კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსეთს დეპორტირებული ლია შიოშვილისთვის 30 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა

22 დეკემბერი, 2016
 
კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო საქმეზე საქართველოს მოქალაქე ლია შიოშვილი რუსეთის წინააღმდეგ. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას ლია შიოშვილის და მისი შვილების სასარგებლოდ 30 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. საქმე ეხება 2006 წელს რუსეთიდან ეთნიკური ქართველების მასობრივად გაძევებას, რა დროსაც რუსმა სამართალდამცავებმა რვა თვის ფეხმძიმე ლია შიოშვილი ოთხ შვილთან ერთად, მოსკოვის ოლქის ქალაქ რუზაში დააპატიმრეს, შემდეგ კი დამამცირებელი ფორმით მატარებლით დაღესტნამდე გამოაძევეს.

უკიდურესად გაწამებულმა ოჯახმა, მხოლოდ დეკემბრის დასაწყისში შეძლო ფეხით გადმოევლო დაღესტან - აზერბაიჯანის საზღვარი. 15 დეკემბერს კი გურჯაანის საავადმყოფოში ლია შიოშვილის მშობიარობა უმძიმესი შედეგით დასრულდა, მან ბავშვი მკვდარი გააჩინა.

ლია შიოშვილმა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სტრასბურგის სასამართლოს 2007 წელს მიმართა. სასამართლომ საქმის განხილვა 2011 წლის 31 იანვარს დაიწყო.

2016 წლის 20 დეკემბერს სტრასბურგის სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევა დაადგინა.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლია შიოშვილის ადვოკატმა ნიკოლოზ ლეგაშვილმა განუცხადა, სასამართლომ დაადგინა, რომ ლია შიოშვილის მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის პირველი და მეორე მუხლი (სიცოცხლის უფლება); მესამე მუხლი (წამების აკრძალვა); ასევე, მეცამეტე მუხლი (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება).

სასამართლომ ერთხმად გადაწყვიტა, რომ მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივნებს უნდა გადაუხადოს 30 000 ევრო არამატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად, ამასთან ნებისმიერი გადასახადი, რაც შეიძლება იყოს დაბეგვრას დაქვემდებარებული. აღნიშნული თანხა გადახდილი უნდა იქნას სამი თვის განმავლობაში იმ თარიღიდან, რაც მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება.

კრემლის ანტიქართულ კამპანიას 2006 - 2007 წლებში, 7000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქის დეპორტაცია მოჰყვა. აქედან 2380-მა ქართველმა უცხოელთა განთავსების დროებითი ცენტრები გაიარა, სადაც არაადამიანურ და გაუსაძლის პირობებში უწევდათ ყოფნა.

2006 წლის 17 ოქტომბერს, მოსკოვის ერთ-ერთ ასეთ ცენტრში, დეპორტაციის მოლოდინში ასთმით დაავადებული 58 წლის თენგიზ ტოგონიძე, ხოლო 2 დეკემბერს 51 წლის მანანა ჯაბელია  გარდაიცვალნენ. იმავე დღეებში დაიღუპა რევაზ ბერულავაც, რომელსაც მოსკოვის ერთ - ერთ საავადმყოფოში იმ მოტივით უთხრეს უარი სამედიცინო დახმარებაზე, რომ ქართველი იყო.


ახალი ამბები