კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

როგორ მუშაობს აგროდაზღვევის პროგრამა?

16 ივნისი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

შიდა ქართლის რეგიონი ბოლო ორი თვის განმავლობაში 6-ჯერ დაისეტყვა. რეგიონში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლის, მამუკა ლომსაძის განცხადებით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 80%-ს აღწევს. მოსახლეობის თქმით, მიუხედავად აღნიშნული ზარალისა, სახელმწიფო გლეხებს მხოლოდ შხამ-ქიმიკატებით დაეხმარა. მოსახლეობას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ურჩევდნენ, აგროდაზღვევის პროგრამით ესარგებლათ. მათი თქმით, ამ შემთხვევაში მათ ზარალს სრულად აუნაზღაურებდნენ. 

აგროდაზღვევის პირობა შემდეგია - გლეხი რეგისტრირებულ მიწის ფართზე იხდის 20%-ს, 80%-ს კი სახელმწიფო ფარავს, არარეგისტრირებულ ნაკვეთზე კი ეს თანაფარდობა 10 პროცენტით ძვირი უჯდება ფერმერს.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში სეტყვის შედეგად მოსავლის უმეტესობა განადგურდა, ადგილობრივების განცხადებით ამ დრომდე გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას არ გამოუყვია ზარალის შემსწავლელი კომისია. რიგით მეორე პრობლემას დაზღვეული მოსავალი წარმოდგენს, კერძო სადაზღვეო კომპანიებმა, დიცში მაცხოვრებლების განცხადებით, რეალურად არ შეაფასეს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი.

,,არ დააზღვევ პრობლემაა, დააზღვევ და მაინც პრობლემა. სოფელში ვისაც ჰქონდა დაზღვეული 80 % ზარალის ნაცვლად 25 % ჩაუწერეს. მოვითხოვთ, კომისიის მუშაობაში ჩაერთოს სახელმწიფო. დაზღვევასთან დაკავშირებით კი მოსახლეობის ეჭვები, სამწუხაროდ, გამართლდა. ამიტომაც არ დავაზღვიეთ უმრავლესობამ“, - განაცხადა დიცში მცხოვრებმა ბესიკ მაისურაძემ.

სტიქიის შედეგად დაზარალებულებმა დახმარების თხოვნით ადამიანის უფლებათა ცენტრის გორის რეგიონული ოფისის იურისტს მიმართეს. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ალექსი მერებაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას შუამდგომლობით მიმართა, რათა სეტყვის შედეგად დაზარალებულების მოთხოვნებზე რეაგირება მოეხდინათ.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადებით, ადგილობრივ ბიუჯეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებისთვის თანხები არ არის გათვალისწინებული. რაც შეეხება დაზღვეულ ნაკვეთებში ზარალის შემსწავლელ კომისიის მუშაობაში ჩართვას, დავით ონიაშვილი ამბობს, რომ კერძო სადაზღვეო კომპანიის მიერ ზარალის აღწერის პროცესში სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმომადგენელი ჩაერთვება.

აგროდაზღვევის პროგრამებში რომ გარკვეული ხარვეზებია ამას სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი შიდა ქართლში, მამუკა ლომსაძეც ადასტურებს.

,,არის გარკვეული ხარვეზები, რომელიც აღმოიფხვრება და პროგრამა უფრო მორგებული გახდება, როგორც გლეხებზე, ისე სადაზღვეო კომპანიებზე", - ამბობს ლომსაძე.

ლომსაძის თქმით, გასულ წელს კერძო სადაზღვევო კომპანიებთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა მოსახლეობამ, თუმცა სახელმიწფოს ჩართვის შემდეგ პრობლემა მოგვარდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი ფერმერებს ურჩევს, რომ კერძო სადაზღვეო კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმების დროს გაეცნონ პირობებს და  შემდეგ მოაწერონ ხელი.

ახალი ამბები