კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილები ბერბუკის დასახლებიდან

16 თებერვალი, 2017
 ნათია გოგოლაშვილი

თეთრი ფერის (ცხრაწლიანი დაძველებით) კოტეჯები, სკოლა, საბავშვო ბაღი, რომელიც მხოლოდ ორ წელს ითვლის, მოუწესრიგებელი გზები - ეს ბერბუკის დევნილთა დასახლებაა, სადაც ასობით დევნილი უკვე მეცხრე წელია, ელის პასუხს კითხვაზე, ვინ არის დამნაშავე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულებში. ვიდრე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) ამ მთავარ კითხვას გასცემდეს პასუხს, დევნილები humanrights.ge-სთან იხსენებენ აგვისტოს ომის დღეებს, რომელიც მათთვის ასე რთულად გასახსენებელი და, ამავდროულად, რთულად დასავიწყებელიცაა. 

მსხვერპლთა ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენ მათ სახელებსა და გვარებს არ ვასახელებთ და მხოლოდ ინიციალებით მოვიხსენიებთ.

„ძროხა მოვწველე. რძე ჭურჭლით სამზარეულოში მაგიდაზე დავდგი. ტანსაცმლის გამოცვლაც კი ვერ მოვასწარი. ბოსლის ტანსაცმლით მომიწია წამოსვლა“, - იხსენებს დევნილი ქალბატონი, რომელმაც თამარაშენი, ოჯახთან ერთად, 2008 წლის 8 აგვისტოს დატოვა. როგორც თავად ამბობს, 8 აგვისტოს მთელი ხეობა დაიცალა, რადგან დაბომბვის საშიშროება იყო. „თამარაშენში კარგად ვცხოვრობდით, ორსართულიანი სახლი, ორი მანქანა გვქონდა; საქონელი, ფრინველი გვყავდა. ყველაფერი დავტოვეთ და გამოვბრუნდით. არაფერი წამოგვიღია, ცარიელი ჯიბეებით წამოვედით“, - ამბობს დევნილი.

ხ.შ.-ს მეუღლემ 2008 წლის 9 აგვისტოს, გორის კომბინატის დაბომბვის დროს, ნათესავები დაკარგა, მათ შორის - დედა და 13 წლის მცირეწლოვანი ნათესავი ბავშვი. იგი იხსენებს, თუ როგორ იპოვა ოჯახის წევრების დანაწევრებული ცხედრები: „ვიპოვეთ დედაჩემის ნახევარი სხეული, ორი ფეხი, მკლავი და ერთი ტომარა დაგლეჯილი ხორცი. თამარაშენიდან წამოვიყვანე ეს ხალხი და გორში მომიკლეს. გული ძალიან მტკივა, მაგრამ რა ვქნა, მარტო მე ხომ არ ვარ ამ ტანჯვაში“.
 
დევნილი ე.ბ. სოფელ აჩაბეთიდანაა: „2008 წლის აგვისტოში სერიოზული სროლები მიდიოდა, ჩვენთან ხეობაში სროლები ნაკლებად იყო, უფრო ქართულ მხარეს იყო დარტყმები. 8 აგვისტოს უკვე შეუძლებელი გახდა იქ ყოფნა, უეცრად შემოვიდა რუსეთის ავიაცია. რაც კი რამე ვიწვალე და რაც კი რამე ვიშრომე, ყველაფერი იქ დარჩა, თითზე გადასახვევი არაფერი წამომიღია სახლიდან.კარგი სახლი, მანქანები, ნაკვეთები, დაახლოებით, ჰექტარ-ნახევარი ხეხილის ბაღი მქონდა. საქონელი მყავდა: წვრილფეხი, მსხვილფეხი“.

დევნილი ლ.შ.-ს ქმარი ომის დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში დისევში იმყოფებოდა, საქონელს პატრონობდა. „საქონელი მოჰპარეს და სახლის დასაწვავად მივიდნენ. მოატყუეს და უთხრეს, რომ სახლს გარიდებოდა. შორიდან უყურებდა, როგორ იწვოდა ჩვენი სახლი. ამ დამწვარ სახლში აგვისტოს ბოლომდე ცხოვრობდა. შემდეგ ჩვენს მეზობელს ე.ო.-ს მიადგნენ სახლის დასაწვავად, ის შეეწინაღმდეგა, უთხრა, რომ არ მისცემდა სახლის დაწვის უფლებას, თუმცა, იგი სახლის კართან მოკლეს და ისე წაუკიდეს ცეცხლი სახლს. არაფრის ეშინოდათ, ყველაფერი მიჰქონდათ“, - ამბობს დევნილი ქალბატონი.

ე.ო.-ს სახლის დაწვის დროს ადგილზე, სოფელ დისევში, იმყოფებოდა დევნილი გ.ო.: „პირველად ე.ო.-ს სახლი გადაწვეს. მან უთხრა, ჩემს სახლს არ დაგაწვევინებთო, მათ კი ავტომატი პირდაპირ შუბლში დაახალეს. ამის შემდეგ მეზობლებმა ჩუმად დაასაფლავს, იქვე, ბაღში“, - გვიყვება ე.ო. იგი პირდაპირი მოწმეა იმ დანაშაულებისა, რასაც დამნაშავეები აგვისტოს ომის დროს ჩადიოდნენ. 

„4-5 ადამიანი დადიოდა სახლების გადასაწვავად. ერთ დღეს, უკვე რომ რჩებოდნენ სახლების გადაწვას, ჩვენც მოგვადგნენ. სად უნდა წავიდე, ჩემს სახლში ვარ-მეთქი. ეს თქვენი სახლი აღარ არისო, მითხრეს. ავტომატის კონდახებითა და წიხლებით მცემეს და გონება დავკარგე. ჩემი მეუღლე ეხვეწებოდა, ექთანი ვარ, საავადმყოფოში მუშაობისას ბევრი ოსი მომირჩენიაო, მაგრამ მისი ხვეწნა არაფრად ჩააგდეს და მასაც ცემა დაუწყეს. არც დედაჩემის წარმომავლობა (იგი ოსი იყო) გაითვალისწინეს და შეურაცხყოფაც მომაყენეს. მე ცემას ვეღარ გავუძელი, წავიქეცი და გონება დავკარგე. შემდეგ სახლს ცეცხლი წაუკიდეს, ხის მასალით იყო სახლი აშენებული და უცბად დაიწვა. გონებაზე რომ მოვედი, ჩემი მეუღლე სახლთან ერთად დამწვარი დამხვდა. მიცვალებული სამი დღე გვერდით მყავდა. შემდეგ ხეობაში დარჩენილ მეზობლებს ვუთხარი და საფლავი გავთხარეთ. ვერც კუბოში ჩავასვენე, პირდაპირ ჩვენს ბაღში დავასაფლავე“, - გვიყვება დევნილი გ.ო.

ისტორიები დანაკარგის (ადამიანურისა თუ მატერიალურის) შესახებ მრავლადაა. ბევრი დევნილი უკვე აღარც ყვება საკუთარი გასაჭირის შესახებ, რადგან იმედი გადაწურული აქვთ. იმედი იმისა, რომ რაიმე შეიცვლება, ვიღაც დაისჯება, დანაკარგის კომპენსაცია მოხდება. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, თითოეული მათგანი მზადაა, ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

„2008 აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ მრავალ ადამიანს არ აქვს ოფიციალური დაზარალებულის სტატუსი. ადამიანის უფლებათა ცენტრი იურიდიულ დახმარებას უწევს და წარმოადგენს მათ ინტერესებს როგორც ადგილობრივ, ასევე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დონეზე. აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს ვიზიტებს დაზარალებულ მოსახლეობასთან, მათ შორის კომპაქტურ ჩასახლებებში. ამ ვიზიტების ფარგლებში, საშუალება გვეძლევა, ასევე, გავეცნოთ დაზარალებულთა სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს. უნდა აღინიშნოს, რომ ბერბუკის დასახლებაში არსებული საცხოვრებელი პირობები არის ძალიან მძიმე. გზები არის სრულიად მოუწესრიგებელი. შენობების კედლები და იატაკი დანესტილია, რაც ამ შენობებში მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყურადღება მიაქციოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული ადამიანების მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებს და იმუშაოს აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრაზე”, - აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის თანადირექტორი ნინო ცაგარეიშვილი.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იძიებს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოში სავარაუდოდ ჩადენილ ომისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს. სასამართლომ 2015 წლის ოქტომბერში დაასრულა წინასწარი მოკვლევის ეტაპი და, ამჟამად, საგამოძიებო ეტაპზეა გადასული. სასამართლო უახლოეს მომავალში გეგმავს რეგიონალური ოფისის გახსნას საქართველოში.

ახალი ამბები