13:34, Thursday, 16.08.2018
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

'სამართლიან გადაწყვეტილებას არ უნდა ველოდოთ'

08.01.2018

 ხაიალ აზიზოვი, მედიის ინსტიტუტი

ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით აზერბაიჯანის ქალაქ ბელაქანის რაიონულ სასამართლოში პროცესები იმართება. შემდეგი სხდომა კი 12 იანვარსაა ჩანიშნული. 

5 იანვარს გამართულ სასამართლო პროცესზე ის პირველად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც მისი და, მცირეწლოვანი დისშვილი და ძმისშვილი 31 დეკემბერს გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალნენ. აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებითაც გამოძიება მიმდინარეობს.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, მუხთარლის ადვოკატმა ნემატ ქამირლიმ სთხოვა სასამართლოს, რომ მომხდარი ტრაგედიის გათვალისწინებით, მუხთარლის პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალათ. თუმცა სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მუხთარლი არც დაკრძალვაზე დასასწრებად გაუშვეს.

შინაპატიმრობას ითხოვდა მუხთარლის ადვოკატი 30 ნოემბერს გამართულ სასამართლო პროცესზეც, თუმცა აღნიშნული შუამდგომლობა არც მაშინ დააკმაყოფილა მოსამართლემ.

30 ნოემბერს გამართულ სხდომაზე ადვოკატმა ელჩინ სადიგოვმა მუხთარლის შესახებ აღკვეთის ღონისძიების შესაცვლელად ექსპერტიზის განმეორებით ჩატარება მოითხოვა იმ თანხასთან დაკავშირებით, რომლის საზღვარზე შეტანას ედავება გამოძიება აფგან მუხთარლის. ამასთან, ადვოკატმა სასამართლოში დააყენა შუამდგომლობა, ამოეღოთ ვიდეოჩანაწერები საბაჟო გამშვები პუნქტიდან. ასევე, ელჩინ სადიგოვმა დააყენა შუამდგომლობა, რომ სასამართლოს დაუშვებელ მტკიცებულებად ეცნო ბრალდების მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები.

„ჩვენთვის მისაღებია კანონით გათვალისწინებული ყველა აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, გარდა პატიმრობისა. ამასთან, არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ აფგან მუხთარლი მიიმალება, მოწმეებზე მოახდენს ზეწოლას ან მტკიცებულებებს გააყალბებს“, - აღნიშნა ელჩინ სადიგოვმა.

ადვოკატის თქმით, თუ ხელახლა ჩატარდება ექსპერტიზა, თანხაზე საბაჟო ოფიცრების თითის ანაბეჭდები აღმოჩნდება.

„აფგანს საზღვარი უკანონოდ არ გადაუკვეთავს, იგი საქართველოდან გაიტაცეს. მოგვიანებით იგი სამხედრო ნაწილში მიიყვანეს, სადაც, გარკვეული პერიოდი, დაკავებული იყო. ჩვენ ვითხოვდით, კამერების ჩანაწერების ამოღებას, თუმცა გამომძიებელმა განაცხადა, რომ სამხედრო ნაწილში კამერები არ არის დამონტაჟებული. მოვითხოვთ, იქაურობა დაათვალიერონ და ვნახოთ არის თუ არა კამერები“, - განაცხადა სადიგოვმა.

პროკურორმა გურბან მამადოვმა ადვოკატის მიერ დაყენებული შუამდგომლობები უსაფუძვლოდ მიიჩნია და სასამართლოს მოსთხოვა, არ დაეკმაყოფილებინა ისინი. პროკურორის გამოსვლისას აფგან მუხთარლიმ დაიწყო საუბარი, აღნიშნული ქმედება კი მოსამართლემ უპატივცემულობად მიიჩნია.

„მე რასაც ვაკეთებ უპატივცემულობა არ არის, უპატივცემულობა არის ის, რომ საქმეს არ გასცნობიხარ, აქ მოსულხარ და ტყუილებს ამბობ“, - განაცხადა სასამართლო სხდომაზე აფგან მუხთარლიმ.

14 დეკემბერს, ბელაქანის რაიონულ სასამართლოში, მოსამართლე ჰუმბათ სალიმოვის თავმჯდომარეობით, ჟურნალისტ აფგან მუხთარლის სასამართლო პროცესი გაგრძელდა. სასამართლო სხდომის დარბაზში შესვლის უფლება არ მიეცათ ჟურნალისტებს, რომლებიც პროცესის გასაშუქებლად იყვნენ მისულები. მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ ეს არის სასამართლოს საჯაროობის დარღვევა, პროტესტის გათვალისწინება არ მოხდა.  

ადვოკატებმა ასევე დააყენეს შუამდგომლობა, რომ აფგან მუხთარლი რკინის გისოსებიდან გამოეყვანათ და სასამართლო პროცესზე ადვოკატის გვერდით დაესვათ, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობაც არ დააკმაყოფილა. 

ადვოკატმა ნემათ ქარიმლიმ სასამართლო დარბაზში პოლიციის თანამშორმლების მონაწილეობის გამო პროტესტი გამოთქვა. ქარიმლის თქმით, სასამართლო პროცესის წარმართვა პოლიციელების ზედამხედველობის ქვეშ არის ზეწოლა, რის გამოც სამართალდამცავებს უნდა დაეტოვებინათ სასამართლო სხდომის დარბაზი. აღნიშნულს მოსამართლე არ დასთანხმდა. 

ადვოკატის შუამდგომლობა, რომელიც მოსამართლემ დააკმაყოფილა შეეხებოდა აფგან მუხთარლის უდანაშაულობის პრეზუმფციასთან დაკავშირებით არსებული დოკუმენტების საქმეში დამატებას. 

პროცესზე აფგან მუხთარლიმაც მისცა ჩვენება და განაცხადა, რომ იგი საქართველოდან გაიტაცეს და ისე ჩაიყვანეს აზერბაიჯანში.

„მე იმიტომ დამაპატიმრეს, რომ პრეზიდენტის ოჯახის ბიზნესის შესახებ დავწერე. ჩემი დაპატიმრების ბრძანება პირდაპირ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გასცა“, - აღნიშნა ბრალდებულმა.

ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე მისი გატაცების დღე გაიხსენა და აღნიშნა, რომ იგი გატაცებისას აწამეს.

„ავტომობილში ცემით ჩამსვეს. ქალაქიდან რომ გავედით თავზე ტომარა ჩამომაცვეს, რამდენიმე ხნის შემდეგ მომაძვრეს. ვიფიქრე, მომკლავდნენ. მაშინ გამახსენდა რაფიგ თაღი. ამიტომ ვთხოვე მათ, რომ ტყვიით მოვეკალი და არა - დანით. მათ მიპასუხეს, რომ არაფერს დამიშავებდნენ, შემდეგ ისევ ჩამომაცვეს ტომარა და პირი ამიკრეს. ცოტა ხნის შემდეგ ავტომობილი შეცვალეს და მასში ჩართული აზერბაიჯანული სიმღერით მივხვდი, რომ აზერბაიჯანში ვიყავი. ავტომობილში მყოფთაგან ერთ-ერთმა დარეკა მობილური ტელეფონით და თქვა: „ბატონო გენერალო, მოლა მოვიყვანეთ, გლოვის ადგილზე მოვდივართ“. მალე სადღაც მივედით, ტომარა მომხსნეს და მივხვდი,რომ სამხედრო ნაწილში ვიყავი, იქიდან კი ბაქოში წამიყვანეს“, - განაცხადა აფგან მუხთარლიმ.

 სასამართლო პროცესზე დაიკითხა 4 მოწმე და ერთი დაზარალებული. ადვოკატ სადიგოვის თქმით, მათი განსხვავებული ჩვენებები კიდევ უფრო ცხადყოფს, რომ მუხთარლის ცრუ ბრალდება წაუყენეს. 

აფგან მუხთარლის კიდევ ერთი ადვოკატი  საქართველოში ჰყავს, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციის, კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტი, არჩილ ჩოფიკაშვილი. 

„სამწუხაროდ, სასამართლო პროცესებს ვერ ვესწრები და სრულად არ ვარ ინფორმირებული პროცესის შესახებ, თუმცა ცხადია, რომ არ ადასტურებენ აფგანის საქართველოდან მოტაცების ფაქტს, რაც დიდი პრობლემაა“, -აღნინა ჩოფიკაშვილმა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სასამართლო სხდომებს მუდმივად ესწრება თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენელი, რუსუდან მჭედლიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას არ უნდა ელოდონ ბრალებული და მისი უფლებადამცველები.

„პროცესზე ჟურნალისტებს არ უშვებდნენ და მათთან ერთად არც მე მიშვებდნენ, თუმცა, რომ გაიგეს, რომ ჟურნალისტი არ ვიყავი, დარბაზში შემიშვეს. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მოსამართლე პროკურორის ადვოკატი იყო და ისინი ერთად მოქმედებდნენ ბრალდებულის წინააღმდეგ“, - აღნიშნა რუსუდან მჭედლიშვილმა.

აზერბაიჯანის მთავრობა ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევასა და ძალის გამოყენებაში ადანაშაულებს. გარდა ამისა, მის წინააღმდეგ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის გადატანის ბრალდებით არის საქმე აღძრული. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები აფგან მუხთარლის პოლიტიკურ პატიმრად ცნობენ.

სტატია მომზადებულია 'მედიის ინსტიტუტის" მიერ, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა, არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ემხრობით თუ არა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას?
კი არა არ ვიცი

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2018 HRIDC