კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

' მოსახლეობა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს ტოვებს'

23 მაისი, 2018
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი                                                                                            
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დარჩენილი მძიმე მემკვიდრეობა 10 წლის შემდეგ კვლავ აქტუალურია. ათასობით დევნილი და ოკუპირებული ტერიტორიები უცვლელი მოცემულობაა. ერთადერთი რაც იცვლება, ეს მცოცავი ოკუპაციაა მავთულ-ხლართების სახით, რომელიც მძიმე მემკვიდრეობასთან ერთად ყოველდღიურობაც გახდა. 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში რამდენიმე ადგილზე აღმართულია ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის” საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები. საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ სალოცავებს მოსახლეობა ყურადღებას მაინც აქცევს.    ოკუპანტის დღის წესრიგს ყველაზე ხშირად ადგილობრივები რელიგიურ დღესასწაულებზე  არღვევენ, არაკონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილ სალოცავებში გადადიან, სანთელს ანთებენ, მოილოცავენ და უკან ბრუნდებიან, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როდესაც სალოცავად ასულებს რუსი სამხედროები აკავებენ, ცხინვალის იზოლატორში გადაჰყავთ და ე.წ. „საზღვრის“ გადაკვეთის ბრალდებით გასამართლებისა და ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ. 

სოფელ ბერშუეთსა და წინაგარას შორის, დღესდღეობით, სადემარკაციო ხაზი გადის. მავთულხლართებს ზოლად ხნულები და ხნულზე ამოსული ყვითელი ყვავილები გასდევს. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი გვეუბნება, რუსული სამხედრო ბაზა  იმ სტადიონზე ააშენეს, სადაც ომამდე არაერთი ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გამართულა ბერშუეთელებსა და წინაგარში მცხოვრებ ეთნიკურად ოსებს შორის. 

ამ ისტორიებს ადგილობრივები ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის უფროს მრჩეველს, ოგე ბორჩგრევინკს, უყვებოდნენ​, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის თავზე არსებული მდგომარეობით დაინტერესდა და შიდა ქართლის რეგიონში ის ადგილები მოინახულა, სადაც საოკუპაციო ხაზი გადის. 

,,ჩემთვის საინტერესოა, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი ამ სოფელში და ასევე დავინტერესდი თუ როგორ იწევს ე.წ. „საზღვარი“, რასაც სულ მცირე ორი პრობლემა მოჰყვება: პირველი -  ცხადად ჩანს, რომ ადამიანები კარგავენ საკუთარ მიწას, მეორე პრობლემა არის ის, რომ არ არის გარკვეული თუ სად გადის ე.წ. „საზღვარი“ და ამის გამო ადამიანებს აკავებენ, იტაცებენ და მიჰყავთ ცხინვალში, სადაც წინასწარი დაკავების იზოლატორში ამყოფებენ და შემდეგ მათ თავისუფლების სანაცვლოდ თანხის გადახდა უწევთ. მე აქ ვიმყოფებოდი 2008 წელს და დღემდე პრობლემებია ადამიანების უსაფრთხოების დაცვის კუთხით. ჩვენ   შევხდით ადამიანებს, რომლებიც ამ პრობლემაზე საუბრობენ ისე, რომ თითქოს ეს ნორმალურია და რაც არ არის კარგი", - განაცხადა ბორჩგრევინკმა, რომელიც საქართველოში 2008 წლის ომიდან რამდენიმე დღეში ჩამოვიდა საქართველოში, 10 წლის წინ და რუსული ინტერვენციის შედეგებსა და ომის ქრონიკებს დაზარალებული მოსახლეობისგან ეცნობოდა.  
 
ოგე ბორჩგრევინკის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მეგზურობას საქართველოში პარტნიორი ორგანიზაციის, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები უწევდნენ, რომლებიც დეტალურ ინფორმაციას აწვდიდნენ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი უჩა ნანუაშვილი, რომელიც 2012-2017 წწ. საქართველოს სახალხო დამცველი იყო, ამბობს, რომ საოკუპაციო ხაზთან მაცხოვრებლებს უსაფრთხოების ზომების არარსებობასთან ერთად სოციალური პრობლემები აწუხებთ, რაც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მიგრაციის მიზეზი გახდა. 

„პრობლემები კვლავ გრძელდება. მოსახლეობას უსაფრთხოების დაცვის საკითხთან ერთად სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები აქვს. სასმელი და სარწყავი წყლის არარსებობა იძულებულს ხდის მოსახლეობას, დატოვოს სოფლები. ბევრი ოჯახი წავიდა სოფლიდან, ეს კი დიდი პრობლემაა და ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს“, - აღნიშნა ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა, უჩა ნანუაშვილმა. 

Humanrights.ge დაინტერესდა, გაითვალისწინა თუ არა ხელისუფლებამ ის რეკომენდაციები, რომლებიც ყოფილ სახალხო დამცველს ჰქონდა ოკუპირებულ ტერიტორიებთან და მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობასთან დაკავშირებით. 
„არის საკითხები, რომლებიც გაითვალისწინა ხელისუფლებამ, თუმცა ვფიქრობ, რომ რეკომენდაციები ნაწილობრივ შესრულდა. გარკვეულ სოფლებში შეიცვალა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, თუმცა დასახლებულ პუნქტთა უმეტესობაში პრობლემები კვლავ არსებობს“, - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

მისივე განცხადებით, არსებულ სოციალურ ფონს ის გარემოებაც ამძიმებს, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ადამიანებს კვლავ აკავებენ. მიუხედავად იმისა, რომ მისი როგორც სახალხო დამცველის  არაერთი ანგარიში ყოფილა და საერთაშორისო ორგანიზაციებიც აყენებდნენ საკითხს, გატაცებები კვლავ გრძელდება და მთლიანად მდგომარეობა საგანგაშოა.

ახალი ამბები