ისიც იზიარებს იმ მკაცრ საპატიმრო თუ ეტაპირების პირობებს, რაც ამ კატეგორიის ბრალდებულებს განსაკუთრებით აწუხებთ. დამკვირვებელთა მისიების აქტიურობის შედეგად, 3 ტებერვალს სასამართლომ კიდევ ერთი შუამდგომლობა დააკმაყოფილა - საქმის არსებითი განხილვა შედარებით დიდ დარბაზში დაიწყო. თუმცა, ინტიგამ ალიევის პროცესის მიმართ იმდენად დიდი ინტერესია, რომ პროცესზე დასწრების მსურველთა დიდი ნაწილი 50-კაციან დარბაზშიც ვერ მოხვდა. დარბაზში შესვლის წინ სასამართლოს დაცვამ დამკვირვებლებს და სხვა დამსწრეებს მობილური ტელეფონები და პირადობის მოწმობები ჩამოართვა და გარეთ დაატოვებინა. 

დარბაზი, სადაც ინტიგამ ალიევის საქმის არსებითი მოსმენა დაიწყო, მართკუთხა ფორმისაა - დაახლოებით 25-30 მეტრი სიგრძითა და 6-7 მეტრი სიგანით. ერთ მხარეს 1,7 მ. სიგანისა და 8 მ. სიგრძის რკინის გალიაა, რომელშიც მძიმე დანაშაულში ბრალდებულ პირებს ათავსებენ. ასეთი გრძელი დარბაზი საკმაოდ მოუხერხებელია პროცესის მსვლელობისათვის, რადგან სასამართლო შემადგენლობა იმდენად შორსაა დამსწრეთაგან, რომ ხშირად არ ისმის, რას ამბობს სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე და მხარეები. განსაკუთრებით პროკურორის სიტყვებია ძნელად გასარჩევი. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ პროკურორი განგებ საუბრობს დაბალ ხმაზე, რათა დამკვირვებლებმა პოლიტპატიმრის წინააღმდეგ შეკერილი საქმის ხარვეზების შესახებ რაც შეიძლება ნაკლები ინფორმაცია მიიღონ. სასამართლომ კვლავ არ დააკმაყოფილა ინტიგამ ალიევის ადვოკატების განმეორებითი შუამდგომლობა სასამართლო პროცესის აუდიო და ვიდეოგადაღების თაობაზე, რაც კანონმდებლობით დაშვებულია, მაგრამ პრაქტიკაში არ გამოიყენება. მოსამართლემ განაცხადა, რომ სასამართლოს მდივანი ხელით ავსებს ოქმს სხდომის მიმდინარეობის თაობაზე, რაც სავსებით საკმარისია. ასევე არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა მიკროფონების ჩართვის შესახებ, რათა დამსწრე საზოგადოებას უფრო კარგად გაეგონა სასამართლო შემადგენლობისა და მხარეების საუბარი. 

დაუკმაყოფილებელი და განუხილველი შუამდგომლობები უფრო მეტია

აზერბაიჯანის სასამართლო (მასზე ჯერ კიდევ ხორციელდება საპროკურორო ზედამხედველობა, როგორც ეს შორეულ საბჭოთა წლებში იყო) არ აკმაყოფილებს ბრალდებულის ადვოკატთა შუამდგომლობების უმრავლესობას. არსებობს „ზედამხედველი“ პროკურატურის მხარდაჭერის მეორე გზაც - შუამდგომლობების განუხილველად დატოვება.

3 თებერვალს პროცესზე ადვოკატების მიერ დაყენებული შუამდგომლობებიდან 2 არ დაკმაყოფილდა, 4 სასამართლო კოლეგიამ განუხილველი დატოვა, 2 - სრულად დააკმაყოფილა, 2 კი - ნაწილობრივ. სასამართლო შემადგენლობამ ასევე არ დააკმაყოფილა დაზარალებულთა ადვოკატის შუამდგომლობაც პროცესის დახურვის თაობაზე, იმ მოტივით, რომ  თითქოსდა პროცესზე დაზარალებულთა საბანკო გადარიცხვების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია უნდა გასაჯაროვდეს. ამ შუამდგომლობამ დარბაზში საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია და იმდენად პოლიტიკურ კონტექსტში გაიჟღერა, რომ მას პროკურორმაც კი არ დაუჭირა მხარი. პროკურორის პოზიციამ სასამართლო კოლეგიას გაუადვილა გადაწყვეტილების გამოტანა სასამართლო პროცესის გამჭვირვალობის სასარგებლოდ. 

არ დაკმაყოფილდა ადვოკატების შუამდგომლობა ინტიგამ ალიევის აღკვეთის ღონისძიების - წინასწარი პატიმრობის გირაოთი გათავისუფლების ან შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ. ალიევმა განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია იყოს პატიმარი იმ ქვეყანაში, სადაც ათობით პოლიტიკური პატიმარია და ამდენად, მას ინტერესი აქვს, რომ ბოლომდე მიიღოს მონაწილეობა მის წინააღმდეგ აღძრული საქმის სასამართლო განხილვაში. ამავე დროს, მისთვის მაინც გაუგებარია, თუ რატომ ამბობს სასამართლო უარს გირაოთი მის გათავისუფლებაზე, რადგან პროცესის დასრულებამდე მისი პასპორტი პროკურატურაში ინახება, პირადი საბანკო ანგარიშები კი დაყადაღებულია და ამდენად, ქვეყნის საზღვრებს ვერ დატოვებს, ვერც სხვა გზით დაემალება მართლმსაჯულებას, რაზეც ბრალდების მხარე აპელირებს. „ვიცი, რომ ამ შუამდგომლობაზე უარს იტყვით, მაგრამ ამ უარით ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ საზოგადოებას პოლიტპატიმართა დაპატიმრებების პროცესის უკანონობას“, - მიმართა ინტიგამ ალიევმა მოსამართლეს. 

ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ინტიგამ ალიევის შუამდგომლობა ეტაპირებისას მისი და სხვა ბრალდებულების უფლებათა შელახვის აღმოფხვრის შესახებ. „ბადრაგირებისას ვიმყოფები რკინის კუბოში - მანქანაში, რომლითაც მე და სხვა ჩემი მსგავსი ბრალდებულები გადაყავთ, დამამცირებელი და არაადამიანური გარემოა. ასეთი გარემო ეწინააღმდეგება ევროპის კანონმდებლობას და სტანდარტებს. პატიმრები არა ვართ ცხოველები, რომ ასეთი მანქანით მოგვიყვანონ სასამართლოში და მერე აქ კიდევ ჩაგვსვან გალიებში“, - მიმართა მოსამართლეებს ინტიგამ ალიევმა. მისი თქმით, ამ „რკინის კუბოში“ სამი განყოფილებაა: ერთი - საერთო, რომელშიც 9 პატიმარი ეტევა, მეორე ორადგილიანი და მესამე - ერთადგილიანი კამერა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულთათვის, სადაც ეტაპირებისას მას ათავსებენ. პროკურორმა მოსამართლეს განუცხადა, რომ ალიევმა თვითონ მოითხოვა ეტაპირებისას სხვა პატიმრებისგან განცალკევება და იმიტომ მოათავსეს ერთადგილიან კამერაში. ინტიგამ ალიევმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ მან პირიქით, მოითხოვა არა მხოლოდ მისი, არამედ სხვა პატიმრების უფლებების დარღვევების აღმოფხვრა და ისეთი მანქანის შერჩევა, სადაც არ იქნება უჰაერობა და არაადამიანური, დამამცირებელი პირობები. სასამართლო კოლეგიამ ადგილზე მოთათბირებით გადაწყვიტა, რომ მიმართავენ პენიტენციურ სისტემას თხოვნით, მოაგვარონ ბრალდებულთა ეტაპირებისას არსებული პრობლემები. 

ბრალდება

ინტიგამ ალიევის ადვოკატების შუამდგომლობები, რომლებიც ბრალდების არსებით საკითხებს ეხებოდა, სასამართლომ განუხილველი დატოვა. ყოველ ასეთ შუამდგომლობაზე კოლეგია ეთანხმებოდა პროკურორს, რომელიც ფაქტობრივად, ცდილობდა, სასამართლოს გვერდი აეარა მნიშვნელოვან თემებზე მსჯელობისათვის. სასამართლომ ამ ეტაპზე განუხილველად დატოვა შუამდგომლობები ინტიგამ ალიევის ოფისის ჩხრეკის დროს ამოღებული საოფისე დოკუმენტაციის დაბრუნების, იუსტიციის სამინისტროდან საგრანტო ხელშეკრულებების ასლების გამოთხოვის და წაყენებული ბრალდების გარშემო სხვა მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე. მოსამართლემ განაცხადა, რომ ამ შუამდგომლობებს სასამართლო საქმის არსებითი განხილვის შემდგომ სტადიებზე დაუბრუნდება. ამავე დროს, მოსამართლემ აღნიშნა, რომ ჩხრეკისას ამოღებული დოკუმენტაციის ნაწილი, რომლებიც საქმეს პირდაპირ არ ეხება, შეიძლება ახლაც დაბრუნდეს, ხოლო ოფისის მფლობელი თუკი წარმოადგენს დოკუმენტს, რომ ფართს ისევ აქირავებს, ოფისს ლუქსაც მოხსნიან. ოფისისთვის ლუქის მოხსნა ასევე მოითხოვა ალიევმა, რადგან მისი ორგანიზაცია - „სამოქალაქო განათლების საზოგადოება“ ამ დროისთვის პარალიზებულია ოფისის დალუქვისა და მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის ამოღების გამო. 

ინტიგამ ალიევმა ასევე დააყენა შუადმგომლობა მოწმეთა სიიდან მისი ადვოკატების ამოღების თაობაზე. მისი თქმით, პროკურატურამ მათ მოწმის სტატუსი სპეციალურად მიანიჭა, რათა ამ გზით აღარ მისცემოდათ საშუალება, პროცესზე დაეცვათ ინგიგამ ალიევი. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რასაც დარბაზში ტაში მოჰყვა. თუმცა, მოსამართლემ ჯერჯერობით განუხილველი დატოვა შუამდგომლობა ამ ადვოკატების საქმეში დაბრუნების შესახებ.

შუამდგომლობების შემდგომ პროკურორმა საბრალდებო დასკვნა წაიკითხა, რასაც სულ რაღაც 15 წუთი დასჭირდა. უკანონო მეწარმეობა (აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 192.2 მუხლი), გადასახადებისთვის თავის არიდება (213.1 მუხლი), სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (308.2 მუხლი) – ეს არის ინტიგამ ალიევისთვის ოფიციალურად წაყენებული ბრალდებები, რის გამოც იგი 2014 წლის 8 აგვისტოს დააკავეს. 

ინტიგამ ალიევის დაკავების დღესვე გაიჩხრიკა მისი ორგანიზაცია, რა დროსაც ოფისში არსებული დოკუმენტები (ხელშეკრულებები, ანგარიშ-ფაქტურები, საბანკო ანგარიშების ამონაწერები და ა.შ.), კომპიუტერები, დისკები და ჩიპები ისე ამოიღეს, რომ არ მომხდარა მათი ცალ-ცალკე აღწერა და სიის შედგენა. ეს ყველაფერი ერთიანად მოათავსეს ტომრებში და დალუქეს. ამან შემდგომში მთელი რიგი პრობლემები გამოიწვია, რაზეც ადვოკატებმა სასამართლო პროცესზეც გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ მათ არ მიუწვდებათ ხელი იმ დოკუმენტებზე, რითაც გააბათილებდნენ ბრალდებას. პროკურატურა უარს ამბობს ადვოკატებისთვის საქმისათვის მნიშვნელოვანი მასალების მიწოდებაზე. უფრო დიდი პრობლემა კი, ადვოკატების თქმით, არის ის, რომ თვითონ პროკურატურაც არ ეყრდნობა ჩხრეკისას ამოღებულ დოკუმენტებს და მხოლოდ ზოგადი ბრალდებებით შემოიფარგლება. სამაგიეროდ, ბრალდების მხარის განკარგულებაში არიან ე. წ. დაზარალებულები, რომლებმაც გამოძიებისას ინტიგამ ალიევის წინააღმდეგ მიცეს ჩვენებები. 

ლოგიკურად მართლაც პრობლემაა, როცა პროკურატურა ბრალდებულს ედავება, რომ მან არ დაარეგისტრირა მთელი რიგი საგრანტო ხელშეკრულებები იუსტიციის სამინისტროში, მაგრამ ეს საგრანტო ხელშეკრულებები ამ დროს სადღაც ტომრებშია მოთავსებული. სასამართლო კოლეგიამ ამ ეტაპზე განუხილველი დატოვა ადვოკატების შუამდგომლობა, რომ თუკი ბრალდება შესაბამის დოკუმენტაციას არ წარმოადგენს, სასამართლომ იუსტიციის სამინისტროდან მაინც გამოითხოვოს.

საერთაშორისო ორგანიზაციებს და ინსტიტუტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ინტიგამ ალიევი პოლიტიკური ნიშნით არის დაპატიმრებული. უფლებადამცველს აზერბაიჯანის წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 300-ზე მეტი სარჩელი აქვს შეტანილი. აქედან 30 სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო 100-ზე მეტ განაცხადზე ამ ეტაპზე ევროსასამართლოს დაწყებული აქვს კომუნიკაცია აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით.

2012 წელს ჩეხურმა ორგანიზაციამ People in Need ინტიგამ ალიევს მიანიჭა პრემია Homo Homini აზერბაიჯანელი ხალხის უფლებების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის. 
 
ინტიგამ ალიევის დაკავებიდან ოთხ დღეში საერთაშორისო ორგანიზაციამ Amnesty International-მა იგი სინდისის პატიმრად აღიარა. ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ გაერთიანებული ორგანიზაციის რამდენიმე სპეციალურმა მომხსენებელმა განაცხადეს, რომ შეშფოთებულნი არიან აზერბაიჯანში საზოგადოებრივი ორგანიზაციები ლიდერთა პოლიტიკურად მოტივირებული რეპრესიების გამო, რაც უკავშირდება მათი მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევათა დოკუმენტირებას. 2014 წლის 18 სექტემბერს კი ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდა, გაათავისუფლოს დაპატიმრებული უფლებადამცველები. 

ფოტო:
1 - ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლოს წინ, ქუჩაში, ვიწრო ტროტუარზე, ინტიგამ ალიევის პროცესზე დამსწრეთა მსურველების გრძელი რიგი დგას
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

მორიგების მორიგი შეთავაზება
საზოგადოება ინფორმირებულია, რომ 2017 წლის დეკემბრიდან ქალაქ თბილისის მერიისა და წყლის გამანაწილებელი კომპანიის - GWP-ს წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი მაქვს სარჩელი, რომლითაც მოვითხოვ თბილისის
ვრცლად...
ძალადობის მსხვერპლი ქალები
ცხოვრება ეჭვისა და უნდობლობის სამყაროში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC