კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის საკანონმდებლო წინადადება სსკ–ის 262–ე მუხლით მსჯავრდებულთა ამნისტიის შესახებ

13 ივლისი, 2015
 
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ დავით უსუფაშვილს

 
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, წარმოგიდგენთ საკანონმდებლო წინადადებას სსკ–ის 262–ე მუხლით დარჩენილ მსჯავრდებულთა ამნისტიის შესახებ.

ამნისტიის შესახებ კანონის მიღების საჭიროების გამომწვევი ფაქტორები

სასჯელთა უპირობო შეკრებითობის პრინციპის მოქმედების პირობებში, განსაკუთრებით,  ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებით არაადაკევატურად მაღალი სასჯელები წლების განმავლობაში საქართველოში სისტემურ პრობლემას წარმოადგენდა. უსამართლოდ  მაღალი სასჯელები განსაკუთრებით ნიშანობლივი იყო ქალი მსჯავრდებულების მიმართ. 

სასჯელაღსრულებს დაწესებულებებში უკვე  8, 10 და მეტი წელია სასჯელს იხდიან ქალი  მსჯავრდებულები, რომლებიც გასამართლებულნი იყვნენ სსკ–ის 260–ე და 262–ე მუხლებით და  მათ თავის დროზე 25,  30 და მეტი  წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ შეფარდებული  სასამართლოს მიერ. 

დღემდე სად–ის დაწესებულებებში დარჩენილნი არიან ქალი მსჯავრდებულები, რომელთაც 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიით, მოეხსნათ სსკ–ის 260–ე(თუ ქმედება არ კვალიფიცირდებოდა  ნარკოტიკების გასაღების ნიშნითმუხლი, თუმცა დარჩათ სსკ–ის 262 მუხლი და  სასჯელს იხდან უკვე მრავალი წლის განმავლობაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ  2015 წლის 11 მაისს, საქართველოს უზენაესი სასამართლოდან გამოთხოვილ იქნა სტატისტიკური ინფორმაცია, საქართველოს პირველი  ინსტანციის სასამართლეობში 2006–2014 წლებსა და 2015 წლის 4 თვეში სსკ–ის 260–ე და 262–ე მუხლებით მსჯავრდებული ქალების რაოდენობისა და თავისუფლების აღკვეთის ვადების შესახებ. 

სტატისტიკური ინფორმაციის გაანალიზებით, შესაძლებელია მისვლა იმ დასკვნამდე, რომ მართლმსჯულების სისტემური ხარვეზების გამო, 2006–2012 წლებში, ქალ მსჯავრდებულებს სსკ–ის 260-ე და 262–ე მუხლების საფუძველზე არაადეკვატურად მაღალი სასჯელები  – 20–30 წლით და მეტით თავისუფლების აღკვეთა  ჰქონდათ მისჯილი, რაც არსებითად ლახავდა მათ უფლებებს.
   
2013 წლიდან კი ამავე მუხლებზე პირებს 2–3 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.  2006–2012 წლებში გასამართლებული მსჯავრდებულები არსებითად არათანაბარ მდგომარეობაში არიან ახალ მსჯავრდებულებთან შედარებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას აღნიშნულ მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის კუთხით. დაუშვებელია, ერთი და იმავე  დანაშაულისათვის ერთ მსჯავრდებულს მისჯილი ჰქონდეს 2–3 წელი, ხოლო 2012 წლამდე გასამართლებულებს 15 წელი და ზევით.

ამასთანავე, მხედველობაში არის მისაღები ის გარემოება, რომ ნარკოტიკების საზღვარზე უკანონოდ შემოტანის დროს, სსკ–ის 260–ე მუხლს ემატებოდა 262–ე მუხლიც, რაც აბსოლუტურად გაუმართლებლად უნდა იქნას მიჩნეული. აღნიშნული მუხლების შეკრებით მინიმალურ სასჯელად ვღებულობდით 23 წელს, მაშინ, როდესაც სსკ–ის 262–ე მუხლი თავის თავში მოიცავს სსკ–ის 260 მუხლს, რადგან ცალსახად კვალიფიცირდება, რომ პირმა შეიძინა ნარკოტიკი და შემოაქვს იგი საზღვარზე.

ჯერ კიდევ  2012 წლის ამნისტიის აქტით, ქალ მსჯავრდებულებთან მიმართებით სსკ-ის 262-ე მუხლზე გავრცელდა მხოლოდ დანიშნული სასჯელის 1/3-ით  შემცირება(მამაკაცების შემთხვევაში ¼.). ამ კუთხით, განსაკუთრებით დაიჩაგრნენ ქალბატონი მსჯავრდებულები, რომელნიც წლების განმავლობაში, არაადეკვატურად მაღალ სასჯელს  სსკ–ის 262–ე მუხლის საფუძველზე იხდიან.

ამასთანავე,  ადამიანის უფლებათა ცენტრი სრულად იზიარებს მსჯავრდებულთა მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან ამნისტიით 260-ე მუხლი ყველას მოეხსნა, თავის დროზე ალოგიკური იყო 262-ეს დატოვება.

სად–ის #5 დაწესებულებაში ვიზიტებისას, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორინგის ჯგუფი არაერთხელ შეხვდა  ქალბატონ მსჯავრდებულებს, რომლებიც  სასჯელს იხდიან სსკ–ის 262–ე მუხლის საფუძველზე. ნარკოტიკული დანაშაულისათვის მათ ამნისტიამდე 30, 25 და მეტი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.

მსჯავრდებული ქალბატონები საუბრობენ იმაზე, რომ  2012 წლის საპარლამენტო  არჩევნების შემდეგ, ახალი ხელისუფლება დაპირდა ქალბატონ მსჯავრდებულებს სსკ–ის 260–ე და 262–ე მუხლების გადახედვას და ამ კუთხით  ქალ მსჯავრდებულთა არაადეკვატურად მაღალი სასჯელების გადახედვის ეფექტური შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმის შექმნას, რომელიც ნაწილობრივ განხორციელდა.
 
სამწუხაროდ, ცვლილებები დღემდე არ შეხებია სსკ–ის 262–ე მუხლს და სახელმწიფოს დღემდე არ შეუქმნია  უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენების გადახედვის ეფექტური შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმი. დღემდე მსჯავრდებულები მოკლებულნი არიან  ნარკოტიკული დანაშაულებისთვის მისჯილი არაადეკვატურად მაღალი სასჯელების გადახედვის შესაძლებლობას, რაც არსებითად ლახავს მათ უფლებებს.

ქალბატონ მსჯავრდებულთა სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტიც, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ნარკოტიკული დანაშაულისათვის სსკ-ის 262-ე მუხლით მსჯავრდებულ პირებს, რომელთაც მოხდილი აქვთ დანიშნული სასჯელის ნახევარზე მეტი, ნაწილს ორი მესამედიც,  პრეზიდენტი და შეწყალების კომისია  უარს ეუბნებიან შეწყალებაზე.

ამასთანავე,  ქალი მსჯავრდებულები უსამართლობად მიიჩნევენ იმას, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ბოლოდროინდელი ცვლილებები არ შეხებია სსკ–ის 262–ე მუხლს.
  
იგივე მდგომარეობაა მამაკაც მსჯავრდებულებთან დაკავშრებით. ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით, ისინი   დღემდე არაადეკვატურად მაღალ სასჯელებს იხდიან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ დარღვეული უფლებების აღდგენის შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმის არარსებობის პირობებში, სსკ-ის 262-ე მუხლთან დაკავშირებით ამნისტიის გამოცხადებით პარლამენტი ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენის პროცესს. 

ამნისტიის აქტში შეთავაზებული მუხლის ფორმულირება (სსკ-ის  262-ე  მუხლი):

1.გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის 2006–2012 წლებში დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ნარკოტიკული დანაშაულისათვის პირველად მსჯავრდებული პირი,  თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით.

2.2006–2012 წლებში სსკ–ის 260–262–ე მუხლებით მეორედ და მეტჯერ ნასამართლებ პირებს დარჩენილი სასჯელი შეუმცირდეთ 1/4–ით.

ამნისტიის შესახებ კანონის მიღების მიზანი

ამნისტიის შესახებ კანონის მიღების მიზანს წარმოადგენს  2006–2012 წლებში, მართლმსაჯულების ხარვეზებიდან გამომდინარე, ნარკოტიკული დანაშაულისათვის არაადეკვატურად მაღალი სასჯელდადებული პირებისათვის მდგომარეობის შემსუბუქება. 

გთხოვთ, გვაცნობოთ თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე. 

აღნიშნული სტატია გამოქვეყნდა პროექტის, "ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველთან პარტნიორობით, ბულგარეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე.

ახალი ამბები