კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის საქალაქო სასამართლო წამების მსხვერპლის ზიანის ანაზღაურების საქმის განხილვას აჭიანურებს

19 ნოემბერი, 2017
 
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში განიხილება პენიტენციური დაწესებულების თანმშრომელთა მხრიდან განხორციელებული წამების შედეგად დაზარალებულის, გ.ჯ.-ის საქმე, წამების შედეგად მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მოპასუხე მხარეს წარმოადგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში გ. ჯ.-ს საქმეზე პირველი მოსამზადებელი სხდომა ჩატარდა 2016 წლის 2 თებერვალს. მას შემდეგ წამების მსხვერპლი უშედეგოდ ელოდება მოსამართლისგან  მორიგი მოსამზადებელი სხდომის დანიშვნას. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა არაერთხელ მიმართა სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს, რომ გაჭიანურებულ საქმეზე მოეხდინათ რეაგირება და საქმის განმხილველი მოსამართლე ჩამოეცილებინათ გ. ჯ.-ს საქმისთვის, მაგრამ არც ერთ მიმართვას შედეგი არ მოყოლია. 
 
საქმის უსაფუძვლო გაჭიანურებისა და მოსამართლის მოვალეობის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების მითითებით, ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2017 წ. 10 აპრილს საჩივარი შეიტანა საქართველოს იუსტიციის საბჭოში გ. ჯ.-ს საქმის განხილველი მოსამართლის წინააღმდეგ და მოითხოვა მისთვის დისციპლინური პასუხისგებლობის დაკისრება, რასაც საბჭოს მხრიდან ასევე არ მოჰყოლია რეაგირება.  

ადამიანის უფლებათა ცენტრი არაერთ იდენტურ საქმეზე ახორციელებს წარმომადგენლობას სასამართლოში და ორგანიზაციის წარმოებაში არსებული რამდენიმე საქმე განიხილა კიდეც გ. ჯ.-ს საქმის განმხილველმა მოსამართლემ. თანაც, ეს საქმეები მოსამართლემ წარმოებაში მიიღო და დაასრულა მას შემდეგ, რაც დაზარალებული გ.ჯ. ელოდებოდა მოსამზადებელი სხდომის ჩანიშვნას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი გამოხატავს შეშფოთებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაუმართლებლად ჭიანურდება პენიტენციური დაწესებულების თანმშრომელთა მხრიდან წამების შედეგად დაზარალებულის საჩივრის არსებითი განხილვა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომ ეფექტიანი და სამართლიანი მართლმსაჯულების ფარგლებში, გონივრულ ვადებში განიხილოს წამების მსხვერპლის საჩივარი.

2013 წლის 7 აგვისტოს გ.ჯ.-ს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან სისტემატიურად განხორციელებული ცემა-წამების ფაქტზე. სასამართლოს მიერ მიღებული კანონიერ ძალაში შესული განაჩენის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლები ცნობილნი არიან დამნაშავედ მსჯავრდებულ გ.ჯ.-ის მიმართ განხორციელებულ წამებაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები