კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკანონმდებლო წინადადება არასრულწლოვანი პირების საკუთრების დაცვის შესახებ

17 თებერვალი, 2018
 
5 იანვარს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაევალა განიხილოს ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“.

ორგანიზაციის მიერ, საკანონმდებლო ორგანოსთვის წარდგენილი ცვლილება ეხება არასრულწლოვანი პირის ქონების დაცვას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, არასრულწლოვანმა პირმა შესაძლებელია სხვადასხვა გზით მიიღოს ქონება: ჩუქებით, მემკვიდრეობის მიღებით და ა.შ. აღნიშნული ქონება შეიძლება იყოს მოძრავი ან უძრავი ნივთის სახით. უძრავი ნივთის შეძენის შემთხვევაში არასრულწლოვანი ხდება ამ ქონების კანონიერი მესაკუთრე და იგი საჯარო რეესტრში რეგისტრირდება როგორც უძრავი ქონების მესაკუთრე.  უძრავ ქონებასთან ერთად ან/და ცალკე, პირადი ქონების სახით, ზემოაღნიშნული საფუძვლებით, არასრულწლოვანმა შეიძლება, შეიძინოს ძვირადღირებული მოძრავი ნივთები, რომლის შეუზღუდავად განკარგვის უფლება მშობელს არ უნდა ჰქონდეს. 

შეთავაზებული ცვლილების მიზანს წარმოადგენს ბავშვის საკუთრების უფლების დაცვა. დღესდღეობით ერთ-ერთ  მშობელსაც კი შეუძლია, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, გაასხვისოს, იპოთეკით დატვირთოს ან/და ნებისმიერი ფორმით განკარგოს თავისი არასრულწლოვანი შვილის ქონება. სამოქალაქო კოდექსში აღნიშნული ცვლილების შეტანა იქნება უფრო მეტი გარანტია იმისა, რომ არასრულწლოვანი პირის საკუთრების უფლება იყოს დაცული.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლი აწესებს მშობელთა მოვალეობებს შვილების მიმართ. მოცემული მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას. ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ საჭიროა არსებობდეს მშობლისთვის ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედების შემზღუდავი ნორმები. ასევე, საჭიროა ინსტიტუციური მოწესრიგებაც, კერძოდ, მაკონტროლებელი მექანიზმის - სუბიექტისა და პროცედურის განსაზღვრა, თუ რომელი ორგანოს და რა წესის მიხედვით უნდა მოხდეს მესამე პირებთან დადებული გარიგების შესაბამისობის დადგენა ბავშვის ინტერესებთან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში  შესატანი ცვლილების ფორმულირება: მშობელს ეკრძალება, გააჩუქოს ან სხვაგვარად განკარგოს არასრულწლოვანი შვილის პირადი ქონება,  გარდა  იმ შემთხვევისა როცა ეს გამოწვეულია ბავშვის აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე და ემსახურება ბავშვის ინტერესს.  ასეთ შემთხვევაში კი საჭიროა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წინასწარი თანხმობა.

ახალი ამბები