კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის მუშაობას აფასებს

14 აგვისტო, 2015
 
ნათია გოგოლაშვილი

14 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს. უფლებადამცველები პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მუშაობას უარყოფითად აფასებენ.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ საქართველოს  მთავარი პროკურატურის ახალი დეპარტამენტი ვერ პასუხობს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მინიმალურ  სტანდარტებს, რაც სერიოზულ კითხვებს ბადებს მათი მუშაობის ეფექტურობის კუთხით.

„ექვსი თვის შემდეგ ჯერ კიდევ  ათასობით ადამიანი ელოდება ხელისუფლებისგან  გამოძიების დაწყებას. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოფხვრის ეფექტური მექანიზმი კვლავ არ არსებობს. წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ადამიანები ელოდებიან, რომ მათ საქმეებს გამოიძიებენ და დამნაშავეები დაისჯებიან. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მხრივ, პრაქტიკულად, არაფერია გაკეთებული“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ალეკო ცქიტიშვილმა.

„ახალი დეპარტამენტის მუშაობა საზოგადოებისთვის არ არის განჭვრეტადი. საზოგადოება არ არის საკმარისად ინფორმირებული დეპარტამენტის მუშაობის შედეგებთან დაკავშირებით. ჩვენ შევეცადეთ, რომ გამოგვეთხოვა საჯარო ინფორმაცია ახალი დეპარტამენტიდან და მივიღეთ ხოლოდ მშრალი სტატისტიკური მონაცემები. ამ ეტაპზე ახალი დეპარტამენტი 172 საქმეს აწარმოებს, მათ შორის რვა საქმე წამებისა და  არასათანადო მოპყრობის ფაქტებს ეხება, ხოლო 121 საქმე -საკუთრების ჩამორთმევის ფაქტებს. ჩვენთვის დღემდე გაუგებარია, რა კრიტერიუმების საფუძელზე შეირჩა ის რვა საქმე, რომელსაც ახალი დეპარტამენტი იძიებს მაშინ, როდესაც 2012 წლიდან მთავარ პროკურატურაში ათი ათასობით საჩივარია შესული“, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი  თამარ ავალიანი.

ე.წ. „ყინწვისის საქმეზე“ გასამართლებული ყოფილი პოლიტპატიმრის, ჯემალ გუნდიშვილის თქმით, საქმის გამოძიებას პროკურატურა შეგნებულად აჭიანურებს.

„საქმე ისაა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში გამომძიებელმა კუბლაშვილმა, რომელიც გორში ე.წ. „ყინწვისის საქმეს“ წარმართავდა, რამდენჯერმე პირად საუბარში პირდაპირ გვითხრა, ნებართვის გარეშე ჩვენ ამ საქმეს ვერ დავძრავთო. ცოტა ხნის შემდეგ ჩემთვის და ჩემი მეგობრებისათვის ცნობილი გახდა, რომ ამ საქმეზე ზედამხედველი პროკურორი ვინმე გიორგი გაბიტაშვილი იყო, რომელიც დღეს მთავარი პროკურორის მოადგილეა. ეჭვი მაქვს, რომ გიორგი გაბიტაშვილი ხელს უშლის საქმის გამოძიებას“, - აცხადებს ყოფილი პოლიტპატიმარი ჯემალ გუნდიშვილი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს მთავარ პროკურატურას, საზოგადოებას მუდმივად მიაწოდოს ინფორმაცია ახალი დეპარტამენტის მუშაობის შესახებ და არსებითად გააუმჯობესოს საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულების სტანდარტები.
 

ახალი ამბები