კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაუსაბუთებელი უარი პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების თაობაზე

3 ივლისი, 2018
 ნათია გოგოლაშვილი

მსჯავრდებული ზ.ჯ. უკვე 7 წელია, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის სასჯელს იხდის. მას ცხრა წელი აქვს მისჯილი. მან გასულ წელს, 2017 წლის დეკემბერში, პირველად მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების თაობაზე. საბჭომ, მიუხედავად კარგი დახასიათებისა, ზ.ჯ.-ს  პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებაზე უარი უთხრა. 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ: 

„ვინაიდან, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების მიზნებისთვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს სწორედ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის და დანაშაულების ხასიათი, ასევე ის, თუ რა გარემოებებში იქნა ეს დანაშაული ჩადენილი; ამასთანავე, მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში და მისი დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულთან, საბჭომ ამ ეტაპზე მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმების თანმხლებ ნეგატიურ მოსაზრებებს ვერ გააბათილებს და ვერ გადაწონის სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებს“, - წერია საბჭოს გადაწყვეტილებაში.

უარის მიუხედავად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო საკუთარ გადაწყვეტილებაში მსჯავრდებულ ზ. ჯ.-ს დადებითად ახასიათებს:

„მსჯავრდებული უმაღლესი განათლების მქონეა. დაოჯახებულია. ოჯახის წევრების მიმართ ავლენს დადებით დამოკიდებულებას. აქვს მუშაობის გამოცდილება. ემოციური აგრესია არ ვლინდება. გამოირჩევა ორგანიზატორული თვისებით, გამოხატულია თვითგანვითარების ტენდენცია, მუშაობს საკუთარ თავზე და რესურსების განვითარება-რეალიზებაზე. მსჯავრდებული მოტივირებულია ცვლილებებისკენ. გათავისუფლების შემთხვევაში აპირებს დასაქმებას. მსჯავრდებული დაწესებულებაში ყოფნის დროს მონაწილეობას იღებს ყველა სახის - სოციალურ აქტივობაში. საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამებში, კულტურულ თუ სპორტულ ღონისძიებებში. მონაწილეობდა ინტელექტუალურ თამაშებში. წარმატებით გაიარა №12 დაწესებულებაში განხორციელებული ფსიქო-სოციალური პროგრამები. მსჯავრდებული ხშირ ვიზიტებს ახორციელებს დაწესებულების ბიბლიოთეკაში, უყვარს კითხვა. დადის №12 დაწესებულებაში არსებულ „წმინდა გიორგის“-ს სახელობის ეკლესიაში,, ესწრება წირვა-ლოცვებს, არის მთავარი მედავითნე.  დაწესებულების ადმინისტრაციისა და სხვა მსჯავრდებულთა მიმართებაში არის თავაზიანი, არ არის კონფლიქტური და აგრესიული“, - ვკითხულობთ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებაში.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ეკა ქობესაშვილის თქმით, კომისიის დაუსაბუთებელი უარი და დამკვიდრებული პრაქტიკა გვხვდება უმრავლეს შემთხვევაში. იურისტის განცხადებით, ამგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება კანონს. 

სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებული შეიძლება, გათავისუფლდეს პირობით ვადამდე, თუ მან უკვე, ფაქტობრივად, მოიხადა კანონით განსაზღვრული ვადა, კერძოდ: ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის არანაკლებ ნახევარი, მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის არანაკლებ ორი მესამედი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი. 

ეკა ქობესაშვილის თქმით, კანონის შესაბამისად, საბჭომ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იმოქმედოს კომპლექსურად და მსჯავრდებულს პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი არ უნდა უთხრას მხოლოდ და მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ იგი მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. 

„საბჭომ თავის უარში უნდა დაასაბუთოს უარის თქმის საფუძვლები. თუკი კანონი უწესებს მსჯავრდებულს შეღავათს და აწესებს წახალისების სახით პირობით ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობას, მაშინ საბჭო, თავისი დაუსაბუთებელი უარით, არ უნდა უზღუდავდეს კანონის მიერ დაწესებულ შეღავათს. პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების ერთ-ერთი მიზანია, რომ მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში იქცეოდეს დადებითად, ემორჩილებოდეს დაწესებულების რეჟიმსა და დღის განრიგს, ასევე არ ჰქონდეს კონფლიქტური ურთიერთობები დაწესებულების თანამშრომლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან. თუკი მსჯავრდებულებს წინასწარ ექნებათ იმის განცდა, რომ მათი დადებითი ყოფაქცევისა და ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილების მიუხედავად, მათ მაინც უარი ეთქმევათ უდოზე, რადგან ისინი სასჯელს იხდიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის, მათ დაეკარგებათ მოტივაცია სასჯელის მოხდის პერიოდში ხასიათდებოდნენ დადებითად“, - განაცხადა ეკა ქობესაშვილმა.

უფლებადამცველის შეფასებით, აღნიშნული პრაქტიკა, ასევე, ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლს, რომლის თანახმადაც, სასჯელის მიზანი სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაციაა.

ახალი ამბები