კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები

6 მაისი, 2017
 ლანა გიორგიძე

ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან და მოელიან წლის მანძილზე მოკლებულ ზრუნვას, ყურადღებასა და შემწეობას. 

4 მაისს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე სოციოლოგიური კვლევის -  „თბილისში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა მდგომარეობა“ - შედეგების განხილვა გაიმართა. ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარის, თენგიზ შუბლაძის თქმით, კვლევის ჩატარების პროცესში ათეულობით ვეტერანი დაიღუპა და მათი რიცხვი ძალიან სწრაფად იკლებს ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.
დღეისათვის, თბილისში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 300 - მდე ვეტერანი ცხოვრობს:

ვაკე - 44
საბურთალო - 50 
მთაწმინდა - 21
კრწანისი - 9
ისანი - 43
სამგორი - 25
გლდანი - 23
ნაძალადევი - 26
დიდუბე- 27 
ჩუღურეთი - 30 

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირის მიერ გამოკითხულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა უმეტესობა მამაკაცია. თბილისში მცხოვრებ ვეტერანთა 25 % კი მარტოხელაა და მზრუნველობამოკლებული. მათი უმეტესობა ქრონიკულად ავადმყოფია და ყოველდღიურად საჭიროებს მომვლელსა და სპეციალურ მედიკამენტურ მკურნალობას, 16 კი - თავს ჯანმრთელად მიიჩნევს. ამ უკანასკნელ შეფასებას სააქტო დარბაზში შეკრებილ საზოგადოებაში ხმაური მოჰყვა: „ღმერთმა კარგად ამყოფოთ, თუ ეგრე ჰგონიათ,რომ ჯანმრთელები არიან, თუმცა ასეთ ყოფაში თავს როგორ უნდა გრძნობდე კარგად.“

შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევაზე. მიუხედავად იმისა, რომ ვეტერანები სპეციალური სამედიცინო სადაზღვევო პაკეტით 2013 წლის 15 ივლისიდან სარგებლობენ, ისინი არ არიან უზრუნველყოფილი მედიკამენტებით და მათი უმრავლესობა მომსახურებით უკმაყოფილოა. 

სოციოლოგიური კვლევის კითხვაზე, თუ რამდენად დაფასებული არიან ისინი სახელმწიფოს მხრიდან, ვეტერანების 80 %-მა  უპასუხა, რომ სახელმწიფო მათ ღვაწლს არ აფასებს.

სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირის წარმომადგენელი ტიტე ლეფსაია, რომელიც მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა უპატრონოს და სიცოცხლის დარჩენილი დღეები გაუხანგრძლივოს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს. 

„მთავრობას ვეტერანები მხოლოდ 9 მაისს ახსოვს. 2 წლის წინ სამამულო ომის მონაწილეებს 1000 ლარის ოდენობით თანხა გადასცეს, წელს კი, 600 ლარამდე ერთჯერად დახმარებას აიღებენ. თუმცა, ეს თანხა მიზერულია. წლების წინ მთავრობა, პარლამენტი და პრეზიდენტი ცალ-ცალკე ხვდებოდა ვეტერანებს და პატივს სცემდნენ მათ, წელს კი ყველას შევეხმიანეთ და მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოგვეხმიანენ. იქიდანაც გვითხრეს, რომ 150 კაცამდე სუფრას დააფინანსებდნენ, თუმცა, ვეტერანთა უმეტესობა გადაადგილებას ვერ ახერხებს“, - აღნიშნა ტიტე ლეფსაიამ.

ტიტე ლეფსაიას თქმით, მან მოიძია ინფორმაცია, თუ როგორ ეხმარება სახელმწიფო ვეტერანებს გერმანიაში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში და მიღებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს გარდა, ყველა ქვეყანა უზრუნველყოფს ვეტერანების ღირსეულ ცხოვრებას და არა სიკვდილამდე არსებობას. 

ომისა და სამხედრო ძალების მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი 2016 წლის ანგარიშში „ადამიანის უფლებები რეგიონებში“. ანგარიშის თანახმად, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების მძიმე მდგომარეობაში ყოფნის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს საკანონმდებლო ხარვეზი წარმოადგენს. კანონმდებლობის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს აღარ აქვს ვალდებულება, რომ იზრუნოს ვეტერანთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ახლა ეს ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ვალდებულებაა, რომელსაც მის შესასრულებლად შესაბამისი რესურსი არ აქვს. 

როდესაც საქმე ფინანსურ რესურსებზე მიდის, მაშინ 90 წელს გადაშორებული ვეტერანებიც თანხმდებიან, რომ სახელმწიფოს ნება რომ იყოს, ხელფასებსა და დანამატებში ასობით ლარს არ გამოიწერდნენ და დაეხმარებოდნენ მათ, ვინც მძიმე და გამოუვალ მდგომარეობაში ცხოვრობს.  შეხვედრაზე საკანონმდებლო ცვლილებებზეც ისაუბრეს, თუმცა ყველა უიმედოდ იყო განწყობილი, რადგან ეს პროცესი თვეები და წლები გაგრძელდება, მანამდე კი, შესაძლოა, არც გახდეს საჭირო ცვლილებების მიღება, რადგან ასაკოვანი, მძიმედდაავადებული ვეტერანები სიცოცხლის ბოლო წლებს ითვლიან. 

სიცოცხლეში უყურადღებობას თუ განიცდიან, საქართველოს კანონი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ სიკვდილის შემდეგ მზრუნველობის იმედს უტოვებს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს. 

მუხლი 18. სახელმწფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ვეტერანების სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ვეტერანების, რომლებსაც მინიჭებული აქვთ საბჭოთა კავშირის გმირის საპატიო წოდება ან იტალიის და იუგოსლავიის განთავისუფლებისათვის ამ სახელმწიფოთა ეროვნული გმირის წოდება, ან რომლებიც დაჯილდოებულნი არიან საბჭოთა კავშირის სამივე ხარისხის დიდების ორდენით, საქართველოს დავით აღმაშენებლის ორდენით და ვახტანგ გორგასლის სამივე ხარისხის ორდენით, ამ კანონით დადგენილი სოციალური დაცვის ღონისძიებათა გარდა დამატებით უწესდებათ:

ა) გარდაცვალების შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით ქუჩის, სკოლის, მოედნისათვის მათი სახელის მინიჭება და დაკრძალვის ადგილას საქართველოს  კანონმდებლობით დადგენილი ნიმუშის მიხედვით გარდაცვლილის ბიუსტის დადგმა სახელმწიფოს ხარჯზე;
ბ) ოჯახისათვის (მშობლები, მეუღლე, შვილები) ერთდროული ფულადი დახმარების გაცემა 20 მინიმალური პენსიის (ხელფასის) ოდენობით.
მუხლი 21. სარიტუალო სამსახურის გაწევა  დაღუპული (გარდაცვლილი) მეორე მსოფლიო ომის ინვალიდების ან მონაწილების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანების, სამხედრო სამსახურის ვეტერანების დაკრძალვა ხდება დაღუპულის (გარდაცვლილის) ნათესავების სურვილით შერჩეულ ადგილებში (სამხედრო მოსამსახურეების –  სამხედრო პატივის მიგებით).
3. უმუშევარი ვეტერანის დაკრძალვა და საფლავის მოწყობა ხდება იმ ორგანოების ხარჯზე, რომლებიც მას პენსიით უზრუნველყოფენ. თუ დაღუპული (გარდაცვლილი) ვეტერანის დაკრძალვის ორგანიზაცას დაღუპულის (გარდაცვლილის) ოჯახის წევრები ან სხვა მოქალაქეები იკისრებენ, მათ ეძლევათ ფულადი დახმარება დაკრძალვისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ბედს შეგუებული ვეტერანები კვლავ აგრძელებენ სიცოცხლეს მძიმე პირობებში, იმედით - მათ სიკვდილის შემდეგ მაინც დააფასებენ. სიცოცხლეში კი ბევრ ქებას და პატივს რომ არ ეწყინა მათთვის, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, რომელთა შორის ჩემი ოჯახის წევრიც იყო, მხოლოდ ყვავილები და წიგნი გია ხოფერიას „აიმანო“ აჩუქეს, რომელიც მხოლოდ ავტორსა და დაუზარელ ვეტერანებს თუ ექნებათ წაკითხული. ეს წლების წინ იყო, ახლა კი, 600 ლარიანი დახმარების იმედით, 9 მაისს კვლავ შეიკრიბებიან გამარჯვების პარკში, თბილი სიტყვებითა და ცრემლმორეული თვალებით კვლავ მიულოცავენ გამარჯვებას ვეტერანებს და შემდეგ 1 წლიან ბურუსში გაეხვევა მათი არსებობა. 9 მაისს კი მანამ აღნიშნავენ, სანამ თითზე ჩამოსათვლელი ვეტერანი მაინც ეყოლებათ, შემდეგ კი მოიფიქრებენ, როგორ გააგრძელონ ცხოვრება მივიწყებული ვეტერანების გარეშე. 
 

ახალი ამბები