კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მსჯავრდებული, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, დახმარებას ითხოვს

18 მაისი, 2015
 
ნათია გოგოლაშვილი

მსჯავრდებული ლაშა ლაბაძე, რომელიც სასჯელაღსრულების №18 დაწესებულებაში იმყოფება, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, დახმარებას ითხოვს. მსჯავრდებულს მხედველობა აქვს მკვეთრად დაქვეითებული და, ამასთან, საჭიროებს ამპუტირებული ფეხის პროთეზირებას. Humanrights.ge მსჯავრდებულის დედას, ლუბა ტატიშვილს, ესაუბრა.

„ამ ოთხი წლის განმავლობაში ორჯერ მძიმე ფორმებში დაემართა ტუბერკულოზი. C ჰეპატიტი აქვს. თვალის მხედველობა აქვს დაკლებული. წინა მთავრობის პირობებში თვეში სამჯერ გაჰყავდათ ჰოსპიტალში და თვალზე მკურნალობდნენ, რათა მდგომარეობა არ გაუარესებულიყო. ახლა აბსოლუტურად არაფერს უკეთებენ. ერთ თვალში 12%, მეორეში კი - 8% აქვს მხედველობა. ახლა დაუწყეს წამლებით მკურნალობა, მაგრამ მისი თვალი არ ექვემდებარება არც ოპერაციას, არც სათვალეებს, ამიტომ მუდმივ მკურნალობაში უნდა იყოს. რაც დაიჭირეს, გამუდმებით თვითმკვლელობის მცდელობები აქვს. ჯერ ქლორი დალია, შემდეგ - სოდა და სარეცხი ფხვნილი. ასევე, რაღაც სიბინძურე გაიკეთა ფეხში, ჰქონდა გაუსაძლისი ტკივილები და დახმარებას ითხოვდა. მათ იფიქრეს, რომ ნარკომანი იყო და წამალი უნდოდა. სამი დღით ადრე რომ გადაეყვანათ საავადმყოფოში, ფეხი შერჩებოდა. მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ გადაიყვანეს, როცა ნახეს, რომ ფეხი გაშავებული ჰქონდა, ამიტომ ფეხის მოკვეთა გახდა საჭირო“, - ამბობს ლუბა ტატიშვილი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი თითქმის 2 წელია, მსჯავრდებულ ლაშა ლაბაძის უფლებებს იცავს. მსჯავრდებულის ურთულესი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, ორგანიზაციამ არაერთი წერილი გაუგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს. თუმცა მათზე რეაგირება, ფაქტობრივად, არ ხდება. ლაშა ლაბაძის უფლებებს იურისტი თამარ ლუკავა იცავს. 

„წერილებით ვითხოვდით მსჯავრდებულის კონსულტაციას ოფთალმოლოგთან, რადგან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შემდგომ მსჯავრდებულს მხედველობა გაუარესებული აქვს, არაერთი მიმართვის შემდგომ მსჯავრდებული ოფთალმოლოგმა მოინახულა და ჩუტარდა გამოკვლევა, თუმცა, მსჯავრდებულის ინფორმაციით, მას ოფთალმოლოგის დანიშნულებით განსაზღვრულ მედიკამენტებს არ აწოდებენ, რის გამოც მას მხედველობა კიდევ უფრო გაუარესებული აქვს. ასევე აღსანიშნავია, რომ წერილობით არაერთხელ მივმართე სამედიცინო დეპარტამენტს მსჯავრდებულის მარცხენა ამპუტირებული ფეხის პროთეზირების საკითხის დაჩქარების მოთხოვნით, რადგან იგი თითქმის ერთი წელია, ელოდება პროთეზირებას და ამის გამო თავისუფლად გადაადგილებას ვერ ახერხებს. სამედიცინო დეპარტამენტის პასუხის მიხედვით, მითითებული საკითხის გადაწყვეტა მოხდება მას შემდეგ, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულების (სადაც განთავსებული არის მსჯავრდებული) მთავარი ექიმი სამედიცინო დეპარტამენტში გადააგზავნის წერილობით მოთხოვნას პროთეზირების საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნული პროცესი კი გვიანდება, რადგან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ, დროის უმოკლეს ვადაში მსჯავრდებული არაერთხელ იქნა გადაყვანილი სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებაში“, - აცხადებს თამარ ლუკავა.
თამარ ლუკავას განცხადებით, ადამიანის უფლებათა ცენტრი, კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, სამედიცინო დეპარტამენტის თავმჯდომარეს, დროულად მოახდინოს მსჯავრდებულ ლაშა ლაბაძის ამპუტირებული მარცხენა ფეხის პროთეზირება. ადამიანის უფლებათა ცენტრი ასევე მიმართვას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, რათა არ მოხდეს მსჯავრდებულის სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო.

ლაშა ლაბაძე, ყაჩაღობის ბრალდებით, 2011 წლიდან იხდის სასჯელს, თუმცა იგი დანაშაულს არ აღიარებს. აღსანიშნავია, რომ ლაშა ლაბაძე 2010 წლის 4 დეკემბერს გათავისუფლდა და რამდენიმე თვეში, ახალი ბრალდებით, კვლავ დააკავეს. „საპატიმროდან რომ გამოვიდა, მაშინვე მითხრა, გაყიდე ყველაფერი და გამიშვი საქართველოდანო. აქამდე ვინც კი გამოვიდა, მაქსიმუმ ორ თვეში უკან შეაბრუნესო. გარეთ მარტო გამოსვლას ერიდებოდა, თითქმის სულ ერთად დავდიოდით“, - იხსენებს ლუბა ტატიშვილი. ამჟამად, ლაბაძეს მისჯილი აქვს 21 წელი და 6 თვე. ოთხი წელია, რაც უკვე სასჯელს იხდის. იმის გათვალისწინებით, რომ ოთხი წელი მოაკლეს, 13 წელი აქვს დარჩენილი.

მსჯავრდებულის დედის თქმით, ყაჩაღობის ბრალდება უსაფუძვლოა, რადგან მაშინ, როცა, პოლიციის ინფორმაციით, დანაშაული მოხდა, ლაშა ლაბაძე შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა.

„1 თებერვალს მთელი დღე ერთად გავატარეთ. როგორც ამბობენ, სავარაუდოდ, 17:30 წუთზე მოხდა ძარცვა, ეს კი ის დროა, როცა ჩვენ ვიყავით სამებაში და პრეზიდენტის რეზიდენციას, დაახლოებით, 6-ის ნახევარზე გავუარეთ. გამოძიება ლაშას დროის ამ მონაკვეთზე ედავება. ჩემს შვილს იარაღი ხელში საერთოდ არ სჭერია. ის ორი დაუდგენელი პირი არც დაუჭერიათ. დაზარალებულთა ჩვენებებშიც აცდენებია, ერთმანეთს არ ემთხვევა. სასამართლო ამ გარემოებებით კი დღემდე არ დაინტერესებულა“, - აცხადებს ლუბა ტატიშვილი.

ლუბა ტატიშვილის განცხადებით, სასამართლო პროცესზე პროკურორმა ბრალდება შეცვალა და ლაშა ლაბაძეს ჯართის პუნქტის დაყაჩაღებაში დასდეს ბრალი: „საღამოს შემოცვივდა 15-20 პოლიციელი, ფორმიანი და უფორმო. მისცვივდნენ ლაშას, ხელები გადაუგრიხეს და კუკიაზე პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. პოლიციის განყოფილებაში მივედით სიტუაციაში გასარკვევად. ბოლოს, როგორც იქნა, დამიძახეს, არ ვიცოდი, რას ედავებოდნენ. გამომკითხეს, სად ვიყავით მთელი დღის განმავლობაში. მომთხოვეს, რომ ლაშას ეთანამშრომლა გამოძიებასთან, თან სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენ. მითხრეს, კაზინო აჭარაა წაღებულიო, თავდაპირველად, სწორედ ამას ედავებოდნენ ლაშას. დაზარალებულმა და მოწმეებმა ამოიცნესო, ამბობდნენ. სასამართლო პროცესზე კი, პროკურორმა ლაშას სხვა ბრალდება წარუდგინა, კერძოდ, ც. დადიანის 37 ნომერში ჯართის პუნქტი დაყაჩაღება. სადაც ეს ჯართის პუნქტი მდებარეობს, იქ არის სილამაზის სალონი „მარი“, სალონის ქვევით არის სარდაფი (ჯართის პუნქტი). ადგილზე რომ ვიყავი მისული, სტილისტმა მითხრა, რომ თუ ამ სარფადში რამე ფუნქციონირებდა არც კი ვიცოდითო“.

მსჯავრდებულის დედის თქმით, ლაშა ლაბაძეს ფსიქიკური პრობლემებიც აქვს: „18 წლის ასაკში ონკოლოგიური ავადმყოფი იყო, თუმცა, მკურნალობის შედეგად, ამ მხრივ პრობლემები აღარ აქვს. ამასთან, მას უკვე დიდი ხანია, ფსიქიკური პრობლემები აქვს, ფსიქიკურად გაუწონასწორებელია. თუმცა, ფიქსირებული არსად არის. ორი და მყავს, ორივე ფსიქიატრები არიან და ისინი უნიშნავდნენ წამლებს, არ მინდოდა, მისი ამ პრობლემის გასაჯაროვება. ლაშას ახლაც დანიშნული აქვს დამამშვიდებელი აბები“.

მსჯავრდებულის დედა, ლუბა ტატიშვილი ხელახალ გამოძიებას ითხოვს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, საქმეში დაზარალებულად ცნობილმა პირებმა სიმართლე აღიარონ. 

ახალი ამბები