ბოლნისის 33-ე ოლქის, სოფელ ჭაპალას მე-40 უბანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ინფორმაციით, იმყოფებოდნენ ადამიანები, რომლებიც ფანჯრებიდან აკვირდებოდნენ უბანში მიმდინარე პროცესს.
ერთ-ერთი მამაკაცი მოულოდნელად უბნის ტერიტორიაზე შეიჭრა და კომისიის წევრებს ჩხუბი დაუწყო. იგი რეგისტრატორს ბრალს დებდა, რომ მოუწოდებდა ამომრჩევლებს, ხმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლისთვის მიეცათ. ამის შემდეგ, უბანზე შეჭრილმა მამაკაცმა, კომისიის წევრებს მიუთითა მაგიდაზე დახატულ დიდ ხუთიანზე - „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ნომერზე, რომელიც კომისიის წევრებმა შემჩნევისთანავე კორექტორით წაშალეს.
როგორც შემდეგ გაირკვა, აღნიშნული მამაკაცი, რომელიც უბნის გახსნიდანვე მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა და შემდეგ უბანზე შეიჭრა, იყო ბოლნისის გამგებლის მოადგილე ლონგინოზ გასანოვი.
ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა კომისიის თავმჯდომარეს მოუწოდა, ფანჯარა გაეთავისუფლებინა გარე დამკვირვებლებისაგან, რის შესახებაც ჩანაწერთა წიგნშიც შეიტანა შენიშვნა. თავმჯდომარემ შენიშვნა გაითვალისწინა.