კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა პრობლემებზე საუბრობენ პანკისელები

10 ივნისი, 2015
 
ნათია გოგოლაშვილი

3 ივნისს, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის ინიციატივით, პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჟურნალისტების ტური მოეწყო. შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან გაიმართა. საუბარი რეგიონში არსებულ პრობლემატიკას შეეხო, განსაკუთრებული ყურადღება ჩეჩენი ლტოლვილების პრობლემატიკასა და პანკისიდან ახალგაზრდების სირიაში საბრძოლველად წასვლაზე გამახვილდა. ჩვენ თავს ვიკავებთ რესპონდენტების სახელებისა და გვარების დასახელებისგან. 

ჩეჩენი ლტოლვილები პანკისის ხეობაში

რუსეთ-ჩეჩნეთის II ომის დაწყებიდან, 1999 წლიდან, ხეობაში ჩამოვიდა 10 ათასზე მეტი ჩეჩენი ლტოლვილი. ადგილობრივების ინფორმაციით, დღესდღეობით ლტოლვილის სტატუსი 230 ჩეჩენს აქვს მინიჭებული. თუმცა, ხეობაში ბევრია ისეთი ჩეჩენი, რომელსაც ლტოლვილის სტატუსი არ აქვს, არ უნდათ, რომ დაფიქსირდნენ, რადგან ზოგიერთი მათგანი მებრძოლია, ზოგიერთი კი იძებნება. 

„ლტოლვილის სტატუსის გარეშე რამდენი ჩეჩენია, რთული სათქმელია, რადგან ამის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. არიან ასევე სტატუსის მაძიებლებიც, რომლებიც საქართველოში თურქეთიდან შემოვიდნენ, თურქეთიდან შემოსულებს კი სამინისტრო ლტოლვილის სტატუსს არ აძლევს. მაგრამ ეს ადამიანები აღრიცხაზე დგანან და შესაძლებელია, მიიღონ სტატუსი“, - ამბობს ადგილობრივი.

წლების განმავლობაში ჩეჩენ ლტოლვილთა რაოდენობის შემცირება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. ადგილობრივები ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომს ასახელებენ: „პანკისის ხეობაში 2008 წლამდე, დაახლოებით, 2000 ჩეჩენი ლტოლვილი იყო. 2008 წლის ომმა ლტოლვილებზე ძალიან ცუდად იმოქმედა, იყო შიშის ფაქტორი. ეშინოდათ, რომ რუსეთი შემოვიდოდა და ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ. ხუთდღიანი ომის პერიოდში ძალიან ბევრმა ჩეჩენმა ლტოლვილმა სხვადასხვა გზით დატოვა საქართველო, გადავიდნენ ბაქოსა და თურქეთში“.

2008 წლიდან  ჩეჩენი ლტოლვილების ნატურალიზაციის პროცესი დაიწყო, რაც მათთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას გულისხმობს.
„საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ მომხდარიყო ჩეჩენი ლტოლვილების ინტეგრირება. მათ მიეცათ საშუალება, მიეღოთ საქართველოს მოქალაქეობა. თუმცა, ზოგი ფიქრობდა, რომ მოქალაქეობის მიღების შემდეგ, ლტოლვილთა დახმარება შეუწყდებოდათ. მათი საარსებო წყარო ეს დახმარება იყო და ამის გამო მოქალაქეობის მოთხოვნისგან თავს იკავებდნენ. თუმცა იყო ხალხი, ვინც თავიდანვე მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წლამდე წარმატებით მიმდინარებდა ჩეჩენი ლტოლვილებისთვის მოქალაქეობის მინიჭება. მას შემდეგ კი, რაც ხელისუფლება შეიცვალა, ეს პროცესი გართულდა“, - გვითხრეს პანკისში.

2000 წლიდან პანკისის ხეობის სკოლებში რუსული სექტორები ფუნქციონირებდა, რათა ჩეჩენ ბავშვებს შესძლებოდათ სწავლა. ახლა უკვე რუსულ სექტორზე პირველკლასელთა მიღება აღარ ცხადდება. ადგილობრივების ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩეჩენი ბავშვების ინტეგრაციისთვის, მნიშვნელოვანია, მათ ისწავლონ ქართული და იარონ ქართულ სკოლებში. 

„მას შემდეგ, რაც 2009 წლიდან ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭომ დატოვა პანკისის ხეობა, საბავშვო ბაღები და სკოლები სახელმწიფოს გადააბარა. სახელმწიფომ კი გადაწყვიტა, რომ აღარ დააფინანსებენ რუსულ სექტორებს. ამ გადაწყვეტილებას დიდი პროტესტი მოჰყვა, შარშან მშობლებიც კი გაიფიცნენ, ამბობდნენ, რომ ბავშვებს ქართულ სექტორზე არ მიიყვანდნენ, მაგრამ სახელმწიფომ მაინც მიიღო რუსული სექტორის გაუქმების გადაწყვეტილება“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

რელიგია და სირიაში საბრძოლველად წასული ახალგაზრდები

3 ივნისს სოფელ დუისში გამართული შეხვედრის მთავარი თემა პანკისის ხეობაში არსებული პრობლემები იყო. გამოიკვეთა, რომ განსაკუთრებით პრობლემური საკითხი სირიაში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ახალგაზრდების მაღალი ინტერესია. მართალია, ეს ინტერესი დღეს არ დაწყებულა და ბოლო რამდენიმე წელია, პანკისელი ახალგაზრდები სისტემატურად მიდიან სირიაში საბრძოლველად, მაგრამ ეს თემა  განსაკუთრებით აქტუალური ბოლო თვეების განმავლობაში გახდა. ამის შესახებ ბევრი დაიწერა, თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბევრი რამ სიმართლეს არ შეესაბამება. მასალაში პანკისელთა მოსაზრებები და კომენტარებია გამოყენებული, რომელთა სახელებსა და გვარებს, მათივე თხოვნით,  არ ვუთითებთ.

„რამდენი ახალგაზრდა წავიდა სირიაში, ამის ზუსტი სტატისტიკა არ გვაქვს. საუბრობენ, რომ 200-მდე ახალგაზრდა იქნება. მუშაობას იმიზეზებენ და თურქეთში მიდიან, იქიდან კი სირიაში იპარებიან. ზოგიერთმა მშობელმა არც კი იცის, რომ მისი შვილი სირიაშია წასული. ზოგიერთი მშობელი შვილის სირიაში წასვლას მათი სიკვდილის შემდეგ გებულობს. სიკვდილის შემთხვევაში მათ უფლება არ აქვთ, არ გააგებინონ ოჯახს შვილის გარდაცვალების ამბავი. ასეთი წესია, გარდაცვალების შესახებ ოჯახს აუცილებლად უნდა შეატყობინო. ამ ეტაპისთვის, ჩვენი ხეობიდან 14 ახალაზრდაა დაღუპული. მათი ჩამოსვენება ვერ ხერხდება“, - ამბობენ ადგილობრივები.

ადგილობრივები სირიაში ახალგაზრდების საბრძოლველად წასვლაში მთავრობასაც ადანაშაულებენ. მათი თქმით, უნდა გამკაცრდეს კონტროლი, რათა ახალგაზრდებმა საქართველოს დატოვება ასე მარტივად ვერ შეძლონ.

„ლოგიკურად რომ ვიფიქროთ, ბავშვების წასვლასთან დაკავშირებით უშიშროება ხომ უნდა იყოს საქმის კურსში?! ბავშვებიც კი არ მისულან, ისე აუღო ვიღაცამ პირადობები. თურქეთში საბაჟოზე რომ არ გაატარეს, ჩამოვიდნენ თბილისში და თვითმფრინავით გადააფრინეს. 14-15 წლის ბავშვები როგორ უნდა წავიდნენ თვითმფრინავით, თუ მშობლების თანხმობა არ აქვთ. მთავრობისგან მეტ კონტროლს ვითხოვთ. ჩვენ შეიძლება, მთელი სამი საათი გაგვაჩერონ, შეიძლება არც კი გაგვატარონ და უკან გამოგვიშვან, მაგრამ არასრულწლოვნები როცა მიდიან, ასე მკაცრად რატომ არ აკონტროლებენ?! ქისტებს აეროპორტში ყოველთვის გვაწვალებდნენ, ქართული გვარი გვაქვს, საქართველოს მოქალაქეები ვართ, მაგრამ რომ გაიგებდნენ, რომ ქისტები ვიყავით, საათების განმავლობაში ამოწმებდნენ. ეს პრობლემა ყოველთვის იყო, თუმცა გასაკვირია, ბავშვებს ასე მკაცრად რატომ არ ამოწმებენ. თავიდანვე საქართველოში ეროვნების მიხედვით გარჩევა არ ყოფილა. ჩვენ თავიდანვე ვცხოვრბდით ერთად, ვცხოვრობთ და ვიცხოვრებთ, თუმცა არიან ისეთი ელემენტები, რომლებსაც არ უნდათ ჩვენი ასეთი კარგად ყოფნა და ერთობა.“ ადგილობრივების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ დამატებითი კონტროლი ზედმეტია.

ადგილობრივები, ახალგაზრდების წასვლის მიზეზად, ფინანსური პრობლემების ქონას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ მათი ასეთი რელიგიური იდეოლოგიით არის განპირობებული. თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდების დასაქმება. 

„ყველაფერს უმუშევრობის პრობლემაც ემატება, მათი 90% დაუსაქმებელია. აქ არაფერია გასაკეთებელი. ახალგაზრდებს ბევრი თავისუფალი დრო რჩებათ, ინტერნეტით გავრცელებულ მასალას ეცნობიან, მთელი დღე სირიაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობენ. ვერ ვხედავთ, ვინმე სირიაში საბრძოლველად წასვლის პროპაგანდას ეწეოდეს. არცერთ მეჩეთში არ ეწევიან მაგაზე პროპაგანდას. მიზეზი თვითონ ახალგაზრდებშია, ყოფით საკითხებშია. მათი დაინტერესება არაფრით არ ხდება. ძირითადად, იქ ჰყავთ მათ მისაბაძი ადამიანები, ბავშვები სირიაში მებრძოლებს ბაძავენ“, - გვითხრეს ადგილობრივებმა. 

სირიაში მებრძოლები არა მარტო ბიჭებისთვის, არამედ გოგონებისთვისაც არიან მისაბაძი ადამიანები. დღესდღეობით, პანკისიდან ორი გოგოა გათხოვილი სირიაში წასულ ახალგაზრდაზე. „გოგოებისთვის სირიაში მებრძოლები გმირები არიან. გოგოები ბიჭებს ეუბნებიან, რომ შენ რომ ვაჟკაცი იყო, სირიაში წახვიდოდი საბრძოლველადო. იმ გოგოებს კი, რომლებიც სირიაში თხოვდებიან, სხვა გოგოები შენატრიან.“

პანკისელების თქმით, სწორედ რელიგიაა მთავარი ფაქტორი, რაც ახალგაზრდებს სირიაში წასვლისკენ უბიძგებს. ტრადიციული ისლამის პარალელურად, პანკისში ადგილობრივების უმრავლესობა ვაჰაბიზმის მიმდევარია. დუისში ვაჰაბისტური მეჩეთი 2000 წელს აიგო, დღესდღეობით ვაჰაბიტურ მეჩეთში ბევრი ახალგაზრდა ლოცულობს.

ვაჰაბიზმი - სუნიტური ისლამის ერთ-ერთი მიმდინარეობა. მას XVIII საუკუნის შუა პერიოდში დღევანდელი საუდის არაბეთის ტერიტორიაზე მოღვაწე თეოლოგმა მუჰამედ იბნ აბდ-ალ-ვაჰაბმა დაუდო სათავე. არავითარი წმინდა ადგილები და წმინდანები, რიტუალების მაქსიმალური გაუბრალოება და ძველი (მუჰამედის დროინდელი) ისლამური „უმა-თემის“ წესებით ცხოვრება - ეს იყო მთავარი საფუძვლები აბდ ალ-ვაჰაბის ქადაგებისა, რომლის მიმდევრები თავის თავს ჭეშმარიტ მუსლიმანებს უწოდებენ. ვაჰაბიტები ეყრდნობიან მუჰამედის შემდეგ სიტყვებს: „ყოველი, ვინც შემოიტანს ჩვენში რაღაც ახალს და ჩვენთვის მიუღებელს, განდეგილ იქნება ჩვენგან“.

დღევანდელ ეტაპზე გამოიკვეთა ვაჰაბიზმის მიმდინარეობის რამდენიმე მიმართულება, რომელთა კლასიფიკაცია პირობითად შემდეგი ნიშან-თვისებების მიხედვით შეიძლება ჩამოყალიბდეს: 1. „ტრადიციული“, ანუ კლასიკური მიმართულება - მისი კრედო განისაზღვრება ძირითადში საგარეო პოლოტიკის ორი მთავარი პრინციპით: ისლამური სოლიდარობითა და არაბული ერთიანობით; 2. ,,მოდერნისტული” მიმართულება - უფრო ადაპტირებულია დღევანდელი სამყაროს ეკონომიკურ რეალიებთან და წარმოადგენს ლიბერალური შინაარსის მატარებელ ისლამის ნაირსახეობას; 3. ,,ფუნდამენტალისტური” მიმართულება - გამოირჩევა მაღალი დონის აგრესიულობითა და სამხედრო ორიენტაციის მაღალი მაჩვენებლით. მის ძირითად კრედოს შეადგენს ე.წ. ,,სუფთა ისლამის ექსპორტის” პრინციპი. 
რელიგიებთან დაკავშირებით, განმარტებები ადგილობრივებს ვთხოვეთ.

„უმრავლესობა არის ვაჰაბიტი, ადრე ახალგაზდების 50 % იყო ვაჰაბიტი, ახლა  კი დიდი უმრავლესობაა. ვაჰაბთა პარტია ახლა დაიყო ორ ნაწილად. ერთი ქადაგებს იმას, რაც ყურანში არ წერია, მეორე ეყრდნობა იმას, რაც ყურანში წერია, სინამდვილეს. მეორე პარტიას „დავლას“ ეძახიან.“ 

„მე ვაჰაბიტებშიც ვხედავ განსხვავებას. ზოგს უფრო მკაცრი მიდგომა და შეხედულებები აქვთ რელიგიასა და ოჯახზე. ვაჰაბიტები თავიანთ შვილებს ბავშვობიდანვე უნერგავენ წეს-ჩვეულებებს, დაჰყავთ სკოლებში - ხუჯრებში, სადაც რელიგიური სწავლება მიმდინარეობს, იქ რელიგიას უფრო სიღრმისეულად ასწავლიან.“ 

„ტრადიციული ისლამიც ბევრ შეცდომას უშვებს. არ არის სწორი თქმა, რომ ტრადიციული ისლამი ყველაფერში მართალია. რადიკალური ისლამი არ უწევს აგიტაციას არამუსულმანის მოკვლას, ეს არასწორი შეხედულებაა. არასწორია იმის თქმაც, რომ ტრადიციული ისლამი ყველაზე სწორი და ზუსტია. უნდა ვთქვათ, ვაჰაბიტები რაში არ არიან მართლები. არასწორია იმის თქმა, რომ ტრადიციული ისლამის მიმდევრები მართლები არიან და ვაჰაბისტები არა“, - განგვიმარტავენ ადგილობრივი მუსულმანები.

ადგილობრივი ახალგაზრდების თქმით, მათი თანატოლები სირიაში საბრძოლველად რელიგიის გამო მიდიან. მათთვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ სირიაში მათ ძმებს (როგორც თავად ამბობენ, ყველა მუსლიმი მათი ძმაა) ჩაგრავენ. ახალგაზრდები (რომლებსაც გავესაუბრეთ) მზად არიან, წავიდნენ სირიაში საბრძოლველად, მათი ერთადერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი ოჯახია, მშობლების სურვილს კი ვერ ეწინააღმდეგებიან. თუმცა კითხვაზე გვპასუხობენ, რომ მხოლოდ ჯერჯერობით არ წასულან. მათი თქმით, სირიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას ინტერნეტიდან იღებენ. აქვთ სირიაში გადაღებული ვიდეოები, სადაც მუსლიმთა ჩაგვრაა ასახული. ეს ვიდეოები იმ ახალგაზრდების მეშვეობით ვრცელდება, რომლებიც უკვე იყვნენ სირიაში და საქართველოში დაბუნდნენ. ჩვენთან საუბრისას, ახალგაზრდებმა ქართველი ჯარისკაცების ავღანეთში წასვლაც გააპროტესტეს და თქვეს, რომ ეს ფაქტი მათთვის მიუღებელია. 

ვაჰაბიტებს ეკრძალებათ სიმღერა, ცეკვა. ერთ-ერთი ახალგაზრდის თქმით, ცეკვა მხოლოდ მუსიკის თანხლებით ეკრძალებათ, რადგან მუსიკა ეშმაკისაა. მისი თქმით, თავისუფალ დროს ძირითადად მეჩეთში ან სახლში ატარებს, ლოცულობს ან ვარჯიშობს. დროის ქუჩაში გატარება არ უყვარს, არ უსმენს მუსიკას, არ უყურებს ფილმებს (უფრო სწორად, „ისეთ“ ფილმებს), დროს ინტერნეტსაც უთმობს, მაგრამ არა გართობის მიზნით, უნდა, რომ სირიაში საბრძოლველად წავიდეს, თუმცა ოჯახი ამის წინააღმდეგია.

„ვაჰაბიტმა თუ ფიცი მისცა, იმას თავის ქალა უნდა აათალო და სხვა ტვინი ჩაუდო, რათა მან თავისი ფიცი გადათქვას. თუ მან დაიფიცა, ის უკვე შენი შვილი აღარ არის“, - გვეუბნება ადგილობრივი და მშობლებისადმი დაუმორჩილებლობას ამ მოტივით ხსნის. პანკისელების თქმით, პრობლემა სათავეს ოჯახიდან იღებს, რადგან ოჯახი სათანადოდ არ არის ჩართული ბავშვის აღზრდაში. მათ პატარაობიდანვე სწორად უნდა აღზარდონ ბავშვი, ასწავლონ ყურანი და სწორი რელიგიური განათლება მისცენ. თუმცა, მათი განცხადებით, დღესდღეობით ტრადიციულ ისლამში კადრების სიმცირეა, არადა მნიშვნელოვანია ახალგაზრდებამდე რელიგიური საკითხების სწორად მიტანა.

„რელიგიის სააგენტოდან იყვნენ ჩამოსულები. მათ უხუცეს საბჭოს შესთავაზეს, რომ ბავშვების განათლებასა და რელიგიურ სასწავლებლებში გაშვებას დააფინანსებდნენ: სწავლის ფულს გადაუხდიდნენ, სტიპენდიას მისცემდნენ, ბინის ქირას გადაუხდიდნენ. იმამებს დაევალათ ბავშვების შეკრება, მათ უნდა მოეძებნათ თავიანთ თემსა და სოფელში ის ახალგაზრდები, რომლებიც სასწავლებლად  თბილისში წავიდოდნენ. თუმცა, მათი რამდენიმეთვიანი მცდელობების მიუხედავად, წასვლისა და სწავლის მსურველი ახალგაზრდები ვერ მოიძებნა“, -  იხსენებს ადგილობრივი.

საბოლოოდ, ის ძირითადი ფაქტორები გამოიკვეთა, რის გამოც ახალგაზრდები სირიაში მიდიან, ესენია: რელიგიური იდეოლოგია, რელიგიური კუთხით განათლების დაბალი დონე, ოჯახში სწორად აღზრდის პრობლემა  და სახელმწიფოს მხრიდან უმოქმედობა. ფაქტი კი ისაა, რომ ეს პრობლემა დღეს არ დაწყებულა, წლებია ახალგაზრდები სისტემატურად მიდიან სირიაში. სირიაში დაღუპულთა რიცხვი კი დღითიდღე მატულობს.

ახალი ამბები