05:52, Saturday, 19.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, როგორც სასჯელი

08.06.2015

 
ნათია გოგოლაშვილი

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე არასაპატიმრო სასჯელის ფორმად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებამ იმატა. ოფიციალური მონაცემებით, 2012 წელს ამ ტიპის სასჯელი გამოიყენეს 72 შემთხვევაში, 2013 წელს - 260 შემთხვევაში, 2014 წელს - 272, ხოლო 2015 წელს უკვე 332 შემთხვევაა აღრიცხული.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას განმარტავს, როგორც მსჯავრდებულის უსასყიდლო შრომას, რომლის სახეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო განსაზღვრავს. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ინიშნება ორმოციდან რვაას საათამდე ვადით. თუ მხარეთა შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, იგი შეიძლება  უფრო მეტი ვადითაც დაინიშნოს. ყოველდღიურად ასეთი შრომის ხანგრძლივობა რვა საათს არ უნდა აღემატებოდეს. 

პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, თეიმურაზ მაღრაძის თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სასჯელის ეს ალტერნატიული მეთოდი უფრო და უფრო ხშირად გამოიყენება.

„რამდენიმე წლის წინ სამართლებრივ სივრცეში არსებობდა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, როგორც ალტერნატიული სასჯელი, მაგრამ ფიზიკურად ამის აღსრულება არ ხდებოდა. არ არსებობდა ორგანო, რომელიც მსგავს სასჯელს აღასრულებდა. რამდენიმე წლის წინ, როცა პრობაციის სამსახურმა აიღო ეს ვალდებულება, თავისთავად ბევრი პრობლემა შეიქმნა. მნიშვნელოვანია, რომ ამ ტიპის სასჯელით რეალურად მოხდეს ადამიანის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია. ჩვენთან როცა მოდის საქმე და ოფიცერს ეწერება, უპირველესად, იგი ითვალისწინებს ამ ადამიანის ჯანმრთელობას, აქვს თუ არა მას სამსახური, როგორია მისი ოჯახური მდგომარეობა და ა.შ. ადამიანის ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით ხდება ადამიანის ამა თუ იმ სამსახურში გაგზავნა. არის შემთხვევები, როცა 6 საათზე ნაკლებ სამუშაო დღეს ვთავაზობთ ადამიანს. მართალია, ამ შემთხვევაში იზრდება სამუშაო დღეების რაოდენობა, მაგრამ ესეც ადამიანის საჭიროებების გათვალისწინებით ხდება, რადგან არის შემთხვევები, როცა ადამიანს სხვა სამსახურიც აქვს ან ოჯახური მდგომარეობა არ აძლევს მეტი მუშაობის შესაძლებლობას. რაც შეეხება სოციალურად დაუცველ ფენას, რომელიც მსგავსი სასჯელით მოდის ჩვენთან, ისინი იღებენ დღის განმავლობაში კვების თანხას“, - აცხადებს თეიმურაზ მაღრაძე.

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დიდ ხანგრძლივობაზე საუბრობს თსუ-ს ასოცირებული პროფესორი მორის შალიკაშვილი. მისი თქმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა გონივრული ვადით უნდა განისაზღვრებოდეს და არ უნდა შეურაცხყოფდეს სამართალდამრღვევისა და მისი ოჯახის წევრთა ღირსებას.

„რვაასი საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ნიშნავს 5 თვე უსასყიდლოდ მუშაობას. ევროპული წესების ერთ-ერთი ნორმა კი ამბობს, რომ სანქციებისა და ღონისძიებების აღსრულების ხასიათი, შინაარსი და მეთოდები არ უნდა შეურაცხყოფდეს სამართალდამრღვევისა და მისი ოჯახის წევრთა ღირსებას და არ უნდა იწვევდეს მათ შეწუხებას. იმ სოციალური პირობების გათვალისწინებით, რაც საქართველოში არსებობს, მსჯავრდებულმა არ უნდა თქვას, რომ ციხეში ჯდომა ურჩევნია 5 თვე უსასყიდლოდ მუშაობას. დამნაშავემ უნდა იცოდეს, რა შეიძლება ელოდოს კონკრეტული დანაშაულის ჩადენისას. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ არ არის მართლმსაჯულების ობიექტი. ჩვენთან ალტერნატიული სასჯელის მისჯასთან დაკავშირებით ასეთი მიდგომაა - „რაც მთავარია, ის ხომ ციხეში არ მოხვდა“. ეს არასწორი და ცუდი დამოკიდებულებაა. პროპორციულობა ციხეში ყოფნასა და ალტერნატიულ სასჯელს შორის გონივრული უნდა იყოს“, - ამბობს მორის შალიკაშვილი.

შალიკაშვილის თქმით, ალტერნატიული სასჯელების გამოყენებისას პრაქტიკული ხასიათის შემდეგი პრობლემები იკვეთება: მსჯავრდებულთა პროფესიული უნარ-ჩვევების ნაკლებობა, მენტალობის პრობლემა, არასაკმარისი სამუშაო ადგილების ქონა, მსჯავრდებულთა ზოგადი მოტივაცია, მსჯავრდებულთა განათლების დაბალი დონე, მსჯავრდებულის სტიგმატიზება, კერძო ფირმების სოციალური პასუხისმგებლობა.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის განცხადებით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულების დროს, დასაქმების პრობლემა საქართველოში არ არის.

„ჩვენ საქართველოში დღეს, პრაქტიკულად, დასაქმების პრობლემა არ გვაქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულების დროს. მერიასთან და მუნიციპალიტეტებთან გვაქვს კონტრაქტები. მას შემდეგ, რაც სასამართლოდან პრობაციის სამსახურში შემოდის კონკრეტულ მსჯავრებულსა და მის მიერ შესასრულებელი სამუშაო საათების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, ჩვენ განვსაზღვრავთ ადგილსა და დროს, როგორ შეიძლება ეს შრომა იყოს აღსრულებული. საპროცესო შეთანხმებისას ჩვენი რეკომენდაციაც არის, რომ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არ იყოს გრძელვადიანი. იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია შეთანხმება, ჩვენ იძულებულები ვართ, შუამდგომლობით შევიდეთ სასამართლოში და მსჯავრდებული ან ციხეში დავაბრუნოთ, ან ჯარიმა დავაკისროთ. თუმცა, სასამართლოსთან ჩვენი შუამდგომლობა ყოველწლიურად იკლებს. წელს არის მხოლოდ 18 შემთხვევა“, - ამბობს თეიმურაზ მაღრაძე.

„სტატისტიკა აჩვენებს, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 70% შემთხვევაში საპროცესო შეთანხმების საფუძველზეა გამოყენებული. ეს იმას ნიშნავს, რომ პროკურორები ძალიან აქტიურად დებენ საპროცესო შეთანხმების პირობად საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას. მაგრამ ხშირად ბრალდებული არ არის თანახმა ამ პირობაზე, რადგან არ იცის კონკრეტულად სამუშაოს სახე, არ იცის, როდის დაიწყება და დასრულდება სასჯელის მოხდა, დღეში რამდენი საათი მოუწევს შრომა და ა.შ. ბრალდებულები სწორედ ამიტომ ამბობენ უარს საპროცესო შეთანხმების გზით ამ პირობის გამოყენებაზე. შესაბამისად, პროკურორისთვისაც, გარკვეულწილად, ცოტა რთულია საათების განსაზღვრა, როცა მან წინასწარ არ იცის, ამ პირს რა ტიპის სამუშაოს შესრულება მოუწევს“, - აცხადებს საქართველოს მთავარი პროკურატურის ანალიტიკური სამმართველოს უფროსი, ლონდა თოლორაია.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში პატიმრობის კოდექსის ამოქმედებასთან ერთად შეიქმნა ადგილობრივი საბჭოები. ეს არის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი ორგანოები. ადგილობრივი საბჭოების რაოდენობა და ტერიტორიული განსჯადობა განისაზღვრა შემდეგნაირად: აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო, აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭო, დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭო, არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო, ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, ალექსანდრე დარახველიძე, რომელიც ამავდროულად აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს თავმჯდომარეც არის, ამბობს, რომ ხშირად მსჯავრდებულებს არა აქვთ გათვიცნობიერებული, რა არის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

„გასაგებია, რომ მსჯავრდებულს უნდა, ვადაზე ადრე დატოვოს დაწესებულება და არ აქვს მისთვის მნიშვნელობა, რა ფორმით იქნება ეს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა მათ არა აქვთ გათვითცნობიერებული, თუ რაში მდგომარეობს დარჩენილი სასჯელის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლა. მაგალითად, იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთ მსჯავრდებულს წარმოედგინა, რომ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა იქნებოდა, თუ ის საკუთარ ბიზნესს წამოიწყებდა და ამით თავის ახლობლებს დაასაქმებდა. თუმცა, მას შემდეგ რაც გაიგო, რას ნიშნავდა ამ ტიპის სასჯელი, თავისი მოთხოვნა მოხსნა“, - ამბობს ალექსანდრე დარახველიძე.

არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან, ფაქტობრივად, მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი.

რაც შეეხებათ ქალ პატიმრებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არ დაენიშნება ორსულ ქალს; ქალს, რომელსაც ჰყავს შვიდ წლამდე შვილი და საპენსიო ასაკის პირს. ფსიქოლოგთა პროფესიული კავშირის წევრი, ანა კანჯარია ამ ფაქტს ქალთა მიმართ დისკრიმინაციად აფასებს. 

„241 მსჯავრდებული ქალბატონიდან გამოვიკითხეთ 141. დანარჩენებმა უარი განაცხადეს იმ მოტივით, რომ ისინი უიმედოდ უყურებენ სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლას. მათი თქმით, პრაქტიკაში ეს არ ხდება. 141 მსჯავრდებული ქალბატონიდან 121 თანახმაა, სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეეცვალოს. ამ 121 ქალბატონიდან კი სასამართლოზე შემოთავაზება არც ერთს არ ჰქონია“, - აცხადებს ანა კანჯარია.

საპატიმრო სასჯლის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის შესახებ დისკუსია 28 მაისს „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ ორგანიზებით გაიმართა.

აღნიშნული სტატია გამოქვეყნდა პროექტის, "ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველთან პარტნიორობით, ბულგარეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე.
 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC